"ვალენსია" VS პარეხო: მწვრთნელმა ექსკაპიტანს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა

AutoSharing Option
"ვალენსიის" ექსკაპიტან დანი პარეხოს სულ უფრო უფუჭდება ურთიერთობა კლუბთან. როგორც ჩანს, ამ ნახევარმცველს "ღამურებში" მომავალი აღარ აქვს.

27 წლის პარეხო "რეალის" აღზრდილია, თუმცა მან ამ კლუბში მხოლოდ 5 თამაში ითამაშა პრიმერაში. 2011 წელს პარეხო "ვალენსიამ" "ხეტაფესგან" 6 მილიონ ევროდ იყიდა.

მან "ღამურების" რიგებში გაამართლა და გუნდის "ათიანადაც" იქცა. გასულ სეზონში გარი ნევილმა გუნდიც მოშალა და პარეხოსაც აურია კარიერა, მარტში მან დემონსტრაციულად ჩამოართვა კაპიტნობა პარეხოს და პაკო ალკასერს გადასცა. თან, ინგლისელმა განაცხადა, აბა, ერთი რამე თქვას პარეხომ, გუნდიდან გავაგდებო.

ზაფხულში მისით
"სევილია" დაინტერესდა და პარეხოც ამის მერე ცოტა უცნაურად იქცევა. "ვალენსიაში" უკვე ფიქრობენ, რომ ნახევარმცველი ამას განზრახ აკეთებს - სპეციალურად არ ინდომებს.

მოთმინებადაკარგულმა მწვრთნელმა პაკო აიესტერანმა პარეხო პირველი გუნდის ვარჯიშებს ჩამოაცილა. "ვალენსიაში" ფიქრობენ, რომ "სევილიის" მიერ შემოთავაზებული თანხა არ არის საკმარისი, რომ ნახევარმცველი უშუალო კონკურენტის რიგებში გაუშვან. ესპანური მედიის ცნობით, პარეხოს სანაცვლოდ "სევილია" 10 მილიონ ევროს იხდის.

პარეხო სასტიკად გაკიცხა კლუბის ლეგენდა სანტიაგო კანისარესმა. "მას, ალბათ, ძალიან გაუჭირდება "ვალენსიის" მაისურის ჩაცმა. ახლა ველი კლუბის გადაწყვეტილებას, პარეხოს ალბათ იძულებითი უქმობა მოუწევს. უკეთესი იქნება მისი ტრანსფერზე დაყენება და შემცვლელის პოვნა, მაგრამ ეს არ არის ადვილი", - განაცხადა 46 წლის ყოფილმა გოლკიპერმა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მარტო ფეხბურთელს არ ადანაშაულებს, როცა მოთამაშეებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი, ესე იგი, კლუბი უკვე აღარ არის მათთვის მიმზიდველი, ეს კი ძალიან ცუდიაო.

მოკლედ, "ვალენსიაში" სიტუაციის დასტაბილურებას არა და არ დაადგა საშველი. გუნდი ვარსკვლავებს კარგავს და სხვაგან დაწუნებული ფეხბურთელებით აპირებს ფონს გასვლას. ამის ნათელი მაგალითი მარტინ მონტოიას დამატებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული