ჰაინკესი მიუნხენს უახლოვდება

AutoSharing Option
როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო, რადგან გადაწყვეტილია, რომ ლუის ვან გაალი ზაფხულში რეკორდმაისტერს დატოვებს. "ბილდის" ცნობით, ამჟამად "ლევერკუზენის" დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ბავარიულ გრანდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "დონ იუპი" "ბაიერნის" ხელმძღვანელებისთვის ნომერ პირველი და ყველაზე სასურველი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, "ფარმაცევტებთან" ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია და როგორც ჩანს, აღარც აპირებს. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ ჰაინკესი ორჯერ უკვე წვრთნიდა "ბაიერნს": პირველად 1987-დან 1991 წლამდე, მეორედ კი
2009 წელს, როცა რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის მეორე წრეში, დროებით ჩაიბარა.

ამასობაში, ვან გაალმა პირველი პრესკონფერენცია გამართა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს "ბაიერნის" დატოვება მოუწევს და არ გამორიცხა, რომ პოსტი თვითონ, ვადამდე ადრე დატოვოს. "თუ ზაფხულამდე შევამჩნევ, რომ გუნდი არ მემორჩილება და აქ უკვე ზედმეტი ვარ, გამორიცხული არ არის, რომ თანამდებობა სეზონის დამთავრებამდე მეთვითონ დავტოვო. "ბაიერნი" უფრო დიდია, ვიდრე ვან გაალი," - თქვა ჰოლანდიელმა და იქვე დასძინა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული