ვან გაალი დენთის კასრზე

AutoSharing Option

გუშინდელი დღის შემდეგ, „ბაიერნის“ უკიდურესად ოპტიმისტი მწვრთნელი ლუის ვან გაალი სერიოზულად უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ შესაძლოა, ძალიან მალე უმუშევარი დარჩეს. ეს კვირა რეკორდმაისტერისთვის ძალიან მძიმე გამოდგა: დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩემპიონობის პრაქტიკული შანსის დაკარგვის შემდეგ, მიუნხენური გრანდი გერმანიის თასის ნახევარფინალიდანაც გავარდა (0:1 შალკესთან) და მიუხედავად იმისა, რომ მილანში 1:0 აქვს მოგებული, ასეთ ცუდ ფორმაში მყოფი „ბაიერნის“ ქომაგებს უკვე ისიც აღარ სჯერათ, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა. ერთი სიტყვით, შარშან დუბლის შემსრულებელ (ჩემპიონობა და თასი) „ბაიერნს“ ამ სეზონში სრული კრახი ემუქრება. ფაქტია,

რომ ბავარიელებმა უკვე დაკარგეს ორი ტიტული და შესაბამისად, ვან გაალის კრედიტიც ფაქტობრივად ამოწურულია და შაბათს მისმა გუნდმა „ჰანოვერში“ აუცილებლად, ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს.

მიუნხენურ გრანდს ჰანოვერში ფრეც კი აღარ ეპატიება. თვითონ განსაჯეთ, მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი ასეთია: „ბაიერნმა“ ჰანოვერში რომ წააგოს, ამ გუნდს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მესამე ადგილს ხუთი ქულის დისტანციაზე დაშორდება და თუ „ლევერკუზენი“ „ვოლფსბურგს“ დაამარცხებს, სასურველ მეორე ადგილამდე ჩამორჩენა შვიდ ქულას შეადგენს, რაც უკვე ძალიან ბევრი იქნება. „ბაიერნს“ დარჩება 9 თამაში იმისათვის, რომ არ დარჩეს ჩემპიონთა ლიგის მიღმა და ყველამ ვიცით, რომ მიუნხენელებს გაისად ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში ასპარეზობა ძალიან უნდათ, რადგან 2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში უნდა გაიმართოს.

რამდენად რეალურია ის, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელებმა ვან გაალი დაიფრინონ? მართალია, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, მწვრთნელის შესახებ დისკუსია არ დაწყებულა და ვფიქრობ, რომ არც დაიწყებაო, მაგრამ ეს საპნის ოპერაა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა იანვარში, „ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, რა შემთხვევაში დაფიქრდება მწვრთნელის შეცვლაზე, ასეთი პასუხი გასცა: „ეს მაშინ მოხდება, როცა ვიგრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სერიოზული საფრთხის ქვეშაა! ასეთ შემთხვევაში ზუსტად ისე ავნერვიულდები, როგორც ეს ორი წლის წინ, იურგენ კლინსმანის შემთხვევაში მოხდა.“
გაგახსენებთ, რომ ჰიონესმა კლინსმანი 2009 წლის 27 აპრილს გააგდო - სხვათა შორის, საკუთარ მოედანზე „შალკესთან“ 0:1-ზე წაგების შემდეგ. მაშინ „ბაიერნი“ მესამე ადგილზე იყო, ლიდერ „ვოლფსბურგს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებოდა, მეორეადგილოსან „ჰერტას“ კი სულაც ერთით. ამრიგად, აბსოლუტურად ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ვან გაალს შაბათს, „ჰანოვერთან“ შეხვედრაში მხოლოდ მოგება თუ გადაარჩენს და ისიც დროებით.

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ წაგების (1:3) შემდეგ, „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა თქვა, უმძიმეს სიტუაციაში ვართო და დასძინა, გერმანიის თასი არის ტიტული, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთო. ნერლინგერის ამ განცხადებას კი თასიდან გავარდნა მოჰყვა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვან გაალს აღარც ფეხბურთელები უდგანან მხარში. მოთამაშეების უდიდეს ნაწილს დიდი ხანია აღარ მოსწონს ის, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგაც კი, ლუისი შეგირდებს წნეხის ქვეშ აქცევს და თითოეულ მათგანს ყველაფრის თავიდან დამტკიცებას სთხოვს. „შალკესთან“ წაგების შემდეგ ვან გაალის „უპირველესმა მეგობარმა“ არიენ რობენმა მოედანი მაშინვე უსიტყვოდ დატოვა - „ბილდის“ ინფორმაციით, ლუისი გულზე აღარც ჰოლანდიელ დრიბლიორს ეხატება. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე წერს „ბილდი“, რომ თუ „ბაიერნი“ ჰანოვერში ვერ მოიგებს, ვან გაალს ჩემოდნების ჩალაგება მოუწევს...

ზოგადად, ძალიან იშვიათია ხოლმე შემთხვევა, როცა „ბაიერნი“ სეზონის წინ დასახული მიზნების მიღწევის შანსს მარტის დასაწყისში კარგავს. ჩვენს გერმანელ კოლეგებს რობენის საქციელიც ცუდად ენიშნათ - ჰოლანდიელმა საფინალო სასტვენიდან ზუსტად 15 წუთში, ავტობუსს უსიტყვოდ მიაშურა და ჟურნალისტებს ერთადერთი სიტყვა გადაუგდო: „ჩაო!“ მანამდე კი მხოლოდ კაპიტანმა ფილიპ ლამმა გაბედა ფანებთან მიახლოვება და მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდა, მოგვიანებით კი თქვა: „სეზონის გადარჩენა უკვე ძალიან ძნელია. ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგულია, თასიდანაც გამოვარდით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნი“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს. მატჩის დროს ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ და ამიტომაცაა, ასე საშინლად რომ გამოვიყურებით. „შალკეს“ ბევრი კუთხური თუ ჯარიმა ვაჩუქეთ, აღარაფერს ვამბობ გაშვებულ გოლზე, რომელიც ჩვენმა დაცვამ რაულს ლანგრით მიართვა. არანაირი კონცენტრაცია და „ბაიერნისთვის“ დამახასიათებელი სიჭკვიანე - საქმე მართლა ცუდადაა.“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვან გაალმა თქვა, „შალკემ“ მხოლოდ ერთი რეალური მომენტი შექმნა და ისიც გოლად აქციაო. ლუისი არ ფიქრობს, რომ ჩემოდნებზე ზის, თუმცა ამბობს, ეს არცაა ჩემი გადასაწყვეტიო. „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვაკეთებ,“ - ასეთი იყო ბოლო სიტყვები.

გაცილებით საინტერესო იყო ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვები, რომელმაც თქვა: „ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეტოქეებმა იციან, როგორ უნდა ითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. საკმარისია, ფლანგებზე რიბერი და რობენი კარგად ჩაკეტონ, რომ ჩვენ ვეღარაფერს ვახერხებთ. „შალკემ“ დღეს სამი საყრდენი ნახევარმცველით ითამაშა და მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ფელიქს მაგათს უნდოდა.“
შვაინი აბსოლუტურად მართალია, რაც „დორტმუნდთან“ და „შალკესთან“ მატჩებში დამტკიცდა და ახლა უკვე რეალურად შესაძლებელია, რომ მილანის „ინტერთან“ საპასუხო შეხვედრაშიც დამტკიცეს. ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფია მხოლოდ წინ ან გვერდით გაკეთებულ პასს აღიარებს, ლუისის ხელში „ბაიერნის“ ფეხბურთელებს პასის უკან მიცემის უფლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვთ - მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ზედიზედ ორი საშინაო მარცხი „ბაიერნმა“ ბოლოს 2001 წლის აპრილში განიცადა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ეს სულაც არ იყო მტკივნეული, რადგან 2001 წელს რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც. ეს უკანასკნელი კი ახლა ერთადერთი ტურნირია, რომლის მოგებაც ბავარიელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, მაგრამ ასეთი თამაშით? რობენი ყოველთვის ხომ ვერ გაისვრის...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული