რეკორდმაისტერის გეგმები: ჯერ დონი, მერე?

AutoSharing Option
ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ზაფხულიდან იუპ ჰაინკესი გაწვრთნის, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ლუის ვან გაალს, რომლის წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, სწორედ „დონ იუპი“ შეცვლის, რომელმაც „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უთხრა. ფაქტია, რომ „ბაიერნის“ მენეჯერ ული ჰიონესსა და ჰაინკესს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც თვითონ ჰიონესმა დაადასტურა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იუპი მიუნხენში მარტო არ წავა - თან წაიყვანს ასისტენტ პეტერ ჰერმანს და ნახევარმცველ არტურო ვიდალსაც.

„მიუნხენური კლუბის შეფებს არ გავაწვალებ. მე ჩემი პრინციპები მაქვს.
ჯერ „ლევერკუზენთან“ მინდოდა ურთიერთობის გარკვევა და მას მერე, რაც ყველაფერი გავარკვიე, მიუნხენელებთან მართლაც დავამყარე კონტაქტი,“ - აცხადებს ჰაინკესი, რომელსაც „ლევერკუზენში“ ფრაიბურგის დამრიგებელი რობინ დუტი შეცვლის.

საინტერესოა, მაინც როდის გამოაცხადებენ ჰაინკესი და მიუნხენელები იმას, რომ „ბაიერნს“ „დონ იუპი“ უნდა ჩაუდგეს სათავეში? ექსპერტების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილია, უბრალოდ, მხარეებს ჰაინკესის „ბაიერნში“ დანიშვნის ოფიციალურად დადასტურება 17 აპრილამდე არ სურთ. საქმე იმაშია, რომ 17 აპრილს „ბაიერნი“ სწორედ „ლევერკუზენს“ ეთამაშება და დიდი შანსია, რომ ეს იყოს გადამწყვეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, მხარეებს მანამდე არაფრის გახმაურება არ სურთ, რადგან თუ ყველას ეცოდინება, რომ ჰაინკესი რეკორდმაისტერში მიდის, შესაძლოა, ზემოთ ხსენებულ მატჩს ჩრდილი მიადგეს.

მიუხედავად ამისა, ჰაინკესისა და „ბაიერნის“ თანამშრომლობის შესახებ ყოველდღიურად ახალი დეტალები ირკვევა. „ზუდდოიჩე ცაითუნგის“ ცნობით, „დონ იუპი“ მიუნხენში ასისტენტ პეტერ ჰერმანის წაყვანას გეგმავს. ორშაბათს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ჰაინკესის ასისტენტი ბავარიელთა ძველი ნაცნობი მიხაელ ჰენკე გახდებოდა, მაგრამ ამ დღეებში გაირკვა, რომ ჰაინკესს ჰენკესთან მუშაობა არ სურს და „ბაიერნში“ ჰერმანის წაყვანა უნდა.


სანიოლი ბაიერნის შეფ-სკაუტად?
ორიოდე კვირის წინაც ვწერდით, რომ მიუნხენელებს „ლევერკუზენიდან“ არა მარტო ჰაინკესის, არამედ ნახევარმცველ არტურო ვიდალის გადაბირებაც უნდათ. ჩილელმა ფეხბურთელმა უდიდესი პროგრესი სწორედ ჰაინკესის ხელში განიცადა და ფაქტია, „დონ იუპს“ მიუნხენში დიდი სიამოვნებით გაჰყვება. საინტერესოა ისიც, რომ „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებს ახალ კონტრაქტზე ვიდალმაც უარი უთხრა, არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა 2012 წლამდე აქვს.

არტურო ვიდალმა ამ სეზონში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა თუ მიუნხენურ გრანდში გადავა, ნამდვილად შეუძლია, რომ რეკორდმაისტერის ნახევარდაცვაში მარკ ვან ბომელის წასვლით გამოწვეული სიცარიელე შეავსოს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც იტყობინებიან, რომ დიდი შანსია, მიუნხენში ვილი სანიოლიც დაბრუნდეს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფეხბურთელის (ფრანგმა დიდი ხანია, აქტიური სპორტული კარიერა დაამთავრა), არამედ შეფ-სკაუტის რანგში. შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი „ბაიერნში“ 2000-დან 2009 წლამდე თამაშობდა. მისი შეფ-სკაუტად დანიშვნის იდეა რეკორდმაისტერის მენეჯერ კრისტიან ნერლინგერს გაუჩნდა.


კლოზე უკმაყოფილოა!
მიროსლავ კლოზე მიუნხენში თავს კარგად რომ აღარ გრძნობს, ეს ცნობილი ამბავია. ამ კვირის დასაწყისში კი გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ძალიან უკმაყოფილოა. „ვან გაალი რომ მიდის, ეს ბევრს არაფერს ცვლის. თუ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მომცემენ, მიუნხენიდან წავალ. ფაქტი ერთია: კიდევ ერთ ასეთ სეზონს ვეღარ ავიტან, - აცხადებს 32 წლის მირო „შპორტ ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო ვარ, ჯერ მოლაპარაკებები არცერთ სხვა კლუბთან არ გამიმართავს. პრესაში დაიწერა, თითქოს არაერთ კლუბთან მაქვს მოლაპარაკებები. ჟურნალისტების აზრით, ხან „ჰოფენჰაიმში“ ვარ, ხან მადრიდში და ხანაც დორტმუნდში, სადაც ჩემი შვილები უკვე სკოლაში ყოფილან ჩაწერილები, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია.“


მიუნხენში მცველის ძებნა დაიწყეს
ორი აზრი არ არსებობს, ჰაინკესის უპირველესი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება, რადგან მიუნხენურ გრანდს ყველაზე მეტად სწორედ დაცვაში უჭირს. გერმანულ პრესაში უკვე ვრელდება ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რომელ უკანახაზელებს მოიაზრებენ მიუნხენელები „ბაიერნის“ დაცვის ბურჯად მომავალი სეზონისთვის.

„ბაიერნში“ გადასვლის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი „ნიუკასლის“ 25 წლის მცველი ხოსე ენრიკე სანჩესია, რომლის ბედი „ბაიერნს“ პირველად ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ დაუკავშირა. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, „ბაიერნი“ სანჩესით, რომელიც ადრე „ვალენსიაში“ თამაშობდა, სერიოზულადაა დაინტერესებულიო. მას „ნიუკასლთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი დაახლოებით 6 მილიონი ევროა. „ბაიერნისთვის“ კარგი ისაა, რომ სანჩესს, რომელიც მარცხენა მცველია, „ნიუკასლიდან“ წასვლა უნდა.

დაცვის ცენტრისთვის კი, მიუნხენელთა ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე „ჩელსის“ 28 წლის ბრაზილიელი მცველი ალექსია. 1.89 მეტრი სიმაღლის უკანახაზელს მიუნხენელები დიდი ხანია, აკვირდებიან. ალექსი ფეხბურთის თამაშის სტილით ძალიან ჰგავს ლუსიოს, რომელიც წლების მანძილზე რეკორდმაისტერის წამყვანი მცველი იყო, ახლა კი მილანის „ინტერის“ ფეხბურთელია. ალექსის შემთხვევაში, მიუნხენელთათვის კარგი ისაა, რომ ბრაზილიელი „ჩელსიში“ არცისე ბედნიერია. ამ სეზონში ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ის პრემიერლიგაში მხოლოდ 11 შეხვედრაში ათამაშა, ჩემპიონთა ლიგაში კი მოედანზე სულაც მხოლოდ სამჯერ შეუშვა. ალექსი ტრავმირებული იყო და ახლახან გამოჯანმრთელდა. „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ფასი 16 მილიონი ევროა.

სხვადასხვა ავსტრიული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენელები „ჰანოვერის“ ავსტრიელ მცველ ემანუელ პოგატეცზეც ფიქრობენ. 28 წლის, 1.91 მეტრი სიმაღლის უკანახაზელი, რომელიც ავსტრიის ნაკრებშიც თამაშობს, საკმაოდ გამოცდილი მცველია, თამაშობდა მოსკოვის „სპარტაკსა“ და ინგლისურ „მიდლსბროში“. თუმცა ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ პოგატეცს „ბაიერნის“ დაცვის ბურჯობა შეუძლია. ფაქტი ისაა, რომ მას „ჰანოვერთან“ ხელშეკრულება 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და 5 მილიონი ღირს.

„ბაიერნში“ გადასვლის კანდიდატი ყოფილა „კატანიას“ იტალიელ-არგენტინელი მცველი მათიას სილვესტრიც, რომელიც 26 წლისაა და მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. მართალია, ცენტრალური მცველის კვალობაზე არც ისე მაღალია (1.84 მეტრი), მაგრამ ორთაბრძოლების 80 პროცენტის მოგებას ახერხებს, რაც უკვე ყურადსაღები მაჩვენებელია. თუმცა „ბაიერნისთვის“ სილვესტრის გადაბირებას რისკი იქნება - არავინ იცის, გაამართლებს თუ არა იმედებს რეკორდმაისტერში. მისი ერთადერთი პლუსი ისაა, რომ „კატანიასთან“ კონტარაქტი უმთავრდება, ახლის გაფორმებას არ აპირებს და „ბაიერნი“ მას უფასოდ გადაიბირებდა.

ამ ფეხბურთელების გარდა, მიუნხენელები კიდევ რამდენიმე ისეთ მოთამაშეზე ფიქრობენ, რომლებიც დიდი ხანია, რეკორდმაისტერის სასურველ ფეხბურთელთა სიაში ფიგურირებენ: „აიაქსის“ მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი (23 წლის, კონტრაქტი 2013 წლამდე, ფასი 10 მილიონი ევრო), „ჩელსის“ მარჯვენა მცველი ჟოზე ბოსინგვა (28 წლის, კონტრაქტი უმთავრდება) და ლისაბონის „ბენფიკას“ მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაუ (23 წლის, კონტრაქტი 2016 წლამდე, ფასი 25 მილიონი ევრო).

პორტუგალიური გაზეთი „ა ბოლა“ წერს, რომ კოენტრაუ მიუნხენელთა ერთ-ერთი უპირველესი სამიზნეა. შარშან „ბაიერნი“ „ბენფიკას“ კოენტრაუში 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ პორტუგალიურმა გრანდმა გარიგებაზე უარი თქვა. ლისაბონელები უნიჭიერეს მცველში, რომელიც მარცხენა გარემარბის პოზიციაზეც ძალიან კარგად გამოიყურება ხოლმე, 30 მილიონს ითხოვენ, მაგრამ დიდი შანსია, რომ 25 მილიონსაც დათანხმდნენ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული