ასე "ოქროს ბურთს" დაკარგავს - რონალდო ძველებურად ვეღარ თამაშობს

AutoSharing Option
მოგებული ლიგა, ევრო 2016, ახლა კი ახალი "კონტრაქტი" "რეალთან", ეს ჩემი საოცნებო წელიწადია - თქვა ორშაბათს კრიშტიანო რონალდომ და ასეცაა, მაგრამ ბოლო დროს პორტუგალიელი ვარსკვლავი ისე ცუდად თამაშობს, რომ "საოცნებო სეზონის" გვირგვინის, "ოქროს ბურთის" დაკარგვის საშიშროების წინაშეა.

ორშაბათს 31 წლის კრიშტიანო რონალდომ ახალი, 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "სამეფო კლუბთან" და ისიც თქვა, რომ ეს მის კარიერაში ბოლო კონტრაქტი არ არის და კიდევ 10 წელი უმაღლეს დონეზე თამაში აქვს განზრახული. რონალდომდე, 30 ოქტომბერს "რეალთან" 2022 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი გარეთ ბეილმა.

კრიშტიანო, ჯერჯერობით,
იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იმდენად კარგი საიმისოდ, რომ მრავალმილიონიანი ტრანსფერით პსჟ-ში გადავიდეს, ან სულაც მდიდრულ ჩინურ ან ახლოაღმოსავლურ გუნდში.

ორშაბათს ცერემონიალზე ათასი საქებარი სიტყვა ითქვა. კრიშტიანო ერთგულებაში "გამოუტყდა" "სამეფო კლუბს", მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სიყვარულად დაიღვარა, მაგრამ ამ ყველაფრის იქით რჩება ეჭვი, რომ პორტუგალიელი აღარ იმსახურებს ასეთ კონტრაქტს, დიდებასა და დაფასებას.

ამ სეზონში კრიშტიანომ 5 გოლი გაიტანა (მან 8 მატჩი ითამაშა). ეს შესაძლოა, კარგია სხვა ფეხბურთელისთვის, მაგრამ არა პორტუგალიელისთვის, ვინც 2009 წლიდან (რაც "რეალშია") ლა ლიგაში ყველაზე ცუდი სტარტი შემოგვთავაზა. ოქტომრიდან მოყოლებული, "რეალმა" 31 გოლი გაიტანა ყველა შეჯიბრში და აქედან მხოლოდ 4 გოლია მის ანგარიშზე.

"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა კი ულმობელია, ის არ პატიობს ცუდ თამაშს, თუნდაც, სუპერვარსკვლავებს. "ბილბაოსთან" 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ კრიშტიანომ ტრიბუნებისგან უხეში გამონათქვამები დაიმსახურა.

29 ოქტომბერს, სტუმრად "ალავესთან" რონიმ ჰეთ თრიკი შეასრულა და კრიტიკოსებიც ცოტა ხნით გაჩუმდნენ, მაგრამ ამას მოჰყვა ლა ლიგაში მისი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი, შინ "ლეგანესთან" (3:0), როცა კრიშტიანომ სამჯერ სცადა კარისკენ დარტყმა და ერთხელაც არ იყო ზუსტი. მადრიდელებმა კიდევ ერთხელ იმარჯვეს, იმის მიუხედავად, რომ რონალდომ ცუდად ითამაშა, "ბერნაბეუზე" სხვა ვარსკვლავი სოლირებდა - გარეთ ბეილმა დუბლი შეასრულა, უელსელმა კარში ზუსტად 6-ჯერ დაარტყა (8 ცდიდან).

"ბერნაბეუზე" ბოლოს მან 10 სექტემბერს გაიტანა "ოსასუნასთან" (5:2) მატჩში.

დრო ულმობელია და რონალდოც, რომელიც ამ სეზონის ბოლოსკენ 32 წლის გახდება, "დაბერების" ნიშნებს ავლენს. როცა ფეხბურთელი ასაკშია, ტრავმებიც ძნელად რჩება და რონალდოსაც ეტყობა, რომ ევრო 2016-ის ფინალში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ ჯერ 100%-ით ვერ თამაშობს. ამ სეზონში ის მთლად კარგად ვერ გრძნობს თავს მეტოქის კარის წინ.

ამას წინათ, ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ რონალდო ბრაზობს, რომ ახალ სეზონს კარგად ვერ მოერგო.

არადა, ახლა სწორედ არ არის ამის დრო, რადგან "ოქროს ბურთის" ელექტორატი ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელმა ფეხბურთელმა დაიმსახურა 2016 წელს საუკეთესოს წოდება.

10 ივლისს, როცა რონალდომ პარიზის ცის ქვეშ ანრი დელონის სახელობის თასი აღმართა, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ის მიიღებდა კარიერაში მე-4 "ოქროს ბურთს". პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ამ ზეობამდე 6 კვირით ადრე ხომ ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული. რონალდოს ტიტულებს ლეო მესი ვერ უპირისპირებს ვერაფერს, მისი გუნდი კოპა ამერიკაზე მეორე იყო, ჩემპიონთა ლიგა "ბარსამ" ვერ მოიგო და მხოლოდ შინაურ ასპარეზზე იპირველა. ასე რომ, რონალდოს შანსები, მესისთან შედარებით, გაცილებით სერიოზული ჩანდა. არაფერს ვიტყვით კიდევ ერთ კონკურენტ ანტუან გრიზმანზე...

მაგრამ, რამდენად დიდია კრიშტიანოს დამსახურება ამ ორ თასში? ნახევარფინალამდე კრიშტიანოს გოლი გოლზე გაჰქონდა, მაგრამ ორ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" ის უგოლოდ დარჩა, მილანში, თასის ფინალში კრიშტიანო "ატლეტიკოს" მცველებმა საიმედოდ "ამოკეტეს".

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართალია, მან 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი მას მერე მოიგო, რაც რონალდომ ტრავმის გამო მოედანი 25-ე წუთზე დატოვა. რამდენად გადასწონის რონალდოს ეს ორი ტიტული ლეო მესის ფანტასტიკურ ფორმას ამ სეზონში? მხოლოდ თასებიც ხომ არ არის - ხუან მატამ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც, მაგრამ არავის დასცდენია, რომ ესპანელი "ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატი იყო.

გოლებით თუ დავითვლით, 2015/16 წლების სეზონში რონალდომ 58 გაიტანა, მესიმ - 57. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ლუის სუარესს 70 გოლი აქვს გატანილი!

ლეომ კოპა ამერიკაზე 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ის ძალიან ახლოს იყო ტიტულთან და მხოლოდ პენალტების სერიაში დათმო მისმა ნაკრებმა ჩილესთან. ის სერია არგენტინის სასარგებლოდ რომ დასრულებულიყო, დიდი ალბათობით, მესის ტიტულების ჰეთ თრიკი (ლა ლიგა, კოპა დელ რეი, კოპა ამერიკა) ხმის მიმცემებს "ლა პულგას" რონალდოზე წინ დააყენებინებდა.

კვირას ტრავმირებული ჟერარდ პიკე შინ უყურებდა "სევილიასა" და "ბარსელონას" მატჩს, რომლის ბედიც სწორედ მესის დიდებულად თამაშმა გადაწყვიტა, პიკემ "ტვიტერზე" დაწერა:

"ოქროს ბურთი" რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი იყოს, ლეო 2009 წლიდან მოყოლებული ყველა პრიზის მფლობელი იქნებოდა".

ახლახან ალვარო მორატამ თქვა, რონალდოც ადამიანია, შეიძლება მანაც ვერ გაიტანოს ყოველ მატჩში გოლებიო. არც ისე დიდი ხნის წინათ, კრიშტიანოს სწორედ "სუპერმენს" ადარებდნენ, მაგრამ ახლა ის ჩვეულებრივ მოკვდავთა კატეგორიაშია და ამან შეიძლება დააკარგვინოს მას თითქმის თავისი "ოქროს ბურთი"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა სტატიისთვის... სხვათა შორის ევროპა და ლიგა პეპემაც მოიგო და თუ მაგ ლოგიკით ვიმსჯელებთ მანაც უნდა აიღოს ოქორს ბურთი. ლიგა მადრიდის რეალმა მოიგო და არა რონალდუმ, ევროპა კი პორტუგალიის ნაკრებმა (სასწაულებრივად, გამართლებით და დაუმსახურებლად წესების შეცვლის გამო) და არა რონალდუმ.. ასე რომ იმას უნდა გადაეცეს ოქროს ბურთი ვინც ფეხბურთს თამაშობს (და არა იმას, ვინც მოწინააღმდეგის კართან დგას და საგოლე ჩაწოდებას ელოდება. ასეთი დღეს მესი, გრიზმანი და ბეილია, ჩემი აზრით ამ მათ შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი.
NIN 13
14:14 09-11-2016
0
არა მე კი მესიამოვნა მესის ქება მაგრამ არ გეწყინოს ძმაო შენ ფეხბურთის სესახებ რადიოსი მოისმინე:) რას დაბდურობ არ დაწერო ეგეთი რაგაცა არ გრცხვენია ბიჯოო.
MESI
13:50 09-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული