გადასარევია: მაგათი ისევ ვოლფსბურგში!

AutoSharing Option

აი, ამას კი ნამდვილად აღარ ველოდით – ყოველ შემთხვევაში, ასე სწრაფად. ბუნდესლიგაში სამწვრთნელო გადაადგილებები ყოველთვის დიდი ალიაქოთით ხდება ხოლმე: ერთს გააგდებენ, მეორეს მიაყოლებენ, მესამე ჩემოდნებზე ზის, იმ მეორეს პირველში დანიშნავენ, პირველი უმუშევარი რჩება, ამ დროს მესამე მეოთხე გუნდს უნდა და ა.შ. მაგრამ ამ დღეებში რომ გერმანიაში გადასარევი ამბები ხდება, ასეთი არასდროს მომხდარა.
დროა, დავკონკრეტდეთ: ფელიქსი მაგათი, კაცი, რომელიც ოთხშაბათს დილას ჯერ კიდევ „შალკეს“ მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი იყო, ხუთშაბათს საღამოს „ვოლფსბურგში“ იგივე თანამდებობებზე დაინიშნა. შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც
გეტყვით, რომ მაგათი „მგლებს“ ორ წელიწადზე ოდნავ ნაკლების წინათაც წვრთნიდა და 2009 წელს „ვოლფსბურგი“ სწორედ მან გახადა გერმანიის ჩემპიონი, რის შემდეგაც „შალკეში“ წავიდა. ახლა კი ისევ იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა. ფელიქსმა „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტს გუშინ მოაწერა ხელი და მის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლამდე აქვს. სხვათა შორის, კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგაზეც ვრცელდება, მაგრამ მაგათი იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა. მართალია, „ვოლფსბურგს“ გავარდნის საფრთხე ემუქრება, მაგრამ გადარჩენა რეალურია. მაგათმა პირველი ვარჯიშიც გუშინ გამართა.

ჰიონესი წავიდა, ლიტბარსკისაც გაუშვებენ

სანამ დანიშნავდნენ, „ვოლფსბურგის“ ბოსებმა გუნდის გენერალური მენეჯერი დიტერ ჰიონესი გაათავისუფლეს და ამ დღეებში ალბათ პიერ ლიტბარსკისაც გაუშვებენ, რომელიც „მგლებს“ დროებით, სტივ მაკლარენის გაგდების შემდეგ წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ ლიტბარსკის ხელში „ვოლფსბურგმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო (გლადბახთან) და ოთხი მარცხი განიცადა, რის გამოც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ახლა კი, „მგლებს“ ისევ მაგათი მიხედავს – მწვრთნელი, რომელსაც ვოლფსბურგში ვერაფრით ივიწყებდნენ და რომელსაც ქვემოსაქსონიური კლუბის გულშემატკივრები დიდი ზარზეიმით მიიღებენ, რადგან ის ფაქტი, რომ 2009 წელს „ვოლფსბურგს“ გერმანიის ჩემპიონობა ეღირსა, რაზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდნენ, პირველ რიგში სწორედ „დესპოტი ფელიქსის“ დამსახურებაა. იმ გუნდიდან, რომლითაც ფელიქსმა სენსაციური ჩემპიონობა იზეიმა, დღეს ვოლფსბურგში რამდენიმე წამყვანი მოთამაშეა შემორჩენილი – ბენალიო, შეფერი, რიტერი, მადლუნგი, ჟოსუე და გრაფიტე. სამაგიეროდ, გუნდში აღარ არიან ჯეკო, მიშიმოვიჩი და ბარძალი. აქვე ორიოდე სიტყვა ფელიქსის სამწვრთნელო კარიერის შესახებ: „ვოლფსბურგამდე“ მაგათი „ბაიერნს“ ავარჯიშებდა და ზედიზედ ორჯერ (2005, 2006) შეასრულებინა დუბლი (ჩემპიონობა და თასი), მანამდე კი „შტუტგარტში“ გაითქვა სახელი, სადაც გერმანულ ფეხბურთს კევინ კურანი, ფილიპ ლამი, ტიმო ჰილდებრანდი და ანდრეას ჰინკელი აღმოუჩინა.

მაგათი: დამირეკეს თუ არა, მაშინვე დავთანხმდი!

„ვოლფსბურგში“ ფელიქსი გუშინ ოფიციალურად წარადგინეს. პრესკონფერენცია „მგლების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფრანსისკო გარსიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ მაგათი „ვოლფსბურგში“ ისევ სრულ ძალაუფლებას მიიღებს. „როცა ფელიქსი „შალკედან“ გამოუშვეს, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ „ვოლფსბურგში“ უნდა დამებრუნებინა და მაშინვე დავურეკე. ჩვენი გუნდი დღეს განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაშია და ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებულ ნაბიჯს ითხოვდა. ფელიქსის დაბრუნება სწორედ განსაკუთრებული ნაბიჯია,“ - აღნიშნა გარსიამ.
„სეზონი დასასრულს უახლოვდება და ასეთ დროს ბევრს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეორე ბუნდესლიგაში არ აღმოვჩნდებით. მუშაობას დღეიდანვე შევუდგები. მიხარია, რომ „ვოლფსბურგის“ შეფებისთვის მთავარი ის კი არ არის, რომელ ადგილზე დავასრულებთ ამ სეზონს, არამედ ის, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ, - ეს უკვე თავად ფელიქსის სიტყვებია, - ვიცოდი, რომ ვოლფსბურგიდან დამირეკავდნენ და გამიხარდა, რომ ასე მოხდა. სხვაგან არ წავიდოდი! როგორც კი დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი! დღეს „ვოლფსბურგში“ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მაშინ, როცა აქედან წავედი, მაგრამ გუნდი ახლა გაცილებით კარგადაა აწყობილი, ვიდრე მაშინ იყო, როცა აქ პირველად მოვედი. მაშინ ყველაფრის დასალაგებლად დიდი დრო დამჭირდა, ახლა კი, ვფიქრობ, იმდენი დრო აღარ დამჭირდება.“

პირველი დუელი შტუტგარტთან

ამრიგად, მაგათი „ვოლფსბურგში“ მუშაობას უკვე შეუდგა და პირველი ჯახი კვირას, ყოფილ კლუბ „შტუტგარტთან“ ელის. ძალიან საინტერესო იქნება 9 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა „შალკესთან“, რომელშიც მაგათს გელზენკირხენულ კლუბზე შურისძიების შანსი მიეცემა. მანამდე „მგლები“ ფელიქსის კიდევ ერთ ყოფილ გუნდს, ფრანკფურტის „აინტრახტს“ უნდა შეხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული