კრიშტიანო რონალდო: ეს ჩემი ბოლო კონტრაქტი არ არის

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდო, ახალი კონტრაქტის მიხედვით, კვირაში 410 ათას ევროს მიიღებს (ბონუსების გარდა).
* კრიშტიანო რონალდომ დაისახა "რეალში" 500 გოლის გატანა.
* პორტუგალიელმა განაცხადა, რომ 41 წლის ასაკამდე ითამაშებს ფეხბურთს.

როგორც წინასწარ გამოცხადდა, გუშინ კრიშტიანო რონალდომ ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულება გააფორმა "სამეფო კლუბთან". ახლა მადეირელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალთან" 2021 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული.

რონალდოს 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა ხელშეკრულება. არაოფიციალური მონაცემებით, კრიშტიანო წელიწადში 21 მილიონ ევროს მიიღებს და ამაში ბონუსები არ იგულისხმება. მოკლედ, ხელშეკრულების ამოწურვის მომენტისთვის პორტუგალიელი ფორვარდი, რომელიც 2009 წელს
94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა "მანჩესტერიდან" "რეალში", 36 წლის იქნება.

"ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ "რეალში" დავრჩებოდი და მსოფლიოში ყველაზე დიდ კლუბთან ისტორიას გავაგრძელებდი. ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემდეგ გამარჯვება პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ზე, ახლა - კონტრაქტის გაგრძელება... ეს წელიწადი ჩემთვის ახდენილი ოცნებაა.
ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" დიდი ხნით ვრჩები, მაგრამ ეს არ იქნება ჩემი ბოლო კონტრაქტი ფეხბურთში. გადაწყვეტილი მაქვს, ფეხბურთში 41 წლის ასაკამდე დავრჩე", - განაცხადა კრიშტიანომ.

"მადლობა ყველას, "რეალის" წევრებს, მადრიდელებს, ჩემს კოლეგებსა და ყველას, ვინც კი დამეხმარა, რომ აქამდე მოვსულიყავი. დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გუნდი ჩემს გულშია, ამიტომაც სიამოვნებით დავუკავშირე ჩემი კარიერის მომდევნო ხუთი წელი "რეალს", - დაამატა რონალდომ.

ფლორენტინო პერესი ("რეალის" პრეზიდენტი): "რონალდო დიდი გამგრძელებელია ისეთი ფეხბურთელების ტრადიციების, როგორებიც დი სტეფანო და ხენტო იყვნენ. ის კლუბის სახეა - იმ კლუბის, რომელმაც 11-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სიმბოლოა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ყველა წარმატებას მისთვის მეოთხე "ოქროს ბურთი" დააგვირგვინებს. რონალდოს ამბიციები ჩვენი ამბიციებია - წინ კიდევ ბევრი ტიტული და მოგებაა".

"რეალის" სუპერვარსკვლავს სჯერა, რომ კიდევ 10 წელიწადი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. მან ისიც თქვა, რომ "რეალის" მაისურით 500 გოლის გატანა მიუღწეველი სულაც არ არის.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ კვირას გაიტანა "ბარსელონას" მაისურით მე-500 გოლი (ოღონდ 31 გოლი არაოფიციალურ მატჩებში შეაგდო). თუკი ის ბოლომდე ჩაამთავრებს კონტრაქტს "რეალში", "ლოს მერენგესის" შემადგენლობაში 12 სეზონი გამოუვა, ერთით მეტი, ვიდრე ალფრედო დი სტეფანოს.

საზეიმო ცერემონიალზე აჩვენეს რონალდოსადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, სადაც თავმოყრილია მისი კარიერის ყველაზე საინტერესო ეპიზოდები. დაწყებული 2009 წლის კადრებიდან, როცა რონალდოს პრეზენტაცია ჰქონდა "რეალში", "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი 80 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

"ასეთ მოკლე ხანში ამხელა წარმატებას და ასეთ სტატისტიკას არ ველოდი, მაგრამ ყველაფერი მოვიდა დიდი შრომის ფასად, როგორც ჩემი მხრიდან, ისე გუნდიდან. მომავალ ხუთ წელიწადშიც ბევრი მინდა ვისწავლო და გავაგრძელო მოგებები", - განაცხადა რონალდომ. კრიშტიანოს ახლა "რეალის" მაისურით 317 გოლი აქვს გატანილი. როგორც ხედავთ, 500 გოლამდე ჯერ კიდევ შორია:

"თავიდან იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაულის რეკორდს მოვხსნიდი. ასე რომ, 500 გოლი შესაძლებელია, მაგრამ ამ იდეით არ მოვიწამლები. მთავარია, მოვუმატო და გუნდმა კვლავ მოიგოს, საუკეთესო წლები წინაა", - რონალდო ოპტიმისტურ განწყობაზეა.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ნელ-ნელა დიდი ხნით იბევებს თავის მთავარ ვარსკლავებს, წინა თვეში გარეთ ბეილმა 2022 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება "სამეფო კლუბთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული