ლა ლიგა: არც მთლად "ლესტერი", მაგრამ...

AutoSharing Option
ესპანურმა პრიმერამ ორი ტური მოილია. უკვე გვყავს სეზონის მთავარი აღმოჩენა, "ლას პალმასი". ამ გუნდისგან ასეთ სტარტს არავინ ელოდა. არადა, გუნდმა ჯერ "ვალენსიას" მოუგო გასვლითი შეხვედრა (4:2), მერე კი "გრანადა" 5:1 გაანადგურა. ეს უკვე სენსაციაა. ჩვენც გავიცნოთ ამ სენსაციის მთავარი შემომქმედები.

კევინ-პრინს ბოატენგი
29 წლის განელი ნახევარმცველი, რომელიც თავისი ჭირვეული ხასიათის გამო აქამდე ვერ ახერხებდა მართლაც დიდი პოტენციალის რეალიზებას. მას აქვს გრანდებში თამაშის გამოცდილება.

იცავდა ტოტენჰემის", "მილანისა" და "შალკეს" ღირსებას. რაც ესპანური სეზონი დაიწყო, უბრალოდ შეუჩერებელია. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს,
აფრიკელმა იპოვა თავისი ადგილი საფეხბურთო მზის ქვეშ.

მაურისიო ლემოსი
ურუგვაელი მცველი, რომელიც ჯერ კიდევ სეზონის მეორე ნახევარში ინათხოვრა ყაზანის "რუბინიდან", მერე კი 20 წლის უკანახაზელი საერთოდ გამოისყიდა. ლემოსი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. რაც მთავარია, მის თამაშში დიდი პოტენციალი შეინიშნება.

ნაბილ ელ ჟარი
30 წლის მაროკოელი შემტევი ევროპამ ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ გაიცნო. მაშინ ის "ლივერპულის" იმედისმომცემი თავდამსხმელი გახლდათ, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ ინგლისურ სუპერკლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა.

"ლივერპულის" შემდეგ მოიარა პაოკ-ი და "ლევანტე". 2015 წლიდან "ლას პალმასში" თამაშობს. წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. გოლებიც გაიტანა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინა.

მარკო ლივაია
23 წლის ხორვატი თავდამსხმელის ხილვა ამ სეზონში ერთი დიდი სიამოვნებაა. არადა, მას შემდეგ, რაც ლივაიამ თავი ვერაფრით გამოიჩინა "ინტერში", მის ტალანტს ბევრმა ეჭვის თვალით დაუწყო ცქერა. "ინტერის" შემდეგ იყო რამდენიმე არენდა და საშუალო სეზონი "ატალანტაში", რის შემდეგაც ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" გადაბარგდა. ყაზანში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ვერც "ემპოლიში" გაიბრწყინა. არავინ იცის, რა ჯადო გაუკეთეს მას "ლას პალმასში", მაგრამ სეზონის სტარტზე ის უბრალოდ დიდებულია.

მომო
34 წლის გამოცდილი გარემარბი სეზონის სტარტზე ძალიან კარგია. მას "ლას პალმასში" გატარებული წლები უმაგრებს ზურგს. გუნდში 2012 წელს მოვიდა და მას შემდეგ შეუცვლელი მოთამაშეა. ასე მოასწრო გარჯა "ბეტისსა" და "დეპორტივოში". გუნდის "სულიერი" ლიდერია. რთულ სიტუაციებში მაგრად შეუძლია პარტნიორების აყოლიება.

ხავი ვარასი
გამოცდილი, 33 წლის მეკარე, რომელიც რატომღაც ვერ დააფასეს "სევილიაში". სათამაშო პრაქტიკის საძიებლად არცთუ იშვიათად უწევდა მოგზაურობა სხვადასხვა გუნდებში. მათ შორის ყველაზე ხანგრძლივი ვოიაჟი "ვალიადოლიდში" გამოუვიდა. კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო, ამბობენ. "ლას პალმასს" გოლკიპერში აშკარად გაუმართლა. ვარასი არ გამოირჩევა სუპერსეივებით, მაგრამ ის ძალიან სტაბილური მეკარეა.

ხონათან ვიერა
ძალიან საინტერესო 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი. პირველი ნაბიჯები ფეხბურთში სწორედ "ლას პალმასის" შემადგენლობაში გადადგა. მერე რამდენიმე გუნდში ითამაშა. მათ შორის, "ვალენსიაში". ძალიან ტექნიკური და სახიფათო ფეხბურთელია.

მწვრთნელი
ნებისმიერი გუნდის წარმატება წარმოუდგენელია მწვრთნელის გარეშე. "ლას პალმასს" 57 წლის სპეციალისტი, კიკე სეტიენი წვრთნის. აქტიური ფეხბურთელობის ჟამს სეტიენს მაინცდამაინც დიდი მიღწევები არ ჰქონია. ეგაა, მადრიდის "ატლეტიკოში" კი ითამაშა.

სეტიენმა მწვრთნელობა 2001 წელს დაიწყო და სანტანდერის "რასინგი" ჩაიბარა. ამას მოჰყვა გადაბარგება "პოლი ეხიდოში". ამის შემდეგ იყო ეკვატორიული გვინეის ეროვნული ნაკრები, "ლოგრონიესი" და "ლუგო". 2015 წლიდან კიკე სეტიენი "ლას პალმასის" მთავარი მწვრთნელია.

ალბათ, "ლას პალმასისგან" "ლესტერი" არ გამოვა, მაგრამ ამ გუნდის თამაშისათვის თვალის მიდევნება მაინც ძალიან საინტერესოა. კანარის კუნძულების წარმომადგენელს არაერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს მკაცრ გამომცდელებთან
ფაქტი ერთია: ჯერ ამ გუნდის შედეგიანი და თვალსასეირო თამაში პრიმერას მთავარი აღმოჩენაა.

დოსიე
უნიონ დეპორტივა ლას პალმასი
დაარსდა: 1949
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
სტადიონი: ესტადიო გრან კანარია, 31 150
საუკეთესო შედეგი: მე-2 ადგილი - 1969; მე-3 ადგილი - 1968 წ; თასის ფინალისტი - 1978

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული