უკანასკნელი მოჰიკანიც მიდის

AutoSharing Option

გერმანიის ჩემპიონობისთვის გამზადებულ დორტმუნდის „ბორუსიაში“ დიდი ერა მთავრდება. სამშაბათს, ვესტფალიურმა კლუბმა ოფიციალურად დადასტურა, რომ ბრაზილიელ მარცხენა მცველ დედესთან ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და „ბორუსიას“ 13-წლიანი თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება.

დედე „დორტმუნდში“ 1998 წელს, „ატლეტიკო მინეიროდან“ გადავიდა და მაშინ 20 წლის გახლდათ. გუნდში ახალი გადასული იყო, როცა თქვა, სამწლიან კონტრაქტს შევასრულებ და მერე აქედან წავალ, რადგან გერმანიაში ძალიან ცივა, მე კი სითბო მიყვარსო. მას მერე 13 წელი გავიდა და დედე დღემდე არსად წასულა. მეტიც: ბრაზილიელი მარცხენა მცველი
დორტმუნდის პუბლიკის უსაყვარლესი მოთამაშე გახდა. ლეონარდო დე დეუს სანტოსი „ბორუსიასთან“ კონტრაქტს კონტრაქტზე აფორმებდა და დაცვის მარცხენა ფლანგზე წლების მანძილზე ენაგადმოგდებული დარბოდა. არადა, „ბორუსიას“ დატოვება არაერთხელ შეეძლო – განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გუნდი გაკოტრების პირას იყო მისული. დედე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახლდათ, რის გამოც მას მთხოვნელები არასდროს აკლდა. მაგრამ დედემ „ბორუსიას“ 13 წლის მანძილზე უერთგულა და ახლაც მხოლოდ იმიტომ ტოვებს, რომ ძირითადი შემადგენლობიდან სამუდამოდ ამოვარდა – ბრაზილიელი ახალგაზრდა მარსელ შმელცერს კონკურენციას ვერ უწევს, არადა, კიდევ 3-4 წლის მანძილზე სურს უმაღლეს დონეზე თამაში. და რაკი ეს „ბორუსიაში“ უკვე შეუძლებელია, 32 წლის დედე მიდის და სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება.

პრესკონფერენციაზე, სადაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ ზაფხულში დედეს და დორტმუნდის გზები გაიყოფა, ბრაზილიელი სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკთან ერთად წარსდგა. მათ ერთმანეთი მხოლოდ აქეს, დედემ კი თქვა, რომ გული წყდება, „ბორუსიადან“ წასვლა რომ უწევს. გული წყდება ცორკსაც – განსაკუთრებით იმიტომ, რომ სპორტულ დირექტორად რომ დაინიშნა, დედეს ტრანსფერი მისთვის პირველი იყო.

„დორტმუნდიდან წასვლა ძალიან მიმძიმს, მინდოდა, რომ კარიერა აქ დამემთავრებინა, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, ფეხბურთის თამაში კიდევ 3-4 წლის მანძილზე მინდა. ვხვდები, რომ „ბორუსიას“ ჩემზე მეტად ახლა შმელცერი სჭირდება და არ მაქვს უფლება, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მოვითხოვო,“ - თქვა დედემ.

ბრაზილიელმა „ბორუსიას“ მაისურით ბუნდესლიგაში 319 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა. BVB-სთან ერთად, 2002 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს უეფას თასის ფინალშიც ითამაშა (2:3 ფეიენოორდთან). ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი ბრაზილიელი. გამორიცხული არ არის, რომ გერმანიაშიც დარჩეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული