ევრო 2016. ესპანეთის ნაკრები: ბევრი სიურპრიზი დელ ბოსკესგან

AutoSharing Option
* ესპანეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. 2012 წლის ფინალში გუნდმა იტალიას 4:0 მოუგო.
* ვისენტე დელ ბოსკემ 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
* სიაში ვერ მოხვდნენ ფერნანდო ტორესი, დიეგო კოშტა და ხუან მატა.
* დელ ბოსკე "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ საულ ნიგესს ენდო.

"ფურია როხა" ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ნაკრების ბირთვი ბოლოს ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომაც, როგორი არჩევანიც არ უნდა გაეკეთებინა ვისენტე დელ ბოსკეს, ის აუცილებლად გახდებოდა კრიტიკის საგანი, მაგრამ ღვაწლმოსილმა მარკიზმა, მგონი, გადაამლაშა...

17 მაისს ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების გაფართოებული სია
წარმოადგინა, რომლიდანაც იგი საბოლოოდ, საფრანგეთში გასამგზავრებელ 23 ფეხბურთელს შეარჩევს.

სია კი თითქმის საბოლოოა, რადგან მასში 25 კაცია და გასაცხრილიც ორია (რომლებიც, ალბათ, რეზერვის სტატუსით გაჰყვებიან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე). ასე რომ, დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება, თუმცა - ჯერ სია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), სერხიო რიკო (სევილია)
მცველები: სერხიო რამოსი, დანიელ კარვახალი (რეალი), ჟერარდ პიკე, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა (ბარსელონა), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ხუანფრანი (ატლეტიკო)
ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო (ვილიარეალი), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), კოკე, საულ ნიგესი (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ისკო ალარკონი (რეალი), დავიდ სილვა (სიტი), პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი (ჩელსი)
თავდამსხმელები: არიც ადურისი (ბილბაო), ნოლიტო (სელტა), ალვარო მორატა (იუვენტუსი), ლუკას ვასკესი (რეალი).

თქვენ სიაში ვერ აღმოაჩენთ ფერნანდო ტორესს, რომელიც ძველებურად ათამაშდა და ლა ლიგის მეორე წრეში 9 გოლი გაიტანა. სიაში არ არის არც დიეგო კოშტა, არც "მანჩესტერის" ხუან მატა. ვერ ნახავთ "ვალენსიის" კაპიტან პაკო ალკასერს, არც "არსენალის" სანტი კასორლაა.

სიურპრიზი (ვისთვის უსიამოვნო) ბევრია. დელ ბოსკე შეეცადა, ახალგაზრდები დაემატებინა გუნდში. ამით აიხსნება სიაში საულ ნიგესისა და ლუკას ვასკესის გამოჩენა. მაგრამ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნით გამოცდილი ბრუნო სორიანოსა და ვეტერანი არიც ადურისის გუნდში მოხვედრას.

"ჩვენ ყველა სიტუაცია შევაფასეთ. ჩემი აზრით, ნაკრები არ უნდა დამძიმდეს ისეთი ფეხბურთელებით, რომლებიც აშკარად არ არიან ფორმაში. ნაკრების წევრები საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. ახლა კი მხოლოდ ორი ტრავმირებული გვყავს - ვასკესი და სილვა. დავუშვათ, სიაში ალკასერი და კასორლა შემეყვანა, ამ შემთხვევაში ხომ ორი სხვა ფეხბურთელი დარჩებოდა გარეთ.

ძალიან მწყდება გული, რომ სიაში ვერ მოხვდნენ გასპარი და მატა, მაგრამ გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო. როცა ვინმეში ეჭვი გეპარება, ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, მოიქცე, რაც შეიძლება, პრაქტიკულად", - განუცხადა დელ ბოსკემ "ფუტბოლ ესპანიას".

ეს კომენტარიც აჩენს კითხვებს. შესაძლოა, მატა და კოშტა მართლაც არ იყვნენ ფორმაში, მაგრამ ამ ლოგიკით, ვასკესი და სილვა სულაც ვერ თამაშობენ ამჟამად. ტორესი კი ბოლო წლებში საუკეთესო ფორმაშია, ამას დელ ბოსკე, უბრალოდ, ვერ უარყოფს. ავიღოთ თუნდაც პაკო ალკასერის მაგალითი - ვალენსიელი ესპანეთის ნაკრების ბომბარდირი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 გოლით, მაგრამ 25 კაცში ვერ მოხვდა.

შინ დარჩენილთა ნაკრები
"დეილი მეილმა" ესპანეთის ნაკრების ისეთი გუნდი დაასახელა, რომელიც დელ ბოსკეს 25-კაციან სიაში საერთოდ არ მოხვდა. მაშ ასე, საფრანგეთში ვერწასულთა გუნდი ასე გამოიყურება: ადრიანი - ბელერინი, ხავი მარტინესი, ნაჩო, სერხი რობერტო - მატა, გაბი, კასორლა - ნავასი, კოშტა, ალკასერი.

როგორც ხედავთ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გვარი ამოტივტივდა. მაგალითად, "ბაიერნის" უნივერსალ ხავი მარტინესის, რომელიც ბოლოს შესანიშნავ ფორმაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვასკესს რა უნდა , წაეყვანა პაკო ალკასერი, მგონი გუნდის თავდასხმა არ გამოიყურება ეფექტურად
კოკიტო
20:27 18-05-2016
0
ვასკესი მაგარია, იმედია გაიბრწყინებს ევრო 2016-ზე
beqa
21:54 20-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული