"ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ვიღებ. ასე იყო მაშინ, როცა გერმანიის ნაკრები დავტოვე და ასეა ახლაც. 11 წლის განმავლობაში
ყველაზე ჭკვიანი
"მე ჯერაც არ მინახავს ფილიპ ლამის ცუდი თამაში. ის არის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი, ვისთანაც კი ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში შეხება მქონია", - თქვა "ბაიერნის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ."ფილიპი სამაგალითო პროფესიონალია. ამას გარდა, ის ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე იყო ჩემთვის. მასთან ერთად ხშირად ვბჭობდი გუნდისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ის არის ბრწყინვალე ფეხბურთელი დიდი გულით, ბრძოლის ჟინითა და მტკიცე ხასიათით. ნაკრებში ყოფნისას იყო სტაბილურობისა და საიმედოობის სიმბოლო. ის არასოდეს ცდილობდა, გამხდარიყო ავტორიტეტული ფიგურა ნაკრებში, ეს ავტორიტეტი თავისთავად მოდიოდა", - ეს უკვე გერმანიის ნაკრების მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის სიტყვებია.
ამგვარ მოსაზრებას კიდევ ბევრს წაიკითხავთ ლამის თანაგუნდელებისგან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ფაქტები. მის ზურგს უკანაა არა მარტო 502 მატჩი "ბაიერნის" მაისურით, არამედ 71 - "შტუტგარტისა" და 113 - გერმანიის ნაკრების სახელით.
და ამ მატჩებში ის არასოდეს გაუძევებიათ მოედნიდან. მეტიც - 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ბუნდესლიგის მატჩებში მას ერთხელაც არ დაურღვევია თამაშის წესი. ზოგმა ეს ფაქტი შეიძლება ლამის საწინააღმდეგოდაც გამოიყენოს, მაგრამ ვისაც "ბაიერნის" თამაშები უნახავს, დაგვეთანხმება - ვერავინ იტყვის, რომ კაპიტანმა თამაშს რამე დააკლო, თავი დაზოგა ან რაღაც ამდაგვარი.
არჩევანი
დანიელა ლამი შვილზე ამბობს - სანამ ფილიპი ქვეყნიერებას მოევლინებოდა, მუცელში თამაშობდა ფეხბურთსო. 5 წლისამ კი თამაში დაიწყო მიუნხენურ კლუბ "ჰერნში", სადაც დედამისი, ფრაუ დანიელა, ჭაბუკთა სექტორს ხელმძღვანელობდა, ხოლო მამა, ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალისტი, ერთ დროს სამოყვარულო გუნდში აგორებდა ბურთს..."ჰერნში" გატარებული 6 წლის შემდეგ ფილიპი არჩევანის წინაშე დადგა - გადასულიყო "ბაიერნში" ან თანაქალაქელ "მიუნხენ 1860"-ში. რა თქმა უნდა, მან პირველი აირჩია და "ოლიმპიაშტადიონზე" იმ ბიჭუნებს შორის მოხვდა, თავიანთ კერპებს ბურთს რომ მიურბენინებდნენ ხოლმე...
"შტუტგარტი" და პირველი აღიარება
ლამს "ბაიერნის" მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა 2002 წლის 13 ნოემბერს. ორი დღით ადრე მას 19 წელი შეუსრულდა, თუმცა მისი ნდობა უკვე შეიძლებოდა. ფილიპი შეცვლაზე შევიდა "ლანსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის (3:3) ბოლო წუთებზე...მაგრამ "ბაიერნის" მაისურით შემდგომ გამოჩენამდე მთელი 3 წელიწადი გავიდა - 2005 წლის 19 ნოემბერს ის ბილეფელდში, "არმინიას" წინააღმდეგ ათამაშეს. მაგრამ მანამდე იყო "შტუტგარტი", რადგან "ბაიერნში" ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუჭირდებოდა დამკვიდრება - "რეკორდმაისტერის" დაცვის ფლანგებზე ხომ მაშინ ვილი სანიოლი და ბიქსენ ლიზარაზუ თამაშობდნენ...
"შტუტგარტი" კი, თამამად შეიძლება ითქვას, ფილიპისთვის გადამწყვეტი გამოცდილება გამოდგა. იმ დროს "შვაბებს" ფელიქს მაგათი ავარჯიშებდა, გუნდის დამრტყმელი ძალა კი კევინ კურანი გახლდათ. ეს ის პერიოდია, როცა "შტუტგარტი", ერთ მშვენიერს დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს (2:1)...
იმავე სეზონში (2003/04, 31 მატჩი) მოვიდა პირველი დიდი აღიარებაც - "ვერდერის" ფორვარდ აილტონის შემდეგ ლამი ბუნდესლიგის საუკეთესოებს შორის მეორე ადგილზე გაამწესეს, თუმცა...
მომდევნო სეზონი, რომელსაც, წესით, კიდევ ერთი ნახტომი უნდა მოჰყოლოდა, სინამდვილეში ნამდვილ კოშმარად იქცა - იანვარში ლამმა ფეხი მოიტეხა, მაისში კი ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ამაზე მეტი უიღბლობა?!
მეკარეობა დააკლდა...
2005 წლის ზაფხულში ლამი "ბაიერნში" დაბრუნდა, ხოლო შემოდგომის მიწურულს მოედანზეც გამოჩნდა. უნივერსალიზმის წყალობით, ფილიპი ჯერ დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენეს. ამ ამპლუაში გაიცნო მსოფლიომ ის გერმანიის ნაკრებშიც. გულშემატკივარი ვერ დაივიწყებს სწორედ ამ პოზიციიდან გატანილ გადამწყვეტ გოლს თურქეთის ნაკრების კარში (ევრო 2008), რამაც ბუნდესნაკრებს ფინალში თამაშის უფლება დაუბევა. ან მანამდე, 2006 წლის საშინაო მუნდიალზე, კოსტა რიკის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლი რად ღირს...
რამდენიმე წლის შემდეგ ლამი, თავისივე სურვილით, დაცვის მარჯვენა ფლანგზე დააყენეს, ხოლო პეპ გვარდიოლას დროს რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.
გამოდის, რომ დაცვითი სტილის მოთამაშეებს შორის ლამის ყველა ამპლუაში გამოსცადა თავი და ვინძლო, მეკარედაც დამდგარიყო საჭიროების შემთხვევაში...
გოლები და კოშმარები
რა თქმა უნდა, ლამი პირველ რიგში დაცვაზე მზრუნველი კაცია. შემთხვევითი არ არის მისი მეტსახელიც - "მისტერ საიმედოობა". კიდევ ერთხელ მოვუხმოთ ფაქტებს: "ბაიერნსა" და "შტუტგარტში" ბუნდესლიგის მასშტაბით ჩატარებულ 373 მატჩში მეტოქეებმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს ლამის შეცდომების (ბურთის დაკარგვა) გამო. თავად კი იმავე ბუნდესლიგაში 14-ჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი, ხოლო გერმანიის ნაკრებში ეს 5-ჯერ მოახერხა. თუმცა იყო ისეთი ეპიზოდებიც, თავადაც რომ ისურვებდა დავიწყებას და ქომაგსაც მწარე მოგონებად ამოუტივტივდება - იტალიის ნაკრებთან ევრო 2012-ის ნახევარფინალში დაშვებული შეცდომა, რამაც საშუალება მისცა მარიო ბალოტელის, მეორედაც აეღო მანუელ ნოიერის კარი და, ფაქტობრივად, დაემთავრებინა თამაში.
მაგრამ მისი კარიერის ყველაზე დიდ კოშმარად მაინც ფერნანდო ტორესი რჩება. ჯერ კიდევ 2002 წელს, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, ტორესმა გადამწყვეტი გოლი გაუტანა ფილიპ ლამის გერმანიას.
მერე იყო ევრო 2008-ის ფინალი, როცა ტორესმა უშუალოდ ლამთან ჭიდილში მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და ესპანეთის ნაკრების კვარცხლბეკზე აყვანა...
მერეც, 2010 წლის მუნდიალზე თუ 2012 (ფინალი) და 2015 წლების (ნახევარფინალი) ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ლამს ტორესისგან საკმაოდ "მოხვდა".
ბალაკის მემკვიდრე და კლაუდიას ქმარი
2007 წლის 22 აგვისტოს ფილიპ ლამმა პირველად მოირგო გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლავური, რომელიც ინგლისთან ამხანაგურ მატჩში ბერნდ შნაიდერისგან მიიღო (შტატიანი და ხელშეუხებელი კაპიტანი მიხაელ ბალაკი იმ შეხვედრაში არ თამაშობდა). 2010 წლის მუნდიალზე კი ფილიპს გაუმართლა - ტრავმის გამო ბალაკი სამხრეთაფრიკულ ბატალიებს გამოაკლდა, გუნდმა კი ახალი კაპიტნის როლში სწორედ მას დაუჭირა მხარი.
სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ "მისტერ საიმედოობა" დაქორწინდა კლაუდია შატენბერგზე, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ეტრფოდა.
კრიტიკოსი
ლამი არასოდეს ერიდებოდა ვინმეს კრიტიკას. 2009 წელს სწორედ "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკის გაკრიტიკების გამო კლუბმა 50 ათასი ევროს ჯარიმა დააკისრა. 2011 წელს კი გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც გაკენწლა რუდი ფიოლერის, ფელიქს მაგათის, იურგენ კლინსმანისა და ლუის ვან გაალის სამწვრთნელო ხედვები.სხვათა შორის, ამ წიგნმა თავად ლამსაც დაატეხა კრიტიკის ქარცეცხლი, მათ შორის - გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან.
გამოთხოვება ნაკრებთან
2014 წლის მუნდიალის ფინალში არგენტინასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ ლამმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ეროვნულ გუნდს. ეს იმდენად რეზონანსული ამბავი იყო, რომ თვით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც კი გამოეხმაურა სამთავრობო სხდომაზე - კაპიტნის გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა და თან მადლობაც გადაუხადა ქვეყნის წინაშე დამსახურებებისთვის.
ნაკრებთან ერთად ლამმა ექვს დიდ ტურნირზე ითამაშა - 2004, 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2006, 2010 და 2014 წლებში მსოფლიოს თასზე.
ხელიდან გაშვებული რეკორდები
ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ლამი აგრძელებდა ჯილდოების შეგროვებას "ბაიერნის" მაისურით. მიუნხენური გრანდის სახელით ის 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული. ამ მხრივ, ფილიპი მხოლოდ მეჰმეთ შოლს, ოლივერ კანსა და ბასტიან შვაინშტაიგერს ჩამორჩება (სამივეს 8-8 ტიტული აქვს). კლუბში ოფიციალური მატჩების რაოდენობით კი ლამი გაუთანაბრდა შვაინშტაიგერს, რომელთან ერთადაც მე-8 პოზიციას იყოფს "ბაიერნის" ყველა დროის ვარსკვლავებს შორის. აქ კი ლიდერი, ჯერჯერობით, ოლივერ კანია 632 მატჩით.
ბოლომდე კონტრაქტის (2018 წლის ივლისამდე) ერთგული რომ დარჩენილიყო, ფილიპ ლამი, დიდი ალბათობით, ერთპიროვნულ რეკორდებზე წავიდოდა, მაგრამ... მან სხვანაირად გადაწყვიტა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"