რობენი წასვლაზე ფიქრობს

AutoSharing Option


არც ჩემპიონობა, არც თასი და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდა. არცაა გასაკვირი, რეკორდმაისტერში ყველანი გაბრაზებულები და უკმაყოფილოები რომ არიან. საინტერესო კი ისაა, რომ „ინტერთან“ წაგების (2:3) შემდეგ, ბავარიელებმა ერთმანეთს დააყარეს...

საფინალო სასტვენის შემდეგ, იმ დროს, როცა „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელი უკვე გასახდელში იყო, არიენ რობენი ტელეკამერების წინ მცველებს მაგრად აკრიტიკებდა: „დაუშვებელია ის, რომ საკუთარ მოედანზე სამ გოლს ვუშვებთ. ჩვენი დაცვის ხაზი დღესდღეობით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. მცველები ძალიან მარტივ ინდივიდუალურ შეცდომებს უშვებენ,“ - თითქმის ყვიროდა ჰოლანდიელი და ცხადია, რომ პირველ რიგში ბრაზილიელ
მცველ ბრენოს გულისხმობდა, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის შეცდომას მოჰყვა გორან პანდევის გოლი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერი“ გაიყვანა, „ბაიერნი“ კი ევროპის საფეხბურთო ელიტის მიღმა დატოვა.

გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა, რომელიც მცველია, უკანახაზელები დაიცვა და სამაგიეროდ, შემტევებს შეუტია: „როცა რობენი მცველების სისუსტეზე ლაპარაკობს, არც თავდამსხმელების უნიათობა უნდა დაავიწყდეს. მცველების ინდივიდუალური შეცდომების გამო ჩვენს კართან მხოლოდ ორი მომენტი შეიქმნა და მილანელებმა ორივე გამოიყენეს. წინახაზელებმა კი, „ინტერის“ კართან შვიდი მომენტი შექმნეს და რამდენი გამოიყენეს? მხოლოდ ორი! იმ ორიდანაც, ერთი გოლი „ინტერის“ მეკარის შეცდომის გამო გავიდა.“
გუშინდელ ვარჯიშზე, კაპიტანი ლამი ცალკე ელაპარაკებოდა რობენს, მაგრამ აქვს კი ფილიპის სიტყვებს წონა ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავისთვის? ვიცე-კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ხომ თქვა, ფილიპი და მე ბევრ რამეს ვამბობთ, მაგრამ ყველაფერი არ კეთდება და არ გვესმის, ასე რატომ ხდებაო.

მარიო გომესმა ნახევარდაცვის ცენტრისთვის ისეთი ფეხბურთელი მოითხოვა, რომელიც შვაინშტაიგერს იდეალურ მეწყვილეობას გაუწევს – თავდამსხმელის აზრით, მარკ ვან ბომელის წასვლის შემდეგ, „ბაიერნის“ ნახევარდაცვაში დიდი ხვრელი გაჩნდა, რომელსაც ვერც ლუის გუსტავო ავსებს და ვერც ტონი კროოსი. მეკარე თომას კრაფტი კი გაბრაზებული ამბობდა, პირველი ტაიმი 5:1 უნდა მოგვეგოო.

შეიცვლება თუ არა რამე რეკორდმაისტერში? ფაქტობრივად არაფერი! გადაწყვეტილია, რომ ვან გაალი მიუნხენურ გრანდს სეზონის ბოლომდე მაინც უხელმძღვანელებს, ტრანსფერები კი, ხომ იცით, ჯერ აკრძალულია. პრინციპში, ზაფხულამდე ცვლილებებს აზრიც არ აქვს
– „ბაიერნის“ ერთადერთი მიზანი ახლა ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. მაგრამ თუ ერთმანეთის კრიტიკას არ მოეშვებიან და საქმეს არ მიხედავენ, შესაძლოა, მეორე და მესამე ადგილზე გასვლაც გაუჭირდეთ.
„ზაფხულამდე არაფერი შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი არსებული ძალებითა და მდგომარეობით უნდა გადავარჩინოთ. გული ძალიან მტკივა...“ - ეს ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია. შაბათს „ბაიერნი“ ფრაიბურგში ჩადის და რეკორდმაისტერს რვა მატჩი დარჩა იმისათვის, რომ პროგრამა მინიმუმი მაინც შეასრულოს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ლამი ამბობს, არც ამ მიზნის მიღწევა იქნება ადვილიო.
რობენი კი აცხადებს, თუ „ბაიერნი“ „იმდენს მოახერხებს“, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება, მიუნხენიდან წასვლაზე ვიფიქრებო. „ევროპის ლიგაზე თამაშს ჯობია, ამ ტურნირზე საერთოდ არ ითამაშო. ევროპის ლიგის მოგებაც კი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ ევროპის ლიგაზე თამაში არ მინდა. თუმცა მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დავრჩებით,“ - აცხადებს 27 წლის რობენი.

ბეკენბაუერი: აფსუს ლუსიო, დემიკელისი და ვან ბომელი

„ბაიერნის“ დაცვის ხაზი და ზოგადად ვან გაალის საკადრო პოლიტიკა რეკორდმაისტერის საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმაც გააკრიტიკა.
„დღეს „ბაიერნს“ არ ჰყავს ისეთი დაცვა, როგორიც ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევის მსურველ გუნდს უნდა ჰყავდეს. ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სატრანსფერო პოლიტიკაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ახლა იმდენი ვაჟკაცობა უნდა გვეყოს, რომ ეს ვაღიაროთ. გარდა ამისა, თომას კრაფტის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, ის მართლაც ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ ვან გაალმა აბსოლუტურად არასაჭირო ცვლილება გააკეთა, როცა ბუტი სკამზე დასვა. მეკარის შეცვლაც საერთოდ არ იყო საჭირო. როცა მეკარის წინ არასტაბილური მცველები თამაშობენ და თვითონ კიპერიც ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, ასეთ შემთხვევაში წარუმატებლობისთვის უბრალოდ განწირული ხარ,“ - აცხადებს კაიზერ-ფრანცი „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბეკენბაუერი განსაკუთრებით იმის გამოა გაბრაზებული, რომ მიუნხენურმა კლუბმა ვან გაალის მოთხოვნით, ზაფხულში ლუსიო გაყიდა. კაიზერი: „ეს უდიდესი შეცდომა იყო. ლუსიოს გაყიდვის შემდეგ კი, ვან გაალი მარტინ დემიკელისსაც შეელია. არგენტინელი მაინც უნდა შეენარჩუნებინა. ესეც არ იკმარა და იანვარში მარკ ვან ბომელიც გაუშვა – ესეც რომ მახსენდება, თმა ყალყზე მიდგება. არ მესმის, რატომ მოიქცა ასე და რატომ დათანხმდნენ მას ჰიონესი და რუმენიგე. შუა სეზონში გუნდიდან უშვებ კაპიტანს და ლიდერს – ეს ნორმალურია?“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული