24 000 000 ადლერში?

AutoSharing Option
მანჩესტერში რენეზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ

რენე ადლერი გერმანიის ნაკრებში გამოძახებული კი იყო (მეორე მეკარედ), მაგრამ ტრავმის გამო იძულებული გახდა, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვისთვის უარი შეეთვალა - "ლევერკუზენის" 26 წლის კიპერი "შალკესთან" მატჩში (2:0 "ბაიერის" სასარგებლოდ) დაშავდა. "ბილდის" ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ "ლევერკუზენისა" და "შალკეს" მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეების მწვრთნელი ერიკ სტეელე ესწრებოდა - სერ ალექს ფერგიუსონს მისთვის ადლერზე და "შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერზე (რომელიც გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეა) დაკვირვება დაუვალებია.

ნოიერიცა და ადლერიც "მანჩესტერში" გადასვლის კანდიდატებად მიიჩნევიან და "ბილდის" ინფორმაციით, "იუნაიტედი" "ლევერკუზენის"
მეკარეს ანიჭებს უპირატესობას. ტრანსფერის განხორციელებას ხელს უწყობს ადლერის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2012 წლამდე აქვს და რომელშიც ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, რენეს 2011 წლის ზაფხულში თავის საყვარელ კლუბში გადასვლა 24 მილიონ ევროს შეუძლია. ადლერის საყვარელი გუნდი კი "მანჩესტერია". რატომ? რენეს არაერთხელ უთქვამს, ბავშვობაში ჩემი საყვარელი მეკარე პეტერ შმაიხელი იყო, რის გამოც ყოველთვის "მანჩესტერს" ვქომაგობდიო.

"ლევერკუზენის" ხელმძღვანელებს კი ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ. "არ მიკვირს, რომ ადლერს "მანჩესტერელები" აკვირდებიან, ის ხომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ჩვენ რენესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვინდა. მისი გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის," - ეს "ბაიერის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

გუნდის მენეჯერი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი კი პირდაპირ აღიარებს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაინტერესება სერიოზული გახდება და კონკრეტულ წინადადებაში გადაიზრდება, "ფარმაცევტებს" რენეს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

"ადლერთან პირველი მოლაპარაკებები გავმართეთ და ჯერჯერობით შეთანხმებისგან ძალიან შორს ვართ. "მანჩესტერი" კი მისი უსაყვარლესი კლუბია და კონტრაქტში მართლაც დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, წელს ჩვენგან "იუნაიტედში" გადასვლა 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია. ასე რომ, თუ ინგლისური გრანდი შემოგვიტევს, ჩვენ ფაქტობრივად უძლურები ვიქნებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება," - ამბობს ჰოლცჰოიზერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული