ლეგენდარული პრეზიდენტისა და ლეგენდარული სტადიონის ისტორია და მომავალი

AutoSharing Option
მადრიდში რამდენიმე სტადიონია, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია "სანტიაგო ბერნაბეუ". "რეალის" მშობლიური არენა, რომელსაც დიდი და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. დღეს ჩვენ სწორედ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ სტადიონზე დავწერთ.

ბერნაბეუ და ახალი სტადიონი
ეს ახლა ითვლება "სანტიაგო ბერნაბეუს" მიმდებარე ტერიტორია პრესტიჟულ უბნად და მდიდრების სამყოფელად, ადრე კი ასე არ იყო. იქ არის პრესტიჟულზე პრესტიჟული საცხოვრებელი სახლები, სოლიდური ოფისები, კაფეები.

აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო 60-70 წლის წინ. მაშინ სტადიონს აშენებდნენ და ამ ადგილას ქალაქის რიტმი საერთოდ არ იგრძნობოდა. პირიქით, ეს ადგილი სოფელს უფრო ჰგავდა.
დაბალსართულიანი სახლები, უასფალტო გზები... ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაშინ "რეალი" თანხის ეკონომიას აკეთებდა და ამიტომ იყიდა მიწა იქ, სადაც ის ყველაზე იაფი იყო.

თანხის ეკონომიის მიზნით "რეალი" კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა დიდი სტადიონის გარეშე. ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუს მიზანდასახულობამ და შემართებამ შეცვალა.

ლეგენდარული სანტიაგო ბერნაბეუ კლუბის პრეზიდენტი 1943 წელს გახდა და შევიდა თუ არა თავის ახალ კაბინეტში, ეგრევე ახალი სტადიონის ნახაზებს მოჰკიდა ხელი.

ეს გეგმა ჯერ კიდევ კლუბის ძველმა ხელმძღვანელობამ დატოვა. ბერნაბეუს ის ძალიან არ მოეწონა. როგორი საქმეა, ახალი სტადიონი მხოლოდ 40 ათას გულშემატკივარს იტევდა, ეს კი ძალიან ცოტა იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბისათვის.

ამ დროისათვის "რეალის" სტადიონს "ჩამარტინი" ერქვა და ის მხოლოდ 25 ათას გულშემატკივარს იტევდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მისი გარეგნული იერი.

ბერნაბეუმ "რეალის" მენეჯერთა პირველივე შეკრებაზე თქვა: "მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ახალი სტადიონი და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ახალი სტადიონი გვქონდეს". ეს სურვილი და მოწოდება, რომ იტყვიან, კოსმოსური სისწრაფით ახდა. 1943 წლის ნოემბერში ბერნაბეუმ და მისმა დამხმარეებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი სტადიონისათვის ტერიტორია ეყიდათ ძველის მიმდებარედ. 1944 წლის ივნისში მათ ამ საქმისათვის კრედიტი მიიღეს ბანკისგან.

ამის შემდეგ შეიქმნა რიგი ფინანსური პრობლემებისა. რამდენიმე ბანკმა "რეალს" უარი უთხრა კრედიტის გაცემაზე. ისინი ეჭვობდნენ, რომ კლუბი ვერ შეძლებდა ამხელა თანხის გასტუმრებას.

მოსინჯა რა ყველა გაკვალული გზა, ბერნაბეუმ მაინც არ აიღო ხელი პროექტის განხორციელებაზე, ოღონდ ფული მეორადი გზით იშოვა. მან ღია გაყიდვაში გამოუშვა კლუბის აქციების პატარა წილი. თითო აქცია 500 პესეტი ღირდა. ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა - ყველა ფასიანი ქაღალდი პირველივე დღეს გაიყიდა. ასე მიიღო "რეალმა" მშენებლობისათვის აუცილებელი თანხა.

ქომაგებში კი "რეალი" კიდევ უფრო პოპულარული გახდა, რაკი ქომაგებმა თავი მის უშუალო წევრად იგრძნეს. ამას დაემატა ისიც, რომ ბანკებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ კლუბის შესაძლებლობებში.

სამი წლის შემდეგ "რეალი" უკვე 75 ათასიან სტადიონზე თამაშობდა. ამანაც კი ვერ დააწყნარა სანტიაგო ბერნაბეუ. მას უნდოდა არა მხოლოდ უდიდესი სპორტული არენა, არამედ რაღაც ისეთი, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ ექნებოდა ანალოგი.

1954 წელს "რეალმა" ბერნაბეუს მიაშენა ახალი იარუსები დასაჯდომი ადგილების გარეშე. ამის შემდეგ "რეალის" მატჩებისათვის თვალის დევნება 125 ათას მაყურებელსაც კი შეეძლო. მის შემდეგ "რეალის" პრეზიდენტის ამბიციები ყველამ ირწმუნა.


Sportall.Ge

ფრანკოს დუმილი ოქროა!
სამოცდაათიანი წლებისათვის სტადიონი ცოტა "დაბერდა". სამაგიეროდ, მადრიდის გაცხოველებულმა ზრდამ ამ ადგილის პრესტიჟულობა კიდევ უფრო გაზარდა. "სანტიაგო ბერნაბეუს" მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა რამდენჯერმე გაძვირდა.

"ბერნაბეუს" ტერიტორია მიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის. ამერიკულ - იაპონურმა კომპანიამ "რეალს" 4 მილიონი პესეტი შესთავაზა იმისათვის, რომ სტადიონის ტერიტორიაზე აეშენებინა 70 სართულიანი ცათამბჯენი და ორი დიდი საცხოვრებელი სახლი.

"რეალის" შეფებს ეს წინადადება ძალიან მოეწონათ. ისინი მზად იყვნენ, მადრიდის სხვა უბანში გადასულიყვნენ. კლუბში დაამტკიცეს კიდეც ახალი, 120 ათასიანი სტადიონის პროექტი, რომლის ნახევარი ადგილები გათვლილი იყო ფეხზე მდგომი მაყურებლებისათვის.

შეიქმნა ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები. ახალი სტადიონი იმ ადგილას უნდა აშენებულიყო, სადაც ძველი, დიდი ფერმა იყო. ამ ფერმის დანგრევის ნებართვას მილიონი დოკუმენტი დასჭირდა. "რეალში" ჩათვალეს, რომ ბიუროკრატიასთან ბრძოლაში მათ მადრიდის მერი, კარლოს არიას ნავარო დაეხმარებოდა, მაგრამ მერმა პირდაპირ უთხრა კლუბის შეფობას, არაფერი გამოგივათო.

ამის შემდეგ ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა წერილი, რომელუიც ბერნაბეუს თითქოსდა მერკანტიკურ გეგმებს ამხელდა. ფრანკოს რეჟიმის პირობებში "რეალის"პრეზიდენტი კარგ დღეში არ ჩავარდა და მან გადაწყვიტა, პირდაპირ ემოქმედა: მან ახალი სტადიონის პროექტი პირდაპირ გენერალსიმუსს გაუგზავნა. ფრანკომ დუმილი არჩია. საქმე ჩაიშალა და სტადიონი ძველ ადგილას დარჩა.

1978 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბერნაბეუმ თქვა, რომ ცდება ის ხალხი, ვინც მას სტადიონის სხვაგან აშენებასთან დაკავშირებულ ამბებში კორუფციაში ადანაშაულებს. "დღეს რომ ისევ ომი იყოს, ჩემი მუშკეტი მათკენ იქნებოდა მიმართული." - თქვა მაშინ ლეგენდარულმა პირველმა.

ახალი რეკონსტრუქცია
ოქტომბრის დასაწყისში ბოლოს და ბოლოს შედგა შეთანხმება "რეალსა" და მადრიდის მერიას შორის სტადიონის ხელახალი რეკონსტრუქციის თაობაზე. ამ სამუშაოების ჩასატარებლად 400 მილიონი ევროა გამოყოფილი.

სტადიონი მთლიანად განახლდება. ამასთან ერთად, არ გაიზრდება ტევადობა. ამის მიუხედავად, "სანტიაგო ბერნაბეუს" თავიდან არ ააშენებენ.

გარემონტებულ სტადიონს ექნება მოძრავი სახურავი. რეკონსტრუქცია 2020 წელს უნდა დასრულდეს. ფაქტი სულაც არ არის, რომ იმ დრომდე სტადიონი "რეალის"ლეგენდარული პრეზიდენტის სახელს შეინარჩუნებს.

"ჩვენ შეგვიძლია, სტადიონის სახელში გავურიოთ სპონსორის სახელიც. ასე ხდება ეს მთელ მსოფლიოში." - თქვა კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა. ფლორენტინო პერესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული