პროფესორმა დაიწყო, ხუმრობის დრო აღარაა

AutoSharing Option

ორშაბათს რალფ რანგნიკი „შალკეში“ მუშაობას ოფიციალურად შეუდგა - შეგახსენებთ, რომ ეს მისი მეორე გელზენკირხენული ერის დასაწყისია. პირველის დროს, „პროფესორ რალფს“ გვერდით, მენეჯერის რანგში ანდრეას მიულერი ედგა, რომელმაც ბოლოს გაწირა კიდეც რანგნიკი, ახლა კი, „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტია. შეიცვალა „შალკეს“ მართვის სტრუქტურაც: თუკი ფელიქს მაგათი მწვრთნელიც იყო და მენეჯერიც, ახლა რანგნიკი მხოლოდ მწვრთნელია, მენეჯერის ფუნქციები კი თავის თავზე მთლიანად ჰელდტმა აიღო. რალფს ახლა ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ „შალკეში“ შექმნილ ვითარებაში კარგად გაერკვეს, ფეხბურთელები გაიცნოს, მათი პლუს-მინუსები გაანალიზოს და პირველ აპრილს
დაგეგმილ სადებიუტო შეხვედრას (ზანკტ პაულისთან) ასი პროცენტით მომზადებული შეხვდეს – სანაკრებო პაუზამ რანგნიკს მართლაც სულზე მოუსწრო.

რანგნიკის უპირველესი ამოცანა ისაა, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნას. ჰო, ეს პარადოქსულად ჟღერს, რადგან გელზენკირხენელები ერთი წლის წინ ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, წელს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ „შალკეს“ ჯერ კიდევ ემუქრება ელიტიდან გავარდნის საფრთხე - მართალია, არა ისე მძაფრად, როგორც სხვა გუნდებს, მაგრამ მაინც, რადგან მე-16 ადგილს მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს.

„გუნდი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაშია. ამიტომაც, „ზანკტ პაულისთან“ აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება, რომ თავი შედარებით მშვიდად ვიგრძნოთ,“ - ეს „შალკეს“ მეკარის, მანუელ ნოიერის სიტყვებია.

მაგათმა „შალკეში“ ყოფილი ასისტენტი ზეპო აიხკორნი დატოვა, რომელმაც გელზენკირხენულ კლუბს რანგნიკის დანიშვნამდე, „ლევერკუზენთან“ მატჩში უხელმძღვანელა და ის თამაში „ხუმარებმა“ 0:2 წააგეს, რის შემდეგაც აიხკორნმა, რომელიც „შალკეში“ რჩება და „პროფესორი რალფის“ ასისტენტი იქნება, თქვა: „გუნდში არაჯანსაღი მდგომარეობაა. ფეხბურთელების უდიდესმა ნაწილმა გერმანული ენა არ იცის, რის გამოც ერთმანეთს ვერ უგებენ და ჯგუფებად არიან დაყოფილები.“

აიხკორნმა ამით მაგათი გააკრიტიკა, მაგრამ „შალკესთვის“ ყოველივე ზემოთქმული სიახლეს არ წარმოადგენს: გელზენკირხენულ კლუბში „დესპოტი ფელიქსის“ მისვლამდეც ასეთი პრობლემები იყო და ასეთი სახის პრობლემები თვით რანგნიკისთვისაც ძალიან კარგადაა ცნობილი – ის ხომ წელიწადნახევარი წვრთნიდა „შალკეს“. ლევერკუზენში კი, ხუმარებს სერიოზული საკადრო პრობლემებიც ჰქონდათ: კლაას-იან ჰუნტელაარი ტრავმირებულია, ჯეფერსონ ფარფანი დისკვალიფიცირებული იყო, პეერ კლუგეს კი გრიპი ჰქონდა. შეგახსენებთ, სამივე მათგანი „შალკეს“ წამყვანი ფეხბურთელები არიან.

ფაქტია, რომ რალფი ლევან ყენიას გუნდში ბევრ რამეს შეცვლის. უკვე გადაწყვეტილია, რომ განათხოვრებული ფეხბურთელები, 20 წლის ლუის ჰოლტბი (მაინცშია) და 21 წლის იან მორავეკი (კაიზერსლაუტერნში) „შალკეში“ დაბრუნდებიან. ჩვენი გერმანელი კოლეგებისა და სხვადასხვა ექსპერტების აზრით, რანგნიკი აუცილებლად გაუშვებს კრისტოფ მეტცელდერს და ბრაზილიელ თავდამსხმელ ედუსაც, რომელიც „შალკეში“ მაგათმა ჩაიყვანა – სხვა მწვრთნელს მისი ყიდვა აზრადაც არ მოუვიდოდა. შეიძლება ითქვას, რომ გელზენკირხენული კლუბისთვის ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რამდენად ჰამონიულად შეეწყობიან ერთმანეთს მენეჯერი ჰელდტი და მწვრთნელი რანგნიკი. მათი თანამშრომლობის ხარისხზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული