მორიგი სენსაცია: დაუმი ფრანკფურტშია!

AutoSharing Option
გერმანიაში სამწვრთნელო ალიაქოთი იმით დაიწყო, რომ სამიოდე კვირის წინ, „ბაიერნში“ ლუის ვან გაალის გათავისუფლებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ, მაგრამ ჰოლანდიელი პოსტზე დატოვეს, თუმცა გადაწყვიტეს, რომ სეზონის ბოლოს გაუშვან. ამ ამბავს „ჰამბურგში“ დატრიალებული ქაოსი მოჰყვა: ჯერ ითქვა, რომ არმინ ფეეს სეზონის ბოლოს გაუშვებდნენ, მერე კი, „ბაიერნთან“ 0:6-ზე წაგების შემდეგ, HSV-ს თავკაცი მაშინვე გააგდეს და მის ნაცვლად, ჩრდილოგერმანული კლუბი ასისტენტმა მიხაელ იონინგმა ჩაიბარა.

„ჰამბურგის“ შემდეგ იყო „შალკე“, სადაც ფელიქს მაგათზე ატყდა ალიაქოთი – მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ფინალში
გაიყვანა, „დესპოტი ფელიქსი“ მაინც დაიფრინეს და გელზენკირხენულ კლუბს ორშაბათიდან რალფ რანგნიკი ავარჯიშებს, რომელიც იანვრამდე „ჰოფენჰაიმის“ დამრიგებელი იყო. თვითონ მაგათი კი, „შალკედან“ გაგდებიდან ზუსტად ერთ დღეში „ვოლფსბურგში“ დაბრუნდა.

ამით ყველაფერი არ დამთავრებულა: გუშინწინ გაირკვა, რომ იუპ ჰაინკესი ზაფხულში „ლევერკუზენიდან“ მიდის და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ჩაუდგება სათავეში. „ლევერკუზენს“ კი, ასევე ზაფხულიდან, რობინ დუტი მიხედავს, რომელსაც ფრაიბურგში მისი ასისტენტი შეცვლის. და აი, გუშინ კიდევ ერთი სენსაციური გადაადგილება მოხდა: ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ მიხაელ სკიბე გაათავისუფლეს, თუმცა ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია, სენსაცია ისაა, რომ ფრანკფურტულ კლუბს თვით კრისტოფ დაუმი ჩაუდგა სათავეში, რომელიც პირველ ვარჯიშს დღეს გამართავს. პირველი, რაც ამ ამბავის გაგების შემდეგ უნდა წარმოიდგინოთ, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, 3 აპრილს დაგეგმილი, ერთი შეხედვით არც ისე დამაინტრიგებელი მატჩია „ვოლფსბურგსა“ და „აინტრახტს“ შორის, მაგრამ ახლა იმასაც დაუკვირდით, რომ „ვოლფსბურგის“ მწვრთნელი მაგათია, „აინტრახტისა“ კი – დაუმი.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ამავე დროს სკანდალური გერმანელი სპეციალისტი (მუშაობდა „ლევერკუზენში“, „კიოლნში“ და „შტუტგარტში“) „აინტრახტში“ მინიმუმ სეზონის ბოლომდე იმუშავებს და თუ ფრანკფურტელები მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას გადაურჩებიან, კრისტოფი „აინტრახტში“ კიდევ ორი წლით დარჩება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ, დაუმს მოსკოვში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ კრისტოფმა რუსებს უარი უთხრა და „აინტრახტის“ ხელმძღვანელებს დათანხმდა – მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გაცილებით უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. „ჩემი აზრით, არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ გადაწყვეტილება ბუნდესლიგის სასარგებლოდ მივიღე. ფრანკფურტის „აინტრახტი“ უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა. მინდა, ფრანკფურტში ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბო, რომელიც სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლებს. მეორე ბუნდესლიგაზე კი საერთოდ არ ვფიქრობ,“ - განუცხადა დაუმმა „კიოლნერ ექსპრესს“.

„აინტრახტიდან“ სკიბეს გათავისუფლება ლოგიკური კი იყო, მაგრამ შაბათს ფრანკფურტელებმა გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ზანკტ პაულის“ 2:1 მოუგეს და ხომ იცით, მწვრთნელებს მოგებული თამაშების შემდეგ ძალიან იშვიათად ათავისუფლებენ ხოლმე. როგორც ჩანს, გადამწყვეტი ნაბიჯი „აინტრახტის“ შეფებს იმ ფაქტორმა გადაადგმევინა, რომ დაუმისგან თანხმობა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სკიბეს გაგდება და დაუმის დანიშვნა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეათე სამწვრთნელო ცვლილებაა.

სკიბეს გაგდება ფრანკფურტელებს საკმაოდ ძვირად დაუჯდათ, რადგან მიხაელს ახლო წარსულში, კერძოდ, იანვარში, ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, რომელსაც ვადა 2012 წლამდე ჰქონდა. იანვარში სკიბეს ახალი ხელშეკრულება იმის გამო გაუფორმეს, რომ „აინტრახტმა“ პირველი წრე საკმაოდ კარგად ჩაატარა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სკიბეს წელიწადში 1.3 მილიონი დაუნიშნეს, რაც ახლა კონტრაქტიის ნაადრევი გაწყვეტის გამო მაინც უნდა გადაუხადონ და ცხადია, უნდა გადაუხადონ დაუმსაც, თანაც, გაცილებით მეტი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაუმის დებიუტი 3 აპრილს შედგება – ფელიქს მაგათის „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ...

მკითხველის კომენტარები / 1 /
სურათებზე ნაბეჭდს ნუ გადაატარებთ,დისკომფორტს გვიქმნის,ვერ ვკითხულობთ.
status quo
17:38 23-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული