"მაინცმაც" ივაჟკაცა!

AutoSharing Option
წარმოგიდგენიათ, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ისევ ვერ მოიგო! თუკი წინა ტურში „ჰოფენჰაიმმა“ ივაჟკაცა და ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერი 1:0 დაამარცხა, ამჯერად, BVB-ს „მაინცმა“ გამოუჩინა კბილები და „ვესტფალენშტადიონიდან“ ქულა წაიღო (1:1).

ამასობაში, „ლევერკუზენმა“ თავისი თამაში მშვიდად მოიგო (2:0 შალკესთან) და „ბორუსიასთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა. ეს კი, დაგვეთანხმებით, უკვე ხელების მოსაფშვნეტი ამბავია - ყოველ შემთხვევაში, იმ მდგომარეობასთან შედარებით, რაც 2 ტურის ტურის წინ იყო. შვიდი ქულა უკვე საქმეა და საკმარისია, მომდევნო ტურში „ჰანოვერმაც“ „გამოაჩინოს ფხა“ (დაგვეთანხმებით, „წითლებს“ ეს ნაღდად ხელეწიფებათ), რომ სეზონის მიწურულს, ბუნდესლიგა
უინტრიგოდ არ დაგვტოვებს - მდგომარეობა დაიძაბება. „დორტმუნდის“ კრიზისზე საუბარი კი, „ჰანოვერთან“ მატჩამდე, მაინც ნაადრევად მიგვაჩნია. მით უმეტეს, რომ „მაინცმა“ „ვესტფალენშტადიონზე“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 89-ე წუთზე შეძლო.

თუმცა „ბორუსიასა“ და „მაინცის“ მატჩში შედეგი მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან საფინალო სასტვენის შემდეგ, დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი კოლეგა თომას ტუხელისკენ კბილების ღრჭიალით იწევდა. საქმე იმაშია, რომ სანამ მაინცელები ანგარიშს გაათანაბრებდნენ, ფლორიან ჰელერმა „ბორუსიას“ მცველ ნევენ სუბოტიჩს ფეხი უშნოდ ჩაარტყა, რის გამოც BVB-ს დაცვის სერბი ბურჯი მინდორზე გაიშხლართა და ტკივილისგან საცოდავად იკლაკნებოდა.

დაუწერელი კანონია: ასეთ დროს, ფეხბურთელებმა ბურთი აუტზე უნდა გადააგდონ, რათა ექიმებმა ტრავმირებული მოთამაშის დახმარება შეძლონ, მაინცელებმა კი ეს არ გააკეთეს, შეუტიეს და გოლიც გაიტანეს. სწორედ ამან ააღელვა კლოპი. მაინცელების სათადარიგოთა სკამთან მივარდნილმა იურგენმა ფიზ-მომზადების მწვრთნელ ული მერტენს ხელი ჰკრა და იქ მყოფთ რამდენიმე არასასიამოვნო სიტყვით მიმართა. ამის შემხედვარე, „მაინცის“ თავკაცი ტუხელიც გადაირია და ასე გაჩაღდა ძიძგილაობა.

მატჩის შემდეგ ტუხელმა შეგირდები დაიცვა, არაფერი დაუნახავთ და ბურთიც ამიტომ არ გადააგდესო, კლოპს კი ამის დაჯერება არ სურდა. „მთელი სათადარიგოთა სკამი ხედავდა, როგორ იწვა სუბოტიჩი და როგორ ითხოვდა შველას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმ ემოციურ ზეიმზე გავბრაზდი, მაინცელებმა გოლის შემდეგ რომ დაიწყეს,“ - აღნიშნა „ბორუსიას“ დამრიგებელმა.

ერთადერთი მაინცელი, რომელსაც შლიშკოვიჩის გოლი არ უზეიმია, გუნდის მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი გახლდათ - ის კლოპის უახლოესი მეგობარია. როგორც იცით, კლოპი 2008 წლამდე სწორედ „მაინცს“ წვრთნიდა. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მოსაზრება მსაჯ ფელიქს ბრიხსაც ჰკითხეს, მაგრამ არბიტრს აბა, რა უნდა ეთქვა - ლოგიკურია, რომ ჩაილაპარაკა, კანონში წერია, ასეთ დროს თამაში მხოლოდ მაშინ უნდა გავაჩერო, როცა ბურთი მოედნის ფარგლებს დატოვებსო.

ისე, მაინცელები მანამდეც საკმაოდ უხეშობდნენ. მაგალითად, კარნავალელთა მეკარე კრისტიან ვეტკლომ ჯერ კიდევ 28-ე წუთზე დაამტვრია „ბორუსიას“ თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი, რომელიც მალევე შეცვალეს. ამის გამო, ბრიხს ვეტკლო მოედნიდან რომ გაეძევებინა, არავინ გაამტყუნებდა, მაგრამ დაინდო. სამაგიეროდ, „მაინცის“ კიპერი, რომელიც ადრე „შალკეში“ თამაშობდა, რის გამოც დორტმუნდში აქვთ მიზეზი, სძულდეთ, სწორედ „ბორუსიას“ ფანებმა არ დაინდეს და მატჩის მიწურულს სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

ფრანკ რიბერიმ „ფრაიბურგის“ კარში გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა და მიუნხენელებმა ფრანგის გოლი ისე იზეიმეს, მეორე დღეს „ბილდი“ ასეთ რამეს წერდა: „ჰალო, „ბაიერნ“, ჩემპიონთა ლიგა ხომ არ მოიგეთ?“ არადა, ბავარიელი ფეხბურთელების ასეთი ემოციური ზეიმი ნაღდად ლეგიტიმურია, რადგან 88-ე წუთამდე, ფრაიბურგში ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდათ და „ბადენოვა-შტადიონზე“ რომ ვერ მოეგოთ, ჩემპიონთა ლიგის საგზური საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. „ბილდი“ იმასაც წერდა, „ბაიერნს“ ფრაიბურგში რომ ვერ მოეგო, ჰიონესი და რუმენიგე ლუის ვან გაალს ახლავე გააგდებდნენო - ხომ იცით, სეზონის ბოლოს ჰოლანდიელი სპეციალისტის წასვლა ისედაც გადაწყვეტილია. და სხვათა შორის, უკვე აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ზაფხულიდან „ბაიერნს“ იუპ ჰაინკესი გაწვრთნის.

ეს უკანასკნელი ახლა „ლევერკუზენის“ დამრიგებელია, მაგრამ უკვე გადაწყდა და „ბილდის“ ცნობით, დღეს ოფიციალურადაც დადასტურდება, რომ „დონ იუპი“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და რომ ივნისიდან, „ლევერკუზენს“ რობინ დუტი მიხედავს - კაცი, რომელიც ახლა „ფრაიბურგს“ წვრთნის. მოკლედ, გერმანიაში ისეთი სამწვრთნელო საგიჟეთია, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგაში აბსოლუტურად ლოგიკურად დაფიქრდნენ, ხომ არ შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელს ერთი სეზონის მანძილზე მხოლოდ ერთ კლუბში მუშაობის უფლება ექნება...

რა შეიცვალა „ჰამბურგში“ ერთი კვირის მანძილზე ისეთი, რომ გუნდმა, რომელმაც წინა ტურში „ბაიერნთან“ 0:6 წააგო, ახლა „კიოლნს“ 6:2 მოუგო? ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შემობრუნებისთვის ნაღდად ბევრი არაფერი შეცვლილა, ისე კი, HშV-ში მწვრთნელი (არმინ ფეე) გააგდეს და მის ნაცვლად გუნდი დროებით ასისტენტ მიხაელ იონინგს ჩააბარეს და დაიფრინეს შეფებიც - თავმჯდომარე ბერნდ ჰოფმანი და მისი მოადგილე კატია კრაუსი. ჰო, იონინგმა ტაქტიკა შეცვალა და გუნდი 4-1-2-1-2-ით ათამაშა, სადაც ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი ზე რობერტო არა საყრდენი (როგორც მანამდე), არამედ გამთამაშებელი გახლდათ. და აი, „ჰამბურგმა“ „კიოლნს“ სულ კუდით ქვა ასროლინა. ექვსიდან სამი გოლი კი მლადენ პეტრიჩის ანგარიშზეა.

ვინც იფიქრა, რომ კიოლნში დიდი ანგარიშით წაგების (0:4) მერე „ჰანოვერი“ აიჭრებოდა, სასტიკად შეცდა. მირკო სლომკას გუნდმა „დორტმუნდის“ გამამწარებელ „ჰოფენჰაიმთან“ ძველებური სიმშვიდით ითამაშა და მშვიდადვე მოიგო: 2:0. ამ გამარჯვებით, ჰანოვერელებმა საუკეთესო სამეულში ადგილი შეინარჩუნეს და კვლავ ოცნებობენ მაქსიმუმ ჩემპიონთა და მინიმუმ ევროპის ლიგაზე. „წითლების“ მთავარი გოლეადორი დიდიე ია კონანი სამკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გოლიც გაიტანა, მეორე კი აბდელაუმ შეაგდო.

სლომკა მაინც ფრთხილობს, ევროპაში მოხვედრისთვის კი ვიბრძვით, მაგრამ მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების დასახვა ჩვენი მხრიდან მაინც ხმამაღალი განცხადება იქნებოდაო. არადა, „ჰანოვერი“ მესამე ადგილზეა და სეზონის დამთავრებამდე 7 ტურია დარჩენილი. თანაც, „ჰანოვერს“ საკუთარ მოედანზე ყველაზე მეტი ქულა (31) აქვს მოპოვებული და გუნდმა საკუთარი რეკორდი უკვე გააუმჯობესა - „ჰანოვერის“ საუკეთესო შედეგი აქამდე სეზონში 49 ქულა იყო, ახლა კი უკვე 50 აქვს.

ჰო, მართლა: „ჰანოვერის“ მცველმა კრისტიან შულცმა „ვოლფსბურგში“ გადასვლაზე უარი თქვა და „წითლებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. არადა, ფელიქს მაგათი წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობდა (ჰანოვერში 2 მილიონს იღებს). არცაა გასაკვირი, „ჰანოვერი“ ევროპაში გადის, „ვოლფსბურგი“ კი გადარჩენისთვის იბრძვის. შულცს კი ევროპაში უნდა.

„ვერდერმა“ სტუმრად „ნიურნბერგს“ მოუგო და „მუსიკოსებმა“ ცოტათი ამოისუნთქეს; „აინტრახტში“ თეოფანის გეკასმა გაიხსენა და ყველას გაახსენა, რომ თავდამსხმელია - 2011 წელს პირველად შეძლო გოლის გატანა და ეგრევე დუბლი შეასრულა; მაგათის დებიუტი კი „ვოლფსბურგში“ მთლად იდეალური ვერა, მაგრამ კარგი გამოვიდა: „მგლები“ „შტუტგარტს“ ფელიქსის ძველი ჯილას, გრაფიტეს გოლით უგებდნენ და შვაბებმა ანგარიშის გათანაბრება 94-ე წუთზეღა მოახერხეს...


მომდევნო ტური
1 აპრილი. ზანკტ პაული-შალკე. 2 აპრილი. ბაიერნი-ბორუსია (მ), ვერდერი-შტუტგარტი, ბორუსია (დ)-ჰანოვერი, მაინცი-ფრაიბურგი, კაიზერსლაუტერნი-ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი. 3 აპრილი. კიოლნი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-აინტრახტი.


ბორუსია (მ)-კაიზერსლაუტერნი 0:1
ბორუსია მ. (4-2-3-1): ბეილი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - მ. ფინკი (63. ჰერმანი), ნორდტვეიტი - როისი, ნოიშტედტერი, არანგო (72. მატმური) - იდრისუ (57. ჰანე).
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - ტიფერტი (90. ამედიკი), კირხი - ილიჩევიჩი, მორავეკი (87. პეცოსი), ჰლუშეკი - ნემეცი (66. ლაკიჩი).
გოლი: 0:1 ბეილი (61-საკ. კარში)
გაფრთხილება: დანტე, ნოიშტედტერი
კუთხური: 0-0; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 0(0)-0(0); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 47 696

ჰამბურგი-კიოლნი 6:2
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ფ. როსტი - დიკმაიერი (55. დემელი), კაჩარი, მატიისენი, აოგო - ვესტერმანი - ბენ-ჰატირა (60. სონი), ელია - ზე რობერტო - ვან ნისტელროი (82. თორუნი), პეტრიჩი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი, პეტიტი (75. მაკინო) - პეჟკო (40. ჩიჰი), პოდოლსკი, ჟაჟალო - ნოვაკოვიჩი (82. კლემენსი).
გოლები: 1:0 პეტრიჩი (12), 2:0 ბენ-ჰატირა (32), 3:0 პეტრიჩი (38), 4:0 პეტრიჩი (43), 4:1 ჟაჟალო (50), 5:1 კაჩარი (52), 6:1 ზე რობერტო (58-პენ), 6:2 პოდოლსკი (62)
გაფრთხილება: ვან ნისტელროი - ლანიგი, ნოვაკოვიჩი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 21(7)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 57 000

აინტრახტი-ზტ. პაული 2:1
აინტრახტი (4-2-3-1): ფერმანი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი - კლერკი (61. კაიო), შვეგლერი - ფენინი (46. მ. ჰელერი/91. ჰალილ ალთინთოფი), ა. მაიერი, ამანატიდისი - გეკასი.
ზტ. პაული (4-1-4-1): კესლერი - ბარტელსი, თორანდტი, გიუნეში, ფოლცი - ბოლი - მ. კრუსე (84. ებერსი), მ. ლემანი, დაუბე (78. ბრუნსი), ტაკი (81. ჰენინგსი) - ასამოა.
გოლები: 1:0 გეკასი (34-პენ), 1:1 ტაკი (42), 2:1 გეკასი (77)
გაფრთხილება: კლერკი - დაუბე, ფოლცი, მ. ლემანი, ასამოა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13(6)-11(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 50 500

ფრაიბურგი-ბაიერნი 1:2
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ტოპრაკი, ბართი, ბასტიანსი - შუსტერი - კალიჯური (85. ბუტშერი), ფლუმი (77. რაიზინგერი), მაკიადი, პუცილა (89. იანო) - სისე.
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ვან ბუიტენი, ლუის გუსტავო, პრანიჩი - კროოსი (78. ტიმოშჩუკი), შვაინშტაიგერი - რობენი (30. ჰამით ალთინთოფი), თ. მიულერი (71. კლოზე), რიბერი - გომესი.
მე-14 წუთზე სისემ (ფრაიბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 გომესი (9), 1:1 სისე (17), 1:1 რიბერი (88)
გაფრთხილება: შუსტერი, რაიზინგერი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(5)-11(6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 24 000

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 2:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, რაუში (84. კარლიტოსი) - ია კონანი (80. შლაუდრაფი), აბდელაუ (88. შტოპელკამპი).
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი - ბაბელი (87. რობერტო ფირმინიო), ვუკჩევიჩი (65. სიგურდსონი), ალაბა, სალიჰოვიჩი (58. მლაპა) - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 ია კონანი (38), 2:0 აბდელაუ (53)
გაფრთხილება: რუდი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 9(3)-12(2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 47 200

ნიურნბერგი-ვერდერი 1:3
ნიურნბერგი (4-1-2-1-2): რ. შეფერი - ხანდლერი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ჰეგელერი (54. მაკი), კოენი (65. ოკოტი) - გიუნდოგანი - ექიჩი (87. ნილსონი), აიგლერი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, პასანენი, მერტეზაკერი, სილვესტრი - ფრინგსი - ვესლი (62. დ. შმიდტი), ბოროვსკი - მარინი - პისარო (92. ავდიჩი), ვაგნერი (90. ჰანტი).
გოლები: 0:1 ვაგნერი (27-პენ), 1:1 გიუნდოგანი (30), 1:2 პისარო (50), 1:3 ვაგნერი (89-პენ)
გაფრთხილება: აიგლერი, პინოლა, რ. შეფერი - ფრინგსი, პისარო, პასანენი
გაძევება: ხანდლერი (72. ნიურნბერგი)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 8(4)-8(6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 48 548

ბორუსია (დ)-მაინცი 1:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი (88. კელი) - გროსკროიტცი, გიოტცე, ბლაშჩიკოვსკი (69. ზიდანი) - ბარიოსი (31. ლევანდოვსკი).
მაინცი (4-1-2-2-1): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი - პოლანსკი (87. ფ. ჰელერი), სოტო - ჰოლტბი (79. რისსე), შიურლე - ალაგუი (78. შლიშკოვიჩი).
მე-19 წუთზე შაჰინმა (ბორუსია დ) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ჰუმელსი (8), 1:1 შლიშკოვიჩი (89)
გაფრთხილება: სუბოტიჩი - ვეტკლო
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15(3)-9(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 80 720

ლევერკუზენი-შალკე 2:0
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - ბალიტში (74. ლ. ბენდერი), შვააბი, რაინარტცი, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი, ბალაკი, რენატო (88. ბარნეტა) - დერდიოკი (84. კისლინგი).
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი (46. პაპადოპულოსი), შმიტცი - მატიპი, ანანო - ედუ (59. დრაქსლერი), ხურადო - გავრანოვიჩი (71. ხარისტეასი), რაული.
გოლები: 1:0 დერდიოკი (19), 2:0 მეტცელდერი (27-საკ. კარში)
გაფრთხილება: რენატო, ბალაკი - უჩიდა, რაული, ანანი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-24; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13(7)-7(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 210

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 1:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ჩელოცი (67. შიპლოკი), ტასკი (46. ბულარუზი), ნიდერმაიერი, მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი (39. ელსონი) - გებჰარდტი, გენტნერი, ოკაზაკი - პოგრებნიაკი.
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): ლენცი - პეკარიკი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჟოსუე (74. მადლუნგი) - რიტერი, ჰასებე (46. პოლაკი) - დიეგო, სისერო (60. კოო) - გრაფიტე.
გოლები: 0:1 გრაფიტე (40), 1:1 ნიდერმაიერი (94)
გაფრთხილება: შიპლოკი - პეკარიკი, კიაერი, ლენცი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16(4)-9(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 39 000


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 27 19 5 3 54-16 62
2. ლევერკუზენი 27 16 7 4 56-34 55
3. ჰანოვერი 27 16 2 9 39-36 50
4. ბაიერნი 27 14 6 7 59-34 48
5. მაინცი 27 14 2 11 42-34 44
6. ნიურნბერგი 27 12 6 9 42-36 42
7. ჰამბურგი 27 12 4 11 43-44 40
8. ფრაიბურგი 27 11 4 12 34-38 37
9. ჰოფენჰაიმი 27 9 9 9 42-39 36
10. შალკე 27 9 6 12 31-33 33
11. კიოლნი 27 9 5 13 37-49 32
12. ვერდერი 27 8 8 11 37-53 32
13. კაიზერსლაუტერნი 27 8 7 12 36-43 31
14. აინტრახტი 27 9 4 14 27-37 31
15. შტუტგარტი 27 8 5 14 46-49 29
16. ზანკტ პაული 27 8 4 15 29-47 28
17. ვოლფსბურგი 27 6 9 12 31-40 27
18. ბორუსია (მ) 27 6 5 16 38-61 23

ბომბარდირები: 19 - გომესი (ბაიერნი); 18 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 12 - პოდოლსკი (კიოლნი), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული