გაზეთმა "მარკამ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ "რეალის" რომელი შემადგენლობა იყო საუკეთესო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. გამოკითხულთა 28% ასეთად წლევანდელ შემადგენლობას ასახელებს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში "რეალს" სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ უაქტიურია.
მეორე ადგილზე (16%) გავიდა "რეალის" 2002/03 წლების სეზონის გუნდი, რომელმაც პრიმერა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. დღევანდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მაშინ "რეალის" ფეხბურთელი იყო.
მესამე ადგილზე
სხვათა შორის, ამ ზაფხულს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ "რეალის" შემადგენლობის გაძლიერება უკვე შეუძლებელია. როგორც ჩანს, გულშემატკივართა დიდი ნაწილი პრეზიდენტის ამ მოსაზრებას იზიარებს.
ინტერვიუ ანჩელოტისთან
ანჩელოტი ვახსენეთ და იტალიელ სპეციალისტს ახლახან "მარკა" ესაუბრა. მას შეეკითხნენ, გამორიცხავს თუ არა ის "რეალში" ოდესმე დაბრუნებას. "მადრიდში დაბრუნება? ვერ ვხედავ მიზეზს, რომელიც ამაში ხელს შემიშლის. ჩემთვის "რეალში" მუშაობა უდიდესი გამოცდილება იყო. ახლაც მადლიერი ვარ კლუბის ხელმძღვანელობის, რომ ფსონს ჩემზე ჩამოვიდნენ", - შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ "რეალს" ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და კოპა დელ რეი მოაგებინა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახადა.
კარლიტომ ისიც განაცხადა, რომ არასოდეს მიიღებს "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" წინადადებებს.
"ამ ორ კლუბს ძალიან ვაფასებ, მაგრამ ისტორიას ძალიან დიდ პატივს ვცემ და "რეალში" გატარებული 2,5 წლის შემდეგ იქ ვერაფრით ვიმუშავებდი. ისევე, როგორც ჩემთვის შეუძლებელია "ინტერის" წინადადების მიღება, როგორც ჭეშმარიტი მილანისტასი", - განაცხადა "ბაიერნის" იტალიელმა თავკაცმა.
ვარსკვლავები ბრუნდებიან
მადრიდის "რეალს" ნელ-ნელა უბრუნდებიან ვარსკვლავები. კრიშტიანო რონალდომ "ინსტაგრამზე" განათავსა საკუთარი ვარჯიშის ფოტო მინაწერით - "მალე". შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო და მას მერე არ უთამაშია. კრიშტიანო რონალდოს გარდა, ბურთთან ვარჯიში დაიწყო ქარიმ ბენზემამაც. მან ზიდანის შექებაც დაიმსახურა.
ნახევარმცველი ისკო აგრძელებს სარეაბილიტაციო პერიოდს ტრავმის შემდეგ. ის "სელტასთან" მე-2 ტურის მატჩში დაშავდა. ტრავმის გამო ისკო ვერც ესპანეთის ნაკრებში თამაშობს. ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ 10 სექტემბრისთვის, როცა "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ოსასუნას" უმასპინძლებს, ის მოედანს დაუბრუნდება.
"მონაკოს" იჯარიდან დაბრუნებული ფაბიო კოენტრაო კი სათამაშოდ მზად მოგვიანებით, ოქტომბერში იქნება.
ბეილის ხელფასის შურთ
უკვე დაიწერა, რომ უელსელი გარეთ ბეილი სულ მალე "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2021 წლამდე იქნება. ბარსელონური "სპორტის" ინფორმაციით, ბეილი ითხოვს, ხელფასი წელიწადში 17 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. ასეთ შემთხვევაში ის კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება "რეალში".
"სპორტი" წერს, რომ ამის გამო ბეილზე "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელი გაბრაზებულია. მათი აზრით, უელსელი ამხელა ხელფასს არ იმსახურებს.
ედეგორი ისე არ დარჩება
მარტინ ედეგორს "რენში" იჯარა ასაკის გამო (18 წლის ჯერ არ არის და ნორვეგია ევროკავშირის ქვეყანა არაა) ჩაიშალა. თუმცა ზიდანმა ის უსაქმოდ არ დატოვა - ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა. დეკემბრამდე ედეგორი, ძირითადად, "რეალის" სარეზერვო გუნდში გაატარებს, რომელსაც სანტიაგო სოლარი წვრთნის.
ნორვეგიელი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ვიხილოთ. ბუნებრივია, ზიდანს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი პირველ გუნდში დაწინაურება და პრიმერაში თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"