"სელტასთან" მატჩში "ვალენსია" ჩეზარე პრანდელის გარეშე გამოვიდა "მესტალიაზე", რადგან იტალიელი თავკაცი წინასაახალწლოდ გადადგა. ლა ლიგაში მე-17 ადგილზე მყოფ გუნდში საოცარი ამბები ხდება. ასეთ სიტუაციაში, ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაცილებით საძნელო საქმედ მოჩანს.
თამაშამდე "ღამურების" ფანებმა, დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანმა, სტადიონთან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. "კურვა ნორდელებმა" დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა - Lim go home! ისინი კლუბის აზიელი მფლობელის,
მოკლედ, ფაქტია, ფანებმა აშკარად პრანდელის ვერსია ირწმუნეს და არა კლუბის ხელმძღვანელობის. მათ რომ სცოდნოდათ, რა საცოდავად ითამაშებდა "ვალენსია" ამ მატჩს, ალბათ, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა.
"ლოს ჩემ" "სელტასთან" 1:4 დათმო და ფაქტობრივად, ჩამოშორდა კოპა დელ რეის. დანი პარეხოს პენალტი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი მასპინძელთათვის. უკვე მე-20 წუთისთვის "სელტა" 3:0-ს იგებდა იაგო ასპასის (პენალტი), ტეო ბონგონდასა და დანიელ ვასის მონდომებით. ბოლო ლურსმანი კი იონ გუიდეტიმ ჩააჭედა 75-ე წუთზე. ასპასმა "სელტას" ბოლო 12 თამაშში ამდენივე გოლი გაიტანა.
მატჩის შემდეგ ქალბატონი პრეზიდენტი "მესტალიის" "უკანა კარიდან" გაიპარა. აი, ფეხბურთელებს კი ნაკლებად გაუმართლა - ფანები მათ შინ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ და მანქანებიც დაუზიანეს, სიტყვიერ შეურაცხყოფებზე აღარაფერს ვამბობთ.
და ეს ყველაფერი არ არის - ფილ ნევილი, რომელიც ბოლო წლებში "ვალენსიის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, "მესტალიაზე" იმყოფებოდა გუნდის საგულშემატკივროდ. შესაძლოა, ის კარგა ხანს ვერ ვნახოთ ესპანური ლევანტეს ამ ქალაქში, რადგან თავისი საქციელით "ღამურების" ფანების გაღიზიანება გამოიწვია - 0:3-ზე მან "ტვიტერზე" დაწერა - F*** Valencia. შეგახსენებთ, ფილის უფროსი ძმა გარი გასულ სეზონში წვრთნიდა გუნდს - ძალზე წარუმატებლად.
სათასო ბატალიის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი აზრი "ვალენსიის" ყოფილმა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ:
"მშვენიერი, ორწლიანი კონტრაქტი მქონდა. შემეძლო "ჭკვიანურად" მოვქცეულიყავი და დავლოდებოდი, როდის გამაგდებდნენ, მაგრამ ამ ტიპის ადამიანი არა ვარ. უბრალოდ, არ შემეძლო "ვალენსიაში" გაჩერება, მათ ჩემი დისკრედიტაცია მოახერხეს ფეხბურთელებისა და ფანების წინაშე. 30-მილონიან ინვესტიციას მპირდებოდნენ გუნდის გასაძლიერებლად და ეს ტყუილი აღმოჩნდა", - განუცხადა იტალიელმა სპეციალისტმა "გაძეტა დელო სპორტს".
* * *
სამშაბათის სხვა მატჩებიდან "ატლეტიკოს" საგარეო გამარჯვებას გამოვარჩევთ "ლას პალმასთან" - 2:0. გოლები კოკემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს. დიეგო სიმეონემ კანარის კუნძულებზე თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა. როგორც ხედავთ, როგორც იქნა, გაიტანა ფრანგმა სუპერვარსკვლავმა, რომელმაც თამაშამდე ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილა, ჩემს მომავალზე კითხვები აღარ დამისვათო და ახლა "ატლეტიკო" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ანტუანმა 5-მატჩიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ მის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ, სადაც გრიზმანმა უეინ რუნი უნდა ჩაანაცვლოს.
ყველაფერი გადაწყდა ნავარულ-ბასკურ დერბიშიც - "ოსასუნა" შინ 0:3 დამარცხდა "ეიბართან". ვფიქრობთ, ერთადერთი გუნდი, რომელიც ახლა ესპანეთში "ვალენსიაზე" სუსტია, "ოსასუნაა". "ეიბარმა" კი ისტორიაში პირველად მოიგო თასზე სამგოლიანი სხვაობით სტუმრად.
ლა კორუნიაში "დეპორტივო" და "ალავესი" 2:2 დაზავდნენ და ახლა ყველაფერი 11 იანვარს ბასკეთის დედაქალაქში გადაწყდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"