დატრიალდა კარუსელი

AutoSharing Option

როგორც კი "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ზაფხულში ლუის ვან გაალს გაათავისუფლებენ, ბუნდესლიგაში სერიოზული სამწვრთნელო დისკუსიები დაიწყო. ორშაბათს ვან გაალის წასვლა გაცხადდა, სამშაბათს "ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემ თქვა, რომ სეზონის ბოლოს ჩრდილოგერმანულ კლუბს დატოვებს, გუშინ კი "ბილდის" თაოსნობით, თითქმის ყველა გერმანულმა გამოცემამ დაწერა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "შალკედან" ფელიქს მაგათს გაათავისუფლებენ... აი, ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა და ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ შესაძლოა, მაგათი "შალკეში" უფრო ადრეც მოხსნან.
აღსანიშნავია, რომ სხვა გერმანულ კლუბებშიც სამწვრთნელო ქაოსებია. მივყვეთ
თანმიმდევრობით:

შალკე: დუტი ან რეჰაგელი დუტამდე?

"ბილდის" ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ მაგათს "შალკეს" დაატოვებინებენ - სეზონის ბოლოს, ან უფრო ადრე. "ბილდისვე" ცნობით, "დესპოტი ფელიქსის" შემცვლელად, რომელიც გელზენკირხენულ კლუბში 2009 წლის ზაფხულიდან მუშაობს, "ფრაიბურგის" ამჟამინდელი, ძალიან წარმატებული სპეციალისტი რობინ დუტი მიიჩნევა. ოღონდ, დუტი "შალკეს" მხოლოდ ზაფხულიდან თუ ჩაიბარებს და თუ გელზენკირხენში მაგათი მანამდე დაიფრინეს, ასეთ შემთხვევაში "შალკეს" შეფები გუნდს სეზონის ბოლომდე ოტო რეჰაგელს ჩააბარებენ. მაგათმა გუშინ, "ვალენსიასთან" შეხვედრამდე თქვა, რომ არაფერი იცის და მისთვის არავის უთქვამს, რომ ზაფხულში წასვლა მოუწევს.

ბაიერნი: ჯერ ჰაინკესი, მერე ლიოვი?

ზაფხულში ვან გაალის წასვლა ოფიციალურად დადასტურებულია. რეკორდმაისტერის ბოსების მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ გუშინდელ ნომერში ვწერდით: ული ჰიონესს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს უნდათ, რომ გუნდი ერთი წლით იუპ ჰაინკესს ჩააბარონ, 2012 წელს კი დამრიგებლად ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი დანიშნონ. საინტერესო ის არის, რომ თუ ასე მოხდა, მწვრთნელის პრობლემა "ლევერკუზენსაც" შეექმნება - ჰაინკესი ხომ "ფარმაცევტების" დამრიგებელია.

ჰამბურგი: მაგათი ბრუნდება?

"ბილდის" ინფორმაციით, "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა სერიოზულად დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ გუნდი ზაფხულში ფელიქს მაგათს ჩააბარონ - თუკი მას "შალკედან" გაუშვებენ. შეგახსენებთ, რომ მაგათი ძველი ჰამბურგელია.

ვოლფსბურგი: ლიტბარსკი მხოლოდ ზაფხულამდე

გათავისუფლებული სტივ მაკლარენი დროებით პიერ ლიტბარსკიმ შეცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მგლების" ხელმძღვანელებმა "ლიტის" გუნდი დიდი ხნით ჩააბარონ. მეტიც, მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა უკვე თქვა, რომ ლიტბარსკი მხოლოდ ზაფხულამდე იმუშავებს და ახალი სერიოზული მწვრთნელის ძებნასაც შეუდგა.

სხვადასხვა

ფრანკფურტის "აინტრახტს" ბუნდესლიგის მეორე წრეში, თამაშის მოგებას ვინ ჩივის, ერთი გოლიც კი არ გაუტანია. შესაბამისად, ჩვენი გერმანელი კოლეგების ვარაუდით, დიდი შანსია, რომ ფრანკფურტული კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი მიხაელ სკიბე ძალიან მალე დაიფრინონ. სერიოზულ მწვრთნელს ეძებს "ჰოფენჰაიმიც" - მას მერე, რაც გათავისუფლებული რალფ რანგნიკი დროებითმა მწვრთნელმა მარკო პეცაიუოლიმ შეცვალა, "სოფლელებს" მაინც არ მისდით საქმეები კარგად.
რობინ დუტისთვის მარტო "შალკე" როდი იბრძვის - მისი გადაბირება "ლევერკუზენს" და "შტუტგარტსაც" სურთ. ფაქტი ერთია: ზაფხულში ფრაიბურგის შეფებსაც ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევთ. ვაგლახ, ფოლკერ ფინკე "კიოლნის" სპორტული დირექტორია...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული