„ბაიერნთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ემოციური ზეიმის დროს, ნური შაჰინმა „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს შემთხვევით სათვალე გაუტეხა
მას მერე, რაც იურგენმა დორტმუნდული კლუბი ჩაიბარა, „შავ-ყვითლებს“ 49 მატჩი მოაგებინა და თუ BVB დღესაც გაიმარჯვებს, ეს კლოპისთვის „დორტმუნდის“ მწვრთნელის რანგში საიუბილეო, რიგით 50-ე მოგება იქნება. პირდაპირ ვთქვათ, რომ „ბორუსიას“ მორიგი სამი ქულის აღების საუკეთესო შანსი აქვს, რადგან „კიოლნი“ იმ გუნდების კატეგორიას განეკუთვნება, დორტმუნდში თითქმის ყოველთვის რომ მარცხდებიან ხოლმე. თვითონ განსაჯეთ: ზუსტად 20 წელია, რაც „კიოლნს“ დორტმუნდში არ მოუგია. „თხები“ საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, განსაკუთრებით კარგად კი მათი ლიდერი ლუკას პოდოლსკი გამოიყურება, რომელმაც მეორე წრის 7 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო, რითაც სეზონის მეორე ნახევრის საუკეთესო ბომბარდირია.
პირველ წრეში „ბორუსიამ“ კიოლნში 2:1 მოიგო და თუ გახსოვთ, იმ მატჩს დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელიც სწორედ პოდოლსკის დამსახურება იყო. გაგახსენებთ: ლუკასმა ანგარიში რომ გაათანაბრა, დორტმუნდელთა თურქ ნახევარმცველ შაჰინს უხამსი ჟესტი გაუკეთა და თითების კომბინაციით გაახსენა 3:0 - სწორედ ამ ანგარიშით დაამარცხა იმ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიამ თურქეთი. თუმცა პოდოლსკიმ შაჰინის პროვოცირება ვერ შეძლო. მეტიც: რამდენიმე წუთში სწორედ შაჰინმა გაიტანა გამარჯვების გოლი და ამით გახარებული პოდოლსკის შემართული მუშტით ცხვირწინ ჩაუსრიალდა - რითაც ანიშნებდა, რომ ეს შურისძიება იყო. ლუკასი კი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა...
პოდოლსკი და შაჰინი დღეს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. პოლდი ამბობს, შაჰინი საერთოდ არ მაინტერესებს, დორტმუნდიდან კი სამი ქულის წაღებაზე ვფიქრობო. „თხების“ მთავარი მწვრთნელი ფრანკ შეფერი კი პირობას დებს, რომ თამაშამდე პოდოლსკის სერიოზულად დაელაპარაკება და აუხსნის, რომ დორტმუნდელების პროვოცირება მას კარგს არაფერს მოუტანს.
„ფაქტია, რომ დორტმუნდელი გულშემატკივრები პოდოლსკის სტვენას აუტეხავენ და ლუკასი ამისთვის მზად უნდა იყოს, ნერვები არ უნდა მოეშალოს. მე მას აუცილებლად დაველაპარაკები და დავარიგებ, - აცხადებს შეფერი და იქვე დასძენს, - პირველი წრისგან განსხვავებით, ლუკასი ახლა გუნდის კაპიტანია და გაცილებით მეტი მოეთხოვება. ნერვებს არ უნდა აჰყვეს და ფეხბურთის გარდა არაფერზე არ უნდა იფიქროს. იმედი მაქვს, რომ შაჰინს აღარ დაუპირისპირდება.“
მაშინ პოლდიმ და შაჰინმა თამაშის მერე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ითქვა, რომ შერიგდნენ, მაგრამ თუ ლუკასის ხასიათს გავითვალისწინებთ, ეს უფრო პუბლიკაზე გათვლილი ჟესტი იყო და არა გულახდილი შერიგება.
ბორუსია (დ)-კიოლნი 23:30
ტრავმა: ოვომოიელა, კაგავა, ზიდანი - ჟერომელი, მაკენა, შორხი, მატუშიკი, ჩიჰი
სტატისტიკა: კიოლნი-ბორუსია (დ) 1:2. დორტმუნდელებს „კიოლნთან“ საკუთარ მოედანზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (12 მოგება, 1 ფრე) და ბოლო ხუთიდან ხუთივე მოიგეს
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, გროსკროიტცი - ბარიოსი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი, პეტიტი - ჟაჟალო, პოდოლსკი, კლემენსი - ნოვაკოვიჩი.
არბიტრი: გიუნტერ პერლი (პულახი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 24 18 4 2 52-14 58
2. ლევერკუზენი 24 13 7 4 50-34 46
3. ჰანოვერი 24 14 2 8 34-31 44
4. ბაიერნი 24 12 6 6 50-30 42
5. მაინცი 24 13 1 10 37-30 40
6. ჰამბურგი 24 11 4 9 35-32 37
7. ფრაიბურგი 24 11 4 9 31-31 37
8. ნიურნბერგი 24 10 6 8 34-32 36
9. ჰოფენჰაიმი 24 8 9 7 41-35 33
10. შალკე 24 8 6 10 29-29 30
11. კიოლნი 24 8 5 11 31-42 29
12. ზანკტ პაული 24 8 4 12 27-38 28
13. აინტრახტი 24 8 3 13 24-34 27
14. ვოლფსბურგი 24 6 8 10 29-34 26
15. ვერდერი 24 6 7 11 30-50 25
16. კაიზერსლაუტერნი 24 6 6 12 33-42 24
17. შტუტგარტი 24 6 4 14 42-47 22
18. ბორუსია (მ) 24 5 4 15 35-59 19.
.