ორი წელი ჰაინკესს

AutoSharing Option
"ჰამბურგთან" 6:0-ის შემდეგ, ჟურნალისტებმა "ბაიერნის" სპორტულ დორექტორ კრისტიან ნერლინგერს იოახიმ ლიოვზე ჩამოუგდეს სიტყვა - მართალია თუ არა, რომ რეკორდმაისტერი გერმანიის ნაკრების მწვრთნელზე ფიქრობსო, რაზეც ნერლინგერმა პასუხის გაცემა არ ისურვა. არც იყო სავალდებულო, რადგან ლიოვი "ბაიერნისთვის" ჯერ კიდევ შორეული მომავლის პერსპექტივაა, ზაფხულიდან რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი და უმთავრესი კანდიდატი კი იუპ ჰაინკესი გახლავთ.

თუ "ლევერკუზენის" დამრიგებელი "ბაიერნს" ზაფხულიდან მართლაც ჩაიბარებს, შეცვლის მწვრთნელს, რომელმაც ორი წლის წინ თვითონ ჰაინკესი შეცვალა - ლუის ვან გაალს ვგულისხმობთ, რომლის მიუნხენიდან წასვლა, ოღონდ ზაფხულში, უკვე
გადაწყვეტილი და ოფიციალურად დადასტურებული ამბავია.

ჰაინკესს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერ-ჯერობით მის გაგრძელებაზე სიტყვაც არ დასცდენია. სწორედ ამიტომ თქვა გუშინ "ფარმაცევტების" ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა, ჰაინკესისგან პასუხს უკვე ზედმეტად დიდი ხანია ველით, ფაქტია, რომ ჩვენთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ზუსტად ვიცი, რატომაცო.

"დონ იუპმა" განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, აფორმებს თუ არა "ლევერკუზენთან" ახალ ხელშეკრულებას, მომდევნო ტურის შემდეგ გაახმაურებს. ყველამ იცის, რომ მისი მიზანი "ბაიერნია", ჰაინკესი კი დროს იმიტომ წელავს, რომ მიუნხენელები სავარაუდოდ სხვა, "უფრო მსუყე კანდიდატისგან" პასუხს ელიან. ეს მსუყე კანდიდატი კი, ჩვენი გერმანელი კოლეგების რწმენით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი მათიას ზამერია. "ლევერკუზენში" კი, ჰაინკესის შემცვლელად "ფრაიბურგის" თავკაც რობინ დუტს განიხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული