მწვრთნელთა ვარამი გერმანიაში
"ბაიერნმა" რობენისა და რიბერის "მეცადინეობით" ექვსი გოლი გაიტანა, თუმცა სასწაულები სხვაგანაც მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ მიუნხენურმა გრანდმა "ინტერთან" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხასიათი გამოიკეთა, "ჰამბურგი", "შალკე" და "ვოლფსბურგი" კი იმ მტვერში ბუღრაობენ, რომელიც თვითონვე შექმნეს: "ჰამბურგში" ზაფხულში გასაგდები მწვრთნელი ახლავე დაიფრინეს, გელზენკირხენში კაციშვილმა არ იცის, ფელიქს მაგათი ახლავე წავა, ზაფხულში, თუ საერთოდ არ წავა, ვოლფსბურგში კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ დროებით დანიშნული მწვრთნელის, პიერ ლიტბარსკის ხელში გერმანიის ექს-ჩემპიონი, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდეს.
თქვენ წინაშეა ამ და
"ჰოფენჰაიმთან" წაგებამ (0:1) დორტმუნდელებს ხასიათი ოდნავ წაუხდინა და მიუხედავად იმისა, რომ "ლევერკუზენთან" სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა, "ბორუსიაში" ამ მარცხისგან ტრაგედიას არ ქმნიან. წაგება ყველამ BVB-ს მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს დააბრალა...
ზუსტად ექვსი კვირის წინ "ბორუსიას" გადაწყვიტა, დილაობით წვერი არ გაეპარსა და მისი შეგირდები ფანტასტიკურად თამაშობდნენ. სწორედ გაუპარსაობის პერიოდში დაამარცხა "ბორუსიამ" "ბაიერნი" 3:1 და იმაზე აღარც ღირს ლაპარაკი, "შავ-ყვითლებს" 2011 წელს წაგება საერთოდ რომ არ ჰქონდათ. "ჰოფენჰაიმთან" მატჩის წინ კი, კლოპმა რატომღაც გაპარსვა გადაწყვიტა და მისმა გუნდმაც წააგო. მატჩის შემდეგ დორტმუნდელი ქომაგები მღეროდნენ, დიდი ამბავი, თუ რობიზონ კრუზოს გავხარ, იურგენ, წვერი ძალიან გიხდებოდაო...
დაუკარით! მეორე ბუნდესლიგაში...
მაშინაც კი, როცა ძალიან გაბრაზებულია, ბრემენის "ვერდერის" თავკაცი თომას შააფი მშვიდი, მამაშვილური ტონით საუბრობს ხოლმე. "გლადბახთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც ბრემენულ კლუბს ანგარიში 92-ე წუთზე გაუთანაბრეს, თომასმა თქვა, მარტივად უნდა გვეთამაშა და ასეთი რამ არ დაგვემართებოდა, ყველაფერი თვითონვე გავართულეთ, ავიჭერითო. შააფი ასპროცენტიანია: ვესლიმ ბურთი იდიოტურად დაკარგა და მერე ჰარვარდ ნორდტვეიტი მოცელა, დანიშნული ჯარიმიდან კი მიონხენგლადბახელებმა გოლი გაიტანეს. შესაბამისად, "ვერდერი" ერთი ქულის ამარა დარჩა, რაც უშუალო კონკურენტ "გლადბახთან" ხელცარიელობის ტოლფასია.
მართალია, "ვერდერი" მე-12 ადგილზეა, მაგრამ მე-16 ადგილს მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრემენული კლუბის შეფები თომასს მშვიდად მუშაობის საშუალებას აძლევენ. ასეთი მიდგომა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ისეთი ქაოსი და გაუგებრობა, როგორიც გელზენკირხენში ან ჰამბურგშია, მაგრამ თუ "მუსიკოსები" თვლემას განაგრძობენ, შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგაში გამოფხიზლდნენ...
შენი საქმე დოლია, პიერ...
"ვოლფსბურგის" მენეჯერ დიტერ ჰიონესის განცხადება 9 ივნისს, როცა პიერ ლიტბარსკი სტივ მაკლარენის თანაშემწედ დაინიშნა: "პიერი არის სპეციალისტი, რომელიც იდეალურად ესადაგება როგორც ჩვენს გუნდს, ისე მაკლარენსაც."
დიტერ ჰიონესის განცხადება 7 თებერვალს, როცა მაკლარენის გაგდების მერე ლიტბარსკი დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა: "პიერმა დაგვარწმუნა, რომ შექმნილ სიტუაციაში მისი დანიშვნა საუკეთესო გამოსავალია."
12 თებერვალს "ვოლფსბურგმა" "ჰამბურგთან" წააგო (0:1), 19 თებერვალს ფრაიბურგში დამარცხდა (1:2), 25 თებერვალს "გლადბახს" მოუგო (2:1), 5 მარტს ლევერკუზენში 0:3 განადგურდა, 12 მარტს კი საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთანაც" წააგო (1:2).
დ. ჰიონესს "ნიურნბერგთან" მარცხის შემდეგ ლიტბარსკიზე არაფერი უთქვამს. ვიცე-თავმჯდომარე გერდ ფოსმა კი აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა და ანალიზს საჭიროებს.
დასკვნა: პიერ ლიტბარსკის შეუძლია, ახალი სამსახური ეძებოს.
ცისფერი მთები
ფელიქს მაგათმა "აინტრახტთან" მატჩის წინ, რომელიც "შალკემ" 2:1 მოიგო, ჟურნალისტებს სთხოვა, კითხვები მხოლოდ უშუალოდ თამაშის შესახებ დაესვათ, მაგრამ ერთმა კორესპონდენტმა მაინც შებედა და ჰკითხა, ფეხბურთელებს მართლა არაადამიანურად ექცევით, როგორც ამას კლემენს ტიონიესი ამბობსო - "წელიწადნახევარია აქ ვმუშაობ და ჩემთან ასეთი საჩვრით არავინ მოსულა!" - იყო ფელიქსის მჭახე პასუხი.
მატჩის შემდეგ მაგათს ჰკითხეს: "შალკეს" გაისადაც თქვენ გაწვრთნით?" პასუხი: "რატომაც არა?!"
შეფ ტიონიესის კომენტარი: "ძალიან კარგი, თუ ასე ფიქრობს..."
ფელიქსმა ფეხბურთელებს სამდღიანი შვებულება მისცა, რაც აქამდე არასდროს, არცერთ გუნდში არ გაუკეთებია. ხვალ კი სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაა, რომელზეც თავმჯდომარე ტიონიესი მკაცრად მოითხოვს მაგათის გათავისუფლებას. სხდომაზე ფელიქსიც დაპატიჟებულია. უფრო არ მივა, მაგრამ შეიძლება მივიდეს კიდეც. მოკლედ, წადი და გაიგე, რა ხდება...
ფაქტი ერთია: ოტო რეჰაგელი მზადაა, "შალკე" სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს.
ჰამბურგი, მარადიული ჯოჯოხეთი
წლევანდელი "ჰამბურგი" მხოლოდ ზღვაში წვეთია. არც არმინ ფეეს გაგდება (ბაიერნთან 0:6-ის შემდეგ) ყოფილა ვინმესთვის მოულოდნელი. წლებია, ბუნდესლიგის "უკანასკნელი დინო" (ერთადერთი გუნდი, რომელიც ბუნდესლიგის დაარსებიდან ელიტაშია) ქაოსისა და უკონცეფციობის საუკეთესო მაგალითია. მწვრთნელები და ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, არანაირი გეგმა არ არსებობს და წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობას სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ, რომელთა გახანგრძლივებაზე სერიოზულად ჯერ არავინ ფიქრობს.
როგორც ვთქვით, არმინ ფეეც ზღვაში წვეთია, მაგრამ დააკვირდით ფოტოს: ამ წვეთს ისეთი სახე აქვს, რომელიც ზუსტად, ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე გამოხატავს იმას, რაც "ჰამბურგში" უკვე წლებია ხდება...
უკბილო გოლი
"კაიზერსლაუტერნისა" და "ფრაიბურგის" მატჩში, 92-ე წუთამდე ადამ ნემეცი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა: ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა, მერე კი მეტოქის.
მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა და საფინალო სასტვენამდე წამებიღა იყო დარჩენილი, როცა კაიზერსლაუტერნელმა ერვინ ჰოფერმა ბურთი ხარიხის ქვეშ შეაგდო. რა გასაკვირია, რომ ჰოფერი სიხარულისგან გადაირია და კბილებიც გამოაჩინა, უფრო სწორად, უკბილობა. ზაფხულში, ერთ-ერთი ტესტ-მატჩის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა ჰოფერს ოთხი კბილი ჩაუმტვრია. ჰოფერი მას მერე პროთეზს ატარებს, რომელსაც თამაშების წინ გასახდელში ტოვებს ხოლმე...
ეს ვინ მოსულა?
ფელიქს მაგათმა იანვრის მიწურულს დანილო აველარი, ალი ქარიმი და ანგელოს ხარისტეასი გუნდში რომ აიყვანა, სამივეზე თქვა, შესაძლოა, არც დამჭირდნენ, მაგრამ თუ დამჭირდებიან, ზუსტად ვიცი, იმედებს არ გამიცრუებენო. "აინტრახტთან" მატჩში ხარისტეასი პირველი იყო იმ სამეულიდან, ვინც "შალკეს" ფორმა პირველად მოირგო და მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში გაიტანა გოლი, რომელმაც გელზენკირხენულ კლუბს სამი ქულა მოუტანა.
მაგათს რომ აგდებენ, ეს ბერძენ თავდამსხმელს დიდად არ უნდა აღელვებდეს, რადგან ფაქტობრივად გადწყვეტილია, რომ "შალკეს" სეზონის ბოლომდე ოტო რეჰაგელი ჩაიბარებს. ხარისტეასისა და რეჰაგელის ურთიერთობაზე საუბრით კი თავს აღარ შეგაწყენთ - ისედაც ყველაფერი გეცოდინებათ. თანაც, "შალკესთან" კონტრაქტი ანგელოსსაც მხოლოდ სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
პოდოლსკი, კიოლნის წარმატების გარანტია
მე-14 ტურში "კიოლნმა" საკუთარ "რაინენერგიშტადიონზე" "ვოლფბსურგთან" 1:1 ითამაშა. მას მერე "თხებმა" ზედიზედ ექვსი საშინაო მატჩი მოიგეს და მე-16 ადგილიდან მე-11 პოზიციამდე აღზევდნენ. კაპიტან ლუკას პოდოლსკის კი წარმატებებში ლომის წვლილი მიუძღვის: დუბლი "ვერდერთან" (3:0), დუბლი "მაინცთან" (4:2), გამარჯვების გოლი "ფრაიბურგთან" (1:0), გოლი და საგოლე პასი "ჰანოვერთან" (4:0)...
ერთადერთი გულახდილი ჰამბურგელი
"ექვსი გოლი გავუშვი და ასეთი წაგების მერე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკო. ეს ყველაფერი უკვე ამაზრზენია! "ჰამბურგი" იძირება და არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. გუნდი ეგოისტების ხელშია! ისეთ მწვრთნელებს ნიშნავენ, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. თუკი ფეემ დრობნი იყიდა, იმის ვაჟკაცობას უნდა ჰყოფნოდა, რომ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვეგდე და კარში ნაყიდი დრობნი დაეყენებინა. ხანდახან ფიქრობს ხოლმე, რომ რომელიღაც ფეხბურთელი შესაცვლელია, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. წლებია, ჰამბურგში სწორედ ასეთი მწვრთნელები ინიშნებიან და საინტერესოა, ვისი ბრალი უნდა იყოს ეს ყველაფერი?"
...ვეტერანი მეკარე ფრანკ როსტი ერთადერთი გულახდილი ჰამბურგელია...
ნუ გააბრაზებთ რობენს
წინა ტურის გამოხმაურებაში არიენ რობენი ეგოიზმის გამო მაგრად გავაკრიტიკეთ და წარმოიდგინეთ, როგორ გააკრიტიკებდნენ გერმანიაში. როგორც ჩანს, "ბაიერნის" ჰოლანდიელი დრიბლიორი ძალიან გაბრაზდა: შაბათს მან "ჰამბურგს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა. რობენს ამ სეზონში, ბუნდესლიგაში მხოლოდ რვა თამაში აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე რვა გოლი და ოთხი საგოლე პასია.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ბაიერნი" "ინტერს" მასპინძლობს...
XXVI ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
ტომ შტარკე (ჰოფენჰაიმი) - ანდრეას ბეკი (ჰოფენჰაიმი), ფილიპ ვოლშაიდი (ნიურნბერგი), დანტე (ბორუსია მ) - პეტიტი (კიოლნი) - არიენ რობენი (ბაიერნი), ლუკას პოდოლსკი (კიოლნი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - მილოვოე ნოვაკოვიჩი (კიოლნი), ვედად იბიშევიჩი (ჰოფენჰაიმი), რაული (შალკე)
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლუკას პოდოლსკი ძალიან კარგ სეზონს ატარებს - "კიოლნის" კაპიტანი "კიკერის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეექვსედ მოხვდა. იგივე უნდა ვთქვათ რაულზეც, რომელსაც სიმბოლურში მეხუთედ ვხედავთ. აი, პეტიტი, ბეკი და შტარკე კი დებიუტანტები არიან.
ტურის გმირი
არიენ რობენი (ბაიერნი)
მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული (8 გოლზე და 4 საგოლე პასზე ზემოთაც ვისაუბრეთ), არიენ რობენმა "კიკერისაგან" ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ხელი უკვე მეორედ გამოჰკრა. შაბათს "ბაიერნმა" "ჰამბურგს" ექვსი გოლი რომ გაუტანა, აქედან სამი ჰოლანდიელი დრიბლიორის ანგარიშზე იყო, ერთში კი ლომის წვლილი მიუძღვოდა.
საუკეთესო ფეხბურთელები
26 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.56
2. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
3. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.61
4. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
5. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.70
6. მანუელ ნოიერი შალკე 2.71
7. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.73
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.75
9. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.76
10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.82
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 18 3 21
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 17 1 18
3. თომას მიულერი ბაიერნი 9 9 18
4. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 9 9 18
5. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 11 7 18
6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 11 6 17
7. ანდრე შიურლე მაინცი 12 5 17
8. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 11 5 16
9. თეოფანის გეკასი აინტრახტი 14 2 16
10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 3 13 16