სათაურის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა, გაგეცინათ და ფიქრობთ, რომ ეს უტოპიაა, რადგან როგორ შეიძლება, იოახიმ ლიოვი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს მაშინ, როცა ეს უკანასკნელი გერმანიის ნაკრებში ძალიან კარგად მუშაობს და პოსტის დაკარგვის იოტისოდენა საფრთხეც კი არ ემუქრება. გეთანხმებით, აბსოლუტურად მართალი ხართ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია...
მოგეხსენებათ, გადაწყდა, რომ ლუის ვან გაალი "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმცა ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, რომ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებმა ჰოლანდიელი მანამდეც დაიფრინონ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეკორდმაისტერი შედეგებს არ გამოასწორებს და მაგალითად, ჩემპიონთა
ახლა რაც შეეხება მთავარს: გუშინ აბსოლუტურად ყველა გერმანულმა გაზეთმა დაწერა, რომ "ბაიერნის" ხელმძღვანელები სერიოზულად ფიქრობენ ბუნდესმწვრთნელ ლიოვზე. როგორ და რანაირად? აგიხსნით: "ბილდის", "შპორტ აინსის", "შპიგელის", "ფრანკფურტერ ალგემაინეს" და სხვა გამოცემების მტკიცებით, პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ხანგრძლივი სამოქმედო გეგმა გაწერეს. მათ სურთ, რომ ზაფხულში "ბაიერნი" იუპ ჰაინკესს ჩააბარონ. ეს უკანასკნელი ახლა "ლევერკუზენის" დამრიგებელია, მაგრამ "ფარმაცევტებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას აჭიანურებს და თუ მიუნხენელები მოინდომებენ, ზაფხულში თავისუფალი იქნება. ჰიონესისა და რუმენიგეს გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ჰაინკესს გუნდი ერთი წლით, ანუ, 2012 წლის ზაფხულამდე ჩააბარონ. ძაღლის თავიც აქაა დამარხული: იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი სწორედ 2012 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უმთავრდება...
მოვლენების ასეთი განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ლიოვი "ბაიერნის" ბოსებს ახლავე მისცემს თანხმობას. ეს კი, გერმანელი ექსპერტების მტკიცებით საკმაოდ რეალურია. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი წერენ, რომ ჰიონესსა და ლიოვს შორის უკვე შედგა სატელეფონო საუბარი და ული იოგისგან პასუხს ელოდება.
ვიდალი და შაჰინი მიუნხენში?
გარდა ამისა, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა უკვე ტრანსფერებზეც დაიწყეს ზრუნვა და ზაფხულისთვის ორ ძალიან კარგ ფეხბურთელს უმიზნებენ. "ბილდის" ინფორმაციით, "ბაიერნში" გადასვლის უპირველესი კანდიდატი "ლევერკუზენის" ჩილელი საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალია, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს (9 გოლი და 9 საგოლე პასი მიმდინარე სეზონში). ვიდალს "ფარმაცევტებთან" კონტარქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში "ლევერკუზენს" მისი გაყიდვის ბოლო შანსი აქვს. ფაქტია, რომ თუ "ბაიერნი" ვიდალით მართლა სერიოზულად დაინტერესდა, ეს უკანასკნელი "ლევერკუზენთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვის, რითაც თავის ამჟამინდელ გუნდს აიძულებს, ზაფხულში მის გაყიდვას დათანხმდეს. ჰიონესისა და რუმენიგეს აზრით, ვიდალი ის ფეხბურთელია, რომელიც მარკ ვან ბომელის წასვლით შექმნილ სიცარიელეს იდეალურად ამოავსებს.
ვან გაალის მიერ "ჰოფენჰაიმიდან" ნაყიდმა ლუის გუსტავომ ნახევარდაცვაში იმედები ისე ვერ გაამართლა, როგორც მიუნხენში ფიქრობდნენ და ამიტომაც მიიჩნევენ საჭიროდ შუა ხაზისთვის, ბასტიან შვაინშტაიგერის მეწყვილედ ისეთი ფეხბურთელის ყიდვას, როგორიც ვიდალია. მაგრამ "ბაიერნს" კონკურენტები ჰყავს: ესპანური პრესის ინფორმაციით, ვიდალის გადაბირება მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურს, იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" კი წერს, რომ ჩილელი ნახევარმცველი "მილანსაც" უნდა.
ამასობაში, მიუნხენერ თაგესცაითუნგი იტყობინება, რომ ჰიონესსა და რუმენიგეს ძალიან უნდათ დორტმუნდის "ბორუსიას" თურქი ნახევარმცველის, ნური შაჰინის ყიდვაც. შეგახსენებთ, რომ შაჰინი "კიკერის" შეფასებების მიხედვით ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.