პეპი: ისინი თავის წონა ოქროდ ფასობენ

AutoSharing Option
რა მისცა პრიმერას 24-ე ტურმა ფეხბურთის მოყვარულებს? ერთი ძალიან მაგარი მატჩი და ამ მატჩში საფეხბურთო გენიის ერთი ძალიან მაგარი გაელვება, მეკარის ფანტასტიკური გოლი მატჩის მიწურულს და რამდენიმე მოულოდნელობა. ვფიქრობთ, ერთი ჩვეულებრივი ტურისთვის არცთუ ცოტაა. "ბარსელონამ", ამჯერად, შეინარჩუნა 5-ქულიანი უპირატესობა. სამაგიეროდ, ორივე გრანდი კიდევ უფრო დაშორდა მდევრებს... არა, ასე - "მდევრებს".


ლეო, შე გმირო!
ბევრი იბრძოლა, თუ ცოტა (უფრო კი ბევრი) ბილბაოს "ატლეტიკმა", საბოლოოდ ის "კამპ ნოუზე" მაინც დამარცხდა. ბასკებს, ამდენი ჯაფა წყალში ჩაუყარა პატარა, მაგრამ ჯადოქარმა არგენტინელმა ლეო მესიმ, რომელმაც
77-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა სტუმართა კარში. ხანდახან იფიქრებ კაცი, ხომ არ სჯობს ამდენ წვალებას, ოფლისღვრას, ტანჯვას ეგრევე დანებდე, გაუშვა გოლი და "ბარსელონას" თამაშით მაყურებელთან ერთად შენც ისიამოვნო? შედეგი ხომ ბოლოს ყოველთვის (თითქმის) ერთნაირია - ჩემპიონი გამარჯვებული ტოვებს მინდორს. თუმცა ბილბაოელებს საამაყოდ ექნებათ, რომ ლიდერს ამ სეზონში ყველაზე დიდი ჯაფა მათ დააყენეს მისსავე მოედანზე, გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე "ერკულესმა", რომელმაც ერთადერთმა შეძლო "კამპ ნოუზე" მოგება, მაგრამ მაშინ ხომ "ბარსელონა" თავის თავს არ ჰგავდა.

თამაში კი მაგარი გამოდგა, მაგრამ დიდწილად ეს ხოაკინ კაპაროსის გუნდის სუპერმოტივაციის დამსახურებაა, ბასკებმა თავდადებით იბრძოლეს მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდე. "ბარსამ" კი მოიგო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველამ კარგად ითამაშა - თუკი კარში ხოსე პინტო, რომელიც ტრავმირებულ ვიქტორ ვალდესს ცვლიდა, საიმედო იყო, თუკი ანდრეს ინიესტა ციბრუტივით ტრიალებდა შუახაზში, მესი ჯადოქრობდა, ხოლო დავიდ ვილია ძალზე სახიფათოდ უტევდა სტუმართა კარს, ორი საგოლე პასი მიითვალა დანი ალვეშმა, ვიტყვით, რომ თამაში ჩააგდო ჟერარდ პიკემ, რომელსაც, ვისაც არ დაეზარა, ყველამ მოუგო ორთაბრძოლა, სუსტი იყო დაცვის ცენტრში გადაყვანილი სერხიო ბუსკეტსი (პენალტი "აიკიდა"), აგრეთვე მის ნაცვლად მოთამაშე ხავიერ მასკერანო, პედროც სათანადოდ ვერ ეხმარებოდა მესისა და ვილიას.

ეს თამაში მე-100 იყო "ბარსას" თავკაცისთვის ლა ლიგაში, ფეხბურთელებმაც ხოსეპ გვარდიოლას იუბილე არ ჩაუმწარეს - პეპმა მეასე შეხვედრა მოიგო. თამაშის შემდეგ გვარდიოლა გუნდის თამაშით აღფრთოვანებული იყო. სამი წელია, რაც პეპი გუნდს წვრთნის და ჯერ მას ერთი აუგი არ დასცდენია თავის ფეხბურთელებზე, ახლა კი ქებით ცაში აიყვანა:
"დღევანდელი თამაში იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს. ისინი თავის წონა ოქროდ ფასობენ და რაც უნდა მოხდეს, როგორ განწყობაზეც არ უნდა დავასრულოთ სეზონი, ჩემს ამ დამოკიდებულებას მათ მიმართ იოტისოდენადაც არ შევიცვლი. არასოდეს ამ გუნდის შესაძლებლობაში ეჭვს არ შევიტან.
ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩვენს თავს, სად გაუჭირდა გუნდს, რა გაგვიჭირდა. ისიც შესანიშნავად მესმის, რომ ერთი-ორ ცუდ შედეგს, კრიტიკაც მოჰყვება. დიდმა გუნდმა კი ყველაფერ ამას მხოლოდ გამარჯვებებით უნდა უპასუხოს.

ხუთი ქულით ვუსწრებთ "რეალს". დამერწმუნეთ, ეს, სეზონის ამ ეტაპზე საოცარი მიღწევაა - ჩვენი კონკურენტი დიდი გუნდია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ბოლო დროის წარმატება გავიმეოროთ.

მეტოქემ დღეს ძალიან გაგვირთულა მიზნის მიღწევა - ძნელია, 9 კაცს პლუს მეკარეს ებრძოლო და გოლი გაუტანო. იმ მომენტმა, როდესაც ლეოს წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, კარგი სამსახური გაგვიწია - მაყურებელი აენთო და ბოლომდე ძალიან მაგრად გვიგულშემატკივრა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში.
დღეს ჩვენ კარლესისა და ვალდესის გარეშე ვითამაშეთ. ოპტიმისტად ვრჩები და ვიმედოვნებ, რომ ისინი მალე შემოგვიერთდებიან."

გვარდიოლამ რომ სავარაუდო პენალტი ახსენა, სწორედ ის მომენტია, როცა ლეო მესიმ სუნთქვა შეუკრა პლანეტის ფეხბურთის მოყვარულთ - გზად 5 ბილბაოელი მოატყუა და მე-6 წინაშე დაეცა.

"ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა "ბილბაო" შეაქო: "აი, მესმის მეტოქე - კლუბი, რომლისგანაც მაგალითს უნდა ვიღებდეთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი რესურსებით გადის ფონს. სასიხარუალოა, რომ დღეს ორმა ასეთმა გუნდმა მაყურებელს დიდებული სანახაობა შესთავაზა."

ეს მატჩი მესის გმირობისა იყო, მაგრამ დანი ალვეშზეც ვთქვათ - ბრაზილიელს 11 საგოლე პასი დაუგროვდა სეზონში. ამ მაჩვენებლით ის ევროპის მოწინავე საფეხბურთო ლიგებში ნებისმიერ მცველს სჯობს.


პინტო, რომელიც უსტვენს
ეს თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი "ბარსას" სარეზერვო გოლკიპერისთვის იყი - ხოსე მანუელ პინტო მუხლმტკივან ვიქტორ ვალდესს ცვლიდა. დიახ, ხოსე და არა ჟოზე, რადგან პინტო "ბარსელონაში" კი თამაშობს, მაგრამ ანდალუსიელია და არა კატალონიელი. ის 35 წლისაა და აქამდე "ბეტისსა" და "სელტაში" უთამაშია.

სხვათა შორის, პინტოს გრანდში გზა სწორედ სხვისმა მუხლმა გაუკაფა - 2008 წლის დასაწყისში "ბარსას" სათადარიგო გოლკიპერი ხორკერა შინ ერთობოდა, როცა მუხლის მყესები დაიზიანა, მეორე გოლკიპერობა პინტოს შესთავაზეს, რომელიც ვიგოს "სელტაში" თამაშობდა. დებიუტამდე კი მას სამი თვე მოუწია ცდა. ისე, თავიდან რამდენჯერაც პინტო კარში ჩადგა, კატალონიელებმა იმდენჯერ წააგეს. მათდა ბედად, პინტო სეზონში სულ 3-ჯერ ათამაშეს. ზაფხულში იჯარით გადმოყვანილი ანდალუსიელი "ბარსამ" 500 ათას ევროდ იყიდა (ალბათ, გუნდის ნაყიდ ფეხბურთელთაგან, პინტო ყველაზე იაფი დაუჯდა "ბლაუგრანას"). ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში კი გოლკიპერი სახალისო სკანდალში გაეხვა - "კოპენჰაგენის" სესარ სანტინიმ უკვე დასარტყამად მოიქნია ფეხი, როცა სასტვენის ხმა შემოესმა, იფიქრა, მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირესო და გაჩერდა. შემდეგ უეფას ჩინოსნები თვალს არ უჯერებდნენ, როცა ვიდეოზე აშკარად გამოჩნდა - უსტვენდა პინტო, რომელიც შემდეგ მაგრად ხალისობდა, საფეხბურთო აფერისტობა, რომ გამოუვიდა - ვალდესის შემცველს მსაჯის სასტვენის იმიტაციისთვის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.
"ბილბაოსთან" მატჩში მან სტუმართა 4 დარტყმული მოიგერია, გოლი კი მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან გაუშვა. მან ერთხელ ფერნანდო ლორენტეს დარტყმული მოიგერია, რითაც მისდამი კეთილგანწყობილი "კამპ ნოუს" ოვაცია დაიმსახურა:

პინტო ბედნიერებისგან მეცხე ცაზე "დაფრინავდა": "სამი ქულა შინ დავტოვეთ. ძალიან მაგარი გრძნობაა, როცა ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს და შენი წარმატება ასე უხარია. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ გამარჯვებაში წვლილი მეც მიმიძღვის. "ბარსელონაში" გატარებული თითოეული წუთი ჩემთვის საოცრებაა, ვუყურებ ნამდვილ ვარსკვლავებს, მათთან ერთად ვვარჯიშობ... მწვრთნელს შეუძლია ყოველთვის ჰქონდეს ჩემი იმედი, თამაშისთვის 100 პროცენტით ვარ მზად."


ლა პულგა - 250
"ბარსა"-"ბილბაოს" მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარში ყველაზე სიტყვაძუნწი თამაშის გმირი იყო: "კიდევ ერთ წაფორხილებას ვერაფრით დავუშვებდით. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ხალხი გავახარეთ", - განაცხადა მესიმ, რომელსაც ასევე იუბილე ჰქონდა - "ბარსელონას" მაისურით 250-ე თამაშს ატარებდა.

სწორედ 250-ე მატჩში მან შეძლო პრიმერადივიზიონის ბომბარდირთა დავაში 25 გოლით დაწინაურება. დღეისათვის, ის ევროპის საუკეთესო მეგოლეა. კრიშტიანო რონალდო "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მას ერთი გოლით ჩამორჩება, სხვები კი ძალიან შორს არიან - ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ 20 გოლი გაიტანა, ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა კი - 19.
მესიმ 250 თამაშიდან 165 ლა ლიგაში ჩაატარა. იმ თამაშების 77%, რომლებშიც მესიმ ითამაშა, "ბარსამ" მოიგო.

ლეო მესი: 250 თამაში "ბარსელონას" მაისურით
ლა ლიგა: 165 თამაში, 113 გოლი
ესპანეთის თასი: 25 თამაში, 17 გოლი
ესპანეთის სუპერთასი: 5 თამაში, 5 გოლი
ევროპის სუპერთასი: 2 თამაში
ჩემპიონთა ლიგა: 51 თამაში, 31 გოლი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2 თამაში, 2 გოლი


არანსუბიას გარჯა
ალმერიაში იშვიათი რამ მოხდა, თამაშის 95-ე წუთზე, როცა "დეპორტივო" 0:1-ს აგებდა, მასპინძელთა კართან კუთხური დაინიშნა. სტუმართა 31 წლის ბასკი გოლკიპერი დანიელ არანსუბია მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ყველას დაასწრო თავით, რითაც გალისიელებს ქულა გადაურჩინა. ეს დანიელის პირველი გოლია პროფესიულ კარიერაში.

თავად გოლკიპერი მიიჩნევს, რომ მისი წვლილი დიდი არაა, უბრალოდ ძალიან გაუმართლდა: "მინდოდა ბიჭებს რაიმეთი დავხმარებოდი. წინ ადრეც წავსულვარ, მაგრამ გოლი არასოდეს გამიტანია და, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არც ამჯერად მქონდა, რომ გავიტანდი. ასეთ რამეებს ვარჯიშებზე არ ამუშავებენ, ეს უბრალოდ დიდი გამართლებაა", - განუცხადა მეკარემ რადიო "კადენა სერს".







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული