ნამუსიც კაი საქონელია, შაჰინ!

AutoSharing Option
ფელიქს მაგათი „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა და იქ არცთუ ისე ბევრი რამ დახვდა შეცვლილი; „შალკეს“ ბოსმა კლემენს ტიონიესმა „დესპოტ ფელიქსზე“ ძალიან ცუდად ილაპარაკა; „ბაიერნში“ კი ჯერჯერობით მწვრთნელიც უცვლელია და ტენდენციაც...

სხვათა შორის, ბუნდესლიგის 27-ე ტურს ისეთი გმირებიც ჰყავდა, რომლებიც წინა პლანზე მხოლოდ იმ სამწვრთნელო საგიჟეთ-ჯოჯოხეთის გამო არ მოხვდნენ, რასაც აგერ უკვე ორი კვირაა, ბოლო არ უჩანს – მაგალითად, „ჰამბურგის“ ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი ზე რობერტო, რომელმაც ბუნდესლიგაში 330-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ, რეკორდსმენ სერგეი ბარბარესს გაუთანაბრდა (არაგერმ
ანელი ფეხბურთელის ყველაზე მეტი მატჩი ბუნდესლიგაში). ან სებასტიან პრიოდლი, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად, რაგბი ითამაშა და ამის გამო მიიღო ტრავმა, რომელიც ფეხბურთს სამი-ოთხი კვირის მანძილზე ჩამოაშორებს. პრიოდლი არ ამბობს, ვისი იდეა იყო ვარჯიშის შემდეგ რაგბის თამაში.

ეს და სხვა საინტერესო მოვლენები ბუნდესლიგის 27-ე ტურიდან, Tops & Flops-ის სახით.


Flop - ნური შაჰინი და ბრმა ნდობა
გერმანიაში არცერთი სხვა მწვრთნელი არ ენდობა თავის შეგირდებს ისე, როგორც დორტმუნდის „ბორუსიას“ დამრიგებელი იურგენ კლოპი. ფეხბურთელებიც უდიდესი თავდადებით თამაშობენ და ამიტომაცაა, რომ „ბორუსიას“ ჩემპიონობა ფაქტობრივად გარდაუვალია. აი, იურგენის ნური შაჰინისადმი ბრმა ნდობას კი BVB-ში ბევრი აღარ ეთანხმება. თურქმა ნახევარმცველმა ამ სეზონში უკვე მესამედ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეტი არც დაურტყამს), ზოგადად კი ზედიზედ ოთხი პენალტი აქვს გაფუჭებული. წინა სამი შემთხვევისგან განსხვავებით, კლოპს ამჯერად აღარ უთქვამს, ათასჯერ რომ ვერ გაიტანოს, პენალტს მაინც შაჰინს დავარტყმევინებო. ეჭვი გვაქვს, ამ ბრმა ნდობაში თვითონაც ეჭვი შეეპარა.


Flop - დავცინით ბეილის
პარასკევს, მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „კაიზერსლაუტერნის“ უპრინციპულეს მატჩში, მასპინძლების მეკარემ ისეთი შეცდომა დაუშვა, ბოლოადგილოსანი „გლადბახის“ ფანებს ტირილის თავიც არ ჰქონდათ და სიცილი დაიწყეს. კრისტიან ტიფერტმა კუთხური რომ ჩააწოდა, ბეილის ხუთმეტრიან საჯარიმოში მის გარდა ფაქტობრივად არავინ იყო და „გლადბახის“ მეკარეს ბურთის თავით მოგერიებაც კი თავისუფლად შეეძლო, მან კი ბურთს მუშტი მოუღერა და საკუთარ კარში შეაგდო. საინტერესოა ისიც, რომ ბეილიმ ამ კუთხურამდეც საკუთარი კარისკენ მოიგერია ტიფერტის კიდევ ერთი კუთხური, ოღონდ იმ შემთხვევაში ააცილა. დიდი შანსია, რომ ლოგანის ეს მწარე შეცდომა „გლადბახს“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის ფასად დაუჯდეს.


Flop - გუსტავო იქ, გუსტავო აქ, გუსტავო ყველგან...
დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშეს, „შალკესთან“ საყრდენ ნახევარმცველად, „ჰამბურგთან“ ცენტრალურ მცველად, „ინტერთან“ ისევ საყრდენად, ფრაიბურგში კი ისევ ცენტრალურ მცველად – თვეზე მეტია, ლუის გუსტავოს „ბაიერნში“ ერთ პოზიციაზე ზედიზედ ორი თამაშიც კი არ აქვს ჩატარებული. კარგია, რომ ბრაზილიელს არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში და თავის კარგად წარმოჩენას ყველგან ახერხებს, მაგრამ ლუის ვან გაალი შეცდომას უშვებს, როცა მას სამ დღეში ერთხელ პოზიციას უცვლის, რადგან ბრაზილიელი ძალიან დაიბნა: როცა ცენტრალური მცველია, ხანდახან ისე იქცევა, როგორც საყრდენი უნდა იცეოდეს, როცა მარცხენა მცველია, ისე იქცევა, როგორც ცენტრალური მცველი უნდა იქცეოდეს და ა.შ
საინტერესოა, რა პოზიციაზე ათამაშებს ვან გაალი ბრაზილიელს მომდევნო ტურში, „გლადბახთან“.

Flop - განადგურებული კიოლნი

საკმარისი იყო, კიოლნელებს ზედიზედ ექვსი საშინაო გამარჯვების შემდეგ თავი გასავარდნი ზონიდან მოშორებით, სამშვიდობოს დაეგულებინათ, რომ ბრძოლა შეწყვიტეს და „ჰამბურგთან“ 2:6 განადგურდნენ. თანაც, იმ „ჰამბურგთან“, რომელმაც წინა ტურში თვითონ გაუშვა 6 გოლი. ახლა კი ცხადია, რომ „თხებს“ სეზონის ბოლომდე მაინც მოუწევთ ნერვიულობა.


Flop - წარმატებები, რალფ!
მაგათის გაგდების შემდეგ, „შალკეს“ ბოსმა კლემენს ტიონიესმა ყოფილ მწვრთნელზე ძალიან ცუდად ილაპარაკა და პრესკონფერენციაზე მაგიდას მუშტიც კი დასცხო – ალბათ უნდოდა, ეჩვენებინა, როგორი მკაცრია და როგორ აჯობა „დესპოტ ფელიქსს“, რომელიც უმუშევარი, რა თქმა უნდა, არ დარჩენილა და უკვე „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელია.
გუშინ „შალკეში“ მუშაობას რალფ რანგნიკი შეუდგა და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, „პროფესორს“ „შალკესთვის“ ისტორიულად დამახასიათებელი ქაოსის გაძლება ვუსურვოთ...


Top - ბედნიერი გრაფიტე
მაგათმა ბრაზილიელი თავდამსხმელი გრაფიტე „ვოლფსბურგში“ 2007 წელს, ფრანგული „ლე მანიდან“ გადაიყვანა და ამ უკანასკნელს მანამდე არავინ იცნობდა, თანაც უკვე 28 წლის იყო. მაგათის ხელში გრაფიტე გერმანიის ჩემპიონი და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ბრაზილიის ნაკრების განაცხადშიც იყო, რაც, გავრისკავთ და ვიტყვით, ასევე მაგათის დამსახურებაა.

არცაა გასაკვირი, ბრაზილიელ თავდამსხმელს ძალიან რომ გაუხარდა მაგათის „ვოლფსბურგში“ დაბრუნება, რაც მაშინვე ფეისბუქზე გამოხატა და „მგლების“ ფანებს დაპირდა, ამ სეზონში კიდევ 8 გოლს გავიტანო. ფელიქსმა ბრაზილიელს თავის სტილში უპასუხა - კარგია, რომ ასეთი გახარებული და მონდომებულია, მაგრამ მე მისგან ცხრა გოლს ველოდებიო.
გრაფიტემ კვირას „შტუტგარტთან“ ერთი უკვე გაიტანა...


Top - კრაფტის არგუმენტი
მაღალი კლასის მეკარეს აუღებელი დარტყმების აღებაც უნდა შეეძლოს. „ბაიერნის“ ახალგაზრდა კიპერი თომას კრაფტი მიუნხენში ძალიან უყვართ და აფასებენ, მაგრამ აქამდე ცოტათი ეჭვის თვალითაც უყურებდნენ, რადგან „ჰანოვერთან“ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. სამაგიეროდ, მილანში, „ინტერთან“ იყო ბრწყინვალე და ამ უქმეებზეც, „ფრაიბურგთან“ (2:1 რეკორდმაისტერის სასარგებლოდ) ძალიან კარგად ითამაშა – პენალტიც აიღო და რამდენიმე გემრიელი სეივიც გააკეთა. ეს კი უკვე დამატებითი არგუმენტია ფანებისთვის, რომ კრაფტი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდეთ და კიდევ უფრო თამამად თქვან, რომ მიუნხნურ გრანდს მანუელ ნოიერი არ სჭირდება.

Top - დაგეგმილი გოლი
„ლევერკუზენის“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა „შალკესთან“ მოგებული მატჩის შემდეგ თქვა, ერენ დერდიოკმა ზუსტად ისეთი გოლი გაიტანა, როგორიც დავგეგმეთო: სიმონ როლფესის გამჭოლი პასი მიხაელ ბალაკისკენ, რომელიც ერთი შეხებით გზავნის ბურთს დერდიოკისკენ. ლუკას შმიტცი და ბენედიქტ ჰიოვედესი შვეიცარიელს სისწრაფეში მაგრად ჩამოუვარდებიან, რის გამოც დერდიოკს ვერ აკონტროლებენ, ეს უკანასკნელი კი ნოიერთან პირისპირ გადის, მაგრამ ბურთი საკმაოდ წინ აქვს გაგდებული, რის გამოც „შალკეს“ მეკარე კარის დატოვებაზე ფიქრობს, ნაბიჯი წინ, მერე ხვდება, რომ ეს უაზრობაა და ნაბიჯი უკან, დერდიოკი კი ამ დროს უკვე ბურთთანაა, დარტყმა, გოლ!

„შალკეს“ მეკარეზე აუგს ვერ ვიტყვით – მოგერიება შეუძლებელი იყო.


Top - ღადაობ, მლადენ?
„ჰამბურგის“ თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი კიოლნთან მატჩის წინ ამბობდა, ჩვენი მეტოქე კერკეტი კაკალია, მოგება გაგვიჭირდებაო. თხებს წინა ექვსი თამაშიდან ოთხი მოგებული ჰქონდათ, რაც პეტრიჩის მოსაზრებას ადასტურებს. მაგრამ თამაშმა ეს მოსაზრება ისე გააბათილა, კვირას პეტრიჩს უკვე მთელი გერმანია დასცინოდა. „ჰამბურგმა“ 6:2 მოიგო, ხორვატმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეეძლო, ოთხიც გაეტანა, მაგრამ პენალტი ზე რობერტოს დაარტყმევინა.


Top - რიბერი, როგორც რობენი
რაკი არიენ რობენი მოედანზე აღარ იყო, „ბაიერნის“ ლიდერის ფუნქციები სრულად ფრანკ რიბერიმ იკისრა და „ფრაიბურგთან“ მატჩის დასკვნით ნაწილში გააკეთა ის, რასაც მეტწილად რობენი აკეთებს ხოლმე. 88-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახლდათ, რაც რეკორდმაისტერს არანაირად არ აწყობდა და მიუნხენელები უკვე უკონცეფციოდ უტევდნენ. მერე რიბერიმ მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო და რობენის სტილში, დრიბლინგი ცენტრისკენ მოძრაობით განაგრძო, გასცდა მენსურ მუიჯას და მარჯვენა ფეხით, ბურთი ბრაისგაუელთა კარის შორეულ კუთხეში შეაგდო. ამრიგად, სწორედ რიბერის დამსახურებაა ის, რომ „ბაიერნი“ მესამე ადგილზე მყოფ „ჰანოვერს“ ისევ ორი ქულით ჩამორჩება. ამ სეზონში რეკორდმაისტერისთვის ესეც წარმატებაა.


XXVII ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 4-3-3)
სვენ ულრაიხი (შტუტგარტი) – ტიმოთი ჩენდლერი (ნიურნბერგი), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ), იომერ ტოპრაკი (ფრაიბურგი), მიხალ კადლეცი (ლევერკუზენი) – ენის ბენ-ჰატირა (ჰამბურგი), კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი), ელჯერო ელია (ჰამბურგი) – ერენ დერდიოკი (ლევერკუზენი), დიდიე ია კონანი (ჰანოვერი), მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი)

„ჰანოვერის“ კოტ დ’ივუარელი თავდამსხმელი დიდიე ია კონანი მერვედ მოხვდა „კიკერის“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში. მიმდინარე სეზონში მასზე სიმბოლურში არავინ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ია კონანი ამ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა.


ტურის გმირი
მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი)

მლადენ პეტრიჩს გოლების გატანა ყველაზე მეტად „კიოლნის“ კარში უყვარს, რადგან ყველაზე მარტივად ამ გუნდის კარის დალაშქვრა გამოსდის ხოლმე. შაბათს მან „თხებს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა და საერთო ჯამში, „კიოლნთან“ რვა ხუთ მატჩში რვა გოლი აქვს გატანილი. პეტრიჩს ზოგადად ამ სეზონშიც ძალიან კარგი შედეგი აქვს: 11 გოლი და 6 საგოლე პასი სულ რაღაც 18 მატჩში. ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კი, „კიკერმა“ პირველად დაასახელა.


საუკეთესო ფეხბურთელები
27 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.63
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.63
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.69
6. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.75
7. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.76
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.76
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.80
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.83

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 25 19 3 22
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 25 18 1 19
3. თეოფანის გეკასი აინტრახტი 27 16 3 19
4. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 22 12 7 19
5. თომას მიულერი ბაიერნი 27 9 9 18
6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 26 12 6 18
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 19 4 14 18
8. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 26 9 9 18
9. მლადენ პეტრიჩი ჰამბურგი 18 11 6 17
10. ანდრე შიურლე მაინცი 26 12 5 17

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული