სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზურია - ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" გუშინ ითამაშა და მოიგო, შესაბამისად, დღევანდელ და ხვალინდელ მატჩებში ყურადღების ცენტრში მიუნხენის "ბაიერნია" - რეკორდმაისტერი ჰანოვერში ჩადის და უმძიმესი წნეხის ქვეშაა. "შტუტგარტს" გასავარდნი ზონიდან ამოსვლა უნდა, ამისათვის კი "შალკეს" დამარცხება სჭირდება. იგივე უნდა ითქვას ბრემენის "ვერდერზეც", რომელიც ხვალ ფრაიბურგში ჩადის. ტურს "ჰამბურგისა" და "მაინცის" დაპირისპირება დახურავს.


ჰანოვერი ბაიერნს ჩემპიონთა ლიგას ედავება
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მთავარი დუელი "ჰანოვერთან" უწევს. რაკი მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად დაკარგა და ოთხშაბათს გერმანიის თასიდანაც გავარდა, ლუის ვან გაალი გუნდი
მირკო სლომკას სამწყსოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ უმძიმესი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული. "ბაიერნს" მეორე ადგილზე გასვლისა და შესაბამისად, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსის დაკარგვის საფრთხე ემუქრება და საკმარისია, ბავარიელები ჰანოვერში დამარცხდნენ, რომ მეორე ადგილს ვინ ჩივის, მესამეც საოცნებო გაუხდებათ.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვითარების სიმძიმეს კი ყველაზე მეტად ვან გაალი გრძნობს, რომელიც დღეს, ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაში ბასტიან შვაინშტაიგერს ვერ გამოიყენებს. შვაინიმ წინა ტურში (დორტმუნდთან 1:3) მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

სამაგიეროდ, ჰანოვერელები ძალიან მსუბუქად არიან. სლომკას გუნდი ახლა მესამე ადგილზეა და ეს პოზიცია რომც ვერ შეინარჩუნოს, მირკოს არავინ დაძრახავს, რადგან "ჰანოვერისთვის" საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაც კი დიდი წარმატება იქნება, რასაც სეზონის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. "ჰანოვერი" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ამით ტკბება. სლომკას მთავარი თავდამსხმელის, დიდიე ია კონანის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა და თუ მოახერხა და "ბაიერნი" დაამარცხა, "წითლები" ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ცოცხლად მოსმენაზე უკვე აბსოლუტურად თამამად იოცნებებენ.

შტუტგარტს ფსკერიდან ამოსვლა უნდა
"შალკე" ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში მოგზაურობას განაგრძობს. გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნის" დამარცხების, შესაბამისად ფინალის საგზურის განაღდების შემდეგ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ვალენსიასთან" საპასუხო მატჩის წინ (პირველი შეხვედრა "მესტალიაზე" 1:1 დამთავრდა, რაც გელზენკირხენულ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის ჩინებულ შანსს აძლევს), "შალკე" ბუნდესლიგას და მისთვის მოსაწყენ ყოველდღიურობას შტუტგარტში უბრუნდება.

ფაქტია, რომ ფელიქს მაგათის გუნდი წელს ბუნდესლიგაში ვეღარც ვერაფერს მიაღწევს და თუ სასწაული არ მოხდა, არც მეორე ბუნდესლიგაში გავარდება, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას კი გელზენკირხენელები გერმანიის თასის ფინალის (დუისბურგთან) მოგებით შეეცდებიან. ასე რომ, "შალკე" გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ პრესტიჟის ქულებისთვის თუ იბრძოლებს. ისევე, როგორც "ბაიერნთან", მაგათი ტრავმირებულ კლაას-იან ჰუნტელაარს ვერც დღეს გამოიყენებს.

აი, შტუტგარტელები კი გადარჩენისთვის ბრძოლაში არიან ჩართულები და წინა ტურში "აინტრახტის" დამარცხებამ (2:0) ბრუნო ლაბადიას გუნდს აშკარად ფრთები შეასხა. ბრუნო და მისი შეგირდები ახლა "შალკეს" დამარცხებაზეც ფიქრობენ, ოღონდ ამისათვის ბრძოლა კაპიტან მატიო დელპიერის გარეშე მოუწევთ, რომელიც წინა ტურში გააძევეს და შესაბამისად დისკვალიფიცირებულია.

რომელი დაძლევს კრიზისს, აინტრახტი თუ კაიზერსლაუტერნი?
"აინტრახტმა" პირველი წრე საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში დაასრულა და მიხაელ სკიბეს გუნდს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე წესით არ უნდა დამუქრებოდა, მაგრამ მას მერე, რაც მეორე წრე დაიწყო, ფრანკფურტელებს, თამაშის მოგებას ვინ ჩივის, გოლიც კი არ გაუტანიათ და გასავარდნ ზონასაც მიუახლოვდნენ. დღეს "აინტრახტი" კიდევ ერთ კრიზისში მყოფ გუნდს, "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობს, რომელსაც მეორე წრეში ასევე არ გაუმარჯვია.

ფრანკფურტული კლუბის ხელმძღვანელებმა სკიბეს ფსიქოლოგის მიწვევა ურჩიეს, მაგრამ მწვრთნელმა უარი თქვა, ფსიქოლოგი არ გვჭირდებაო. მას მიაჩნია, რომ "აინტრახტს" მეორე წრეში უბრალოდ არ უმართლებს. "ლაუტერნშიც" არეულ-დარეული სიტუაციაა: "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ძალიან ბრაზობენ თავდამსხმელ სრდიან ლაკიჩზე, რომელიც, მას მერე, რაც გადაწყდა, რომ ზაფხულში "ვოლფსბურგში" გადავა, ძალიან ცუდად თამაშობს.

აუტსაიდერი მიონხენგლადბახის "ბორუსია" მეორე საშინაო მატჩს ატარებს მას მერე, რაც გუნდს სათავეში ლუსიენ ფავრი ჩაუდგა. შეგახსენებთ, რომ "გლადბახმა" ამ მწვრთნელის ხელში პირველი საშინაო თამაშის მოგება შეძლო, ახლა კი, "ჰოფენჰაიმთან" მორიგი გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში "გლადბახის" ბოსებს შეუძლიათ, მეორე ბუნდესლიგაზე სერიოზულად იფიქრონ. იმის გათვალისწინებით, რომ "ბორუსიამ" წინა ტურში "ვოლფსბურგში" ისევ ცუდად ითამაშა, ფავრი ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს. "ჰოფენჰაიმი" კი ცხრილის შუაშია და ამ სეზონში ფაქტობრივად აღარაფერი ადარდებს.

"ნიურნბერგი", რომელმაც სეზონის წინ დასახულ მიზანს უკვე მიაღწია და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება (თანაც, ექვსმატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს თავს), შედარებით ანერვიულებულ "ზანკტ პაულის" მასპინძლობს. თუ ფრანკები ამ თამაშსაც მოიგებენ, მერე შეუძლიათ, ევროპის ლიგის საგზურზეც კი იოცნებონ. "ნიურნბერგს" დღეს შესაძლოა ილქაი გიუნდოგანი დაუბრუნდეს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

ჰელმესი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
საღამოს მატჩში "ლევერკუზენი" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. იუპ ჰაინკესის გუნდმა წინა ტურში ბრემენში ორი ქულა ბოლო წუთებზე დაკარგა და ლევერკუზენელები დანაკარგის ანაზღაურებას "მგლებთან" საშინაო მატჩში აპირებენ. ჰაინკესმა თქვა, კონტრაქტს სავარაუდოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებ, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთო. ასე რომ, თუკი "ფარმაცევტებს" ჰაინკესის შენარჩუნება სურთ, "ვოლფსბურგთან" სამი ქულა უნდა ჩაიჯიბონ. "ვოლფსბურგმა" წინა ტურში, როგორც იქნა, მოიგო და პიერ ლიტბარსკის შეგირდები მძიმე წნეხისგან ცოტათი გათავისუფლდნენ. საინტერესოა, გაამწესებს თუ არა ლიტბარსკი ძირითად შემადგენლობაში პატრიკ ჰელმესს, რომელიც "ვოლფსბურგმა" იანვარში სწორედ "ლევერკუზენიდან" იყიდა. ჰელმესის კონკურენტი დიუმერსი მბოკანი გახლავთ.

ვერდერი გაცოცხლდება ?
ხვალ ნაშუადღევს "ფრაიბურგი" "ვერდერს" მასპინძლობს და საოცარია ის, რომ "ფრაი" ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ბრემენული კლუბი კი - გადარჩენისთვის. ლოგიკურად კი, პირიქით უნდა ყოფილიყო. "მუსიკოსებმა" ერთი კვირის წინ, "ლევერკუზენთან" ქულა რომ გადაარჩინეს, მწვრთნელმა თომას შააფმა თქვა, მორჩა, გავთავისუფლდით და ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნებაო. "მუსიკოსებს" ტორსტენ ფრინგსი უბრუნდებათ, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა, სამაგიეროდ, ახლა კლემენს ფრიტცია დისკვალიფიცირებული.

საინტერესოა, დააბრუნებს თუ არა შააფი ძირითად შემადგენლობაში მარინის, ჰანტისა და არნაუტოვიჩის შემტევ ტრიოს. ჰანტის თამაში მცირე ტრავმის გამო ისედაც საეჭვოა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი გასვლითი მატჩი "ვერდერმა" ფრაიბურგში დიდი ანგარიშებით - 6:0 - მოიგო, ბოლო 5 გასვლითი შეხვედრიდან კი, "მუსიკოსებს" ბრაისგაუში ხუთივე მოგებული აქვთ (ბურთების შეფარდებით 22:2).

ტურის ბოლო მატჩი კი "ჰამბურგისა" და "მაინცის" დაპირისპირებაა. ეს გახლავთ დუელი საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად და აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ პირველ წრეში "მაინცის" სენსაციური სვლა (7 მოგება 7 ტურის შემდეგ) სწორედ "ჰამბურგმა" შეწყვიტა, როცა არმინ ფეეს ბიჭებმა "შტადიონ ამ ბრუხვეგზე" 1:0 გაიმარჯვეს.

გუშინ
ბორუსია (დ)-კიოლნი 1:0
გოლი: ლევანდოვსკი (44)


დღეს
შტუტგარტი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: დელპიერი (შტუტ)
ტრავმა: ციგლერი, ბოკა, ფ. დეგენი, აუდელი, ფუნკი - ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი, ჰუნტელაარი

აინტრახტი-კაიზერსლაუტერნი 18:30
ტრავმა: ნიკოლოვი, კრისი, ბაირამოვიჩი, კაიო, კლერკი - შიმუნეკი, ბილეკი, ილიჩევიჩი

ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი 18:30
ტრავმა: შტეგენი, ჟორე - გულდე, შიმუნიჩი, ვაისი, ობასი

ჰანოვერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: შვაინშტაიგერი (ბაიერ)
ტრავმა: ავევორი, ანდრეასენი, ია კონანი - ოლიჩი

ნიურნბერგი-ზანკტ პაული 18:30
ტრავმა: იუდტი, ბუნიაკუ, შიბერი - მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, ასამოა

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: ვიდალი (ლევერკუზენი)
ტრავმა: გიფერი, ბალიტში, ბარნეტა - ჩიგერჩი, ჟოსუე


ხვალ
ფრაიბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: მუიჯა - ფრიტცი
ტრავმა: პუპლინი, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი - ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი, აიქი

ჰამბურგი-მაინცი 20:30
ტრავმა: დიკმაიერი, კასტელენი - გოპკო, კარჰანი, ალაგუი, შალაი



თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 25 19 4 2 53-14 61
2. ლევერკუზენი 24 13 7 4 50-34 46
3. ჰანოვერი 24 14 2 8 34-31 44
4. ბაიერნი 24 12 6 6 50-30 42
5. მაინცი 24 13 1 10 37-30 40
6. ჰამბურგი 24 11 4 9 35-32 37
7. ფრაიბურგი 24 11 4 9 31-31 37
8. ნიურნბერგი 24 10 6 8 34-32 36
9. ჰოფენჰაიმი 24 8 9 7 41-35 33
10. შალკე 24 8 6 10 29-29 30
11. კიოლნი 25 8 5 12 31-43 29
12. ზანკტ პაული 24 8 4 12 27-38 28
13. აინტრახტი 24 8 3 13 24-34 27
14. ვოლფსბურგი 24 6 8 10 29-34 26
15. ვერდერი 24 6 7 11 30-50 25
16. კაიზერსლაუტერნი 24 6 6 12 33-42 24
17. შტუტგარტი 24 6 4 14 42-47 22
18. ბორუსია (მ) 24 5 4 15 35-59 19

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 16 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი); 10 - პოდოლსკი (კიოლნი), შიურლე (მაინცი).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული