მაგათი გააგდეს! რანგნიკი ბრუნდება?

AutoSharing Option

როგორც მოსალოდნელი იყო, „შალკეს“ სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის რიგგარეშე სხდომა გუშინ გაიმართა და რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ფელიქს მაგათი არ დაესწრო, „დესპოტი ფელიქსი“ გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„შალკეს“ ხელმძღვანელებს რამდენიმე მიზეზი გვქონდა იმისა, რომ ასეთი ნაბიჯი გადაგვედგა, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონიესმა, - დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებთ, რადგან წინ იურიდიული კვლევა გველის. გადაწყვეტილება, რომელიც ოთხშაბათს მივიღეთ, „შალკესთვის“ საუკეთესო გამოსავალია. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეკონომიკური რევიზია ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მენეჯერი მაგათი ყველაფერს ისე არ აკეთებდა,
როგორც უნდა გაეკეთებინა.“

მაგათის მედია-ადვოკატის, რალფ ჰიოკერის თქმით, ფელიქსმა არ იცის და ვერ ხვდება, რა დაარღვია და რა გააკეთა არასწორად მენეჯმენტში. „უბრალოდ, კლემენს ტიონიესი ფელიქსს ვეღარ იტანს და დაიწყო მიზეზის ძებნა, რაც მაგათის გათავისუფლებას გაამართლებდა,“ - უთხრა ჰიოკერმა „კიკერს“ და იქვე დასძინა, ფელიქსი სხდომაზე იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდაო.
ყველაფერს, რასაც მენეჯერი მაგათი აკეთებდა, ახლა ნაწილობრივ ჰორსტ ჰელდტი შეითავსებს, ნაწილობრივ კი პეტერ პეტერსი. ამ უკანასკნელის საქმე ფინანსების განკარგვა იქნება, ჰელდტი კი მარკეტინგს მიხედავს. რაც შეეხება ბრალდებებს: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „შალკეს“ ბოსები ფელიქსს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან რამდენიმე ძვირადღირებული ტრანსფერი სამეთვალყურეო საბჭოს დასტურის გარეშე განახორციელა, რითაც გუნდის კანონები დაარღვია. ამ ბრალდებით, ტიონიესსა და კომპანიას მაგათისთვის იმ 12 მილიონის გადახდა არ სურთ, რომელიც „დესპოტ ფელიქსს“ კონტრაქტის დარჩენილი ვადის გამო ეკუთვნის.

რაც შეეხება მწვრთნელი ფელიქსის შემცვლელს: ტიონესის თქმით, სამეთვალყურეო საბჭო უკვე ეძებს სათანადო კანდიდატს, რომლის ვინაობა ძალიან მალე გაირკვევა. ამ დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მაგათს აუცილებლად ოტო რეჰაგელი შეცვლიდა. ამ უკანასკნელის კანდიდატურა დღის წესრიგიდან არც მოხსნილა, უბრალოდ, სხვა უფრო სარფიანი ვარიანტი გაჩნდა.

„ბილდი“ იუწყება: ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მაგათს „შალკეს“ ყოფილი მწვრთნელი რალფ რანგნიკი შეცვლის, რომელიც ბოლოს „ჰოფენჰაიმს“ წვრთნიდა, საიდანაც იანვარში წავიდა. ამ დღეებში კი გაირკვევა, როდის ჩაიბარებს „პროფესორი რალფი“ ლევან ყენიას გუნდს – ახლავე, თუ ზაფხულში. თუკი რანგნიკი ზაფხულიდან დათანხმდება, მაშინ „შალკეს“ სეზონის ბოლომდე რეჰაგელს ჩააბარებენ, თუ არა და რანგნიკი საქმეს პირველ აპრილს შეუდგება. მანამდე კი, „შალკეს“ მაგათის ასისტენტი ზეპო აიხკორნი ავარჯიშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული