დონ იუპის მესამე ბავარიული

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილი ამბავი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა: მომავალ სეზონში „ბაიერნს“ იუპ ჰაინკესი უთავკაცებს.

მოგეხსენებათ, „დონ იუპი“ „ლევერკუზენის“ დამრიგებელია, მაგრამ „ბაიერთან“ ახალ კონტრაქტს არ აფორმებს - სწორედ იმიტომ, რომ მიუნხენში დაუძახეს. რეკორდმაისტერის მენეჯერ ული ჰიონესის თქმით, ჰაინკესი „ბაიერნთან“ ორწლიან კონტრაქტს აფორმებს - 2013 წლის 30 ივნისამდე. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესი „ბაიერნს“ სათავეში მესამედ ჩაუდგება. იუპი მიუნხენურ კლუბს პირველად 1987-დან 1991 წლამდე წვრთნიდა, მეორედ კი 2009 წლის აპრილიდან ივნისამდე.

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია. რეკორდმაისტერს უკვე ორჯერ ვწვრთნიდი და მიუნხენურ კლუბში
მუშაობით ორივეჯერ უდიდესი სიამოვნება მივიღე. მას მერე, „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და სწორედ ამიტომ, მესამედ მუშაობასაც უდიდესი სიამოვნებით დავთანხმდი, - აცხადებს ჰაინკესი, - ცხადია, ვიცი, რომ ვალდებული ვარ, ამ ორი წლის განმავლობაში ტიტულები მოვიგო და ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევაა.“

„როცა გაირკვა, რომ ლუის ვან გაალი ზაფხულში დაგვტოვებდა, ჰაინკესი იყო პირველი მწვრთნელი, ვისი გვარიც თავში მომივიდა. მიხარია, რომ თანამშრომლობაზე ამჯერადაც დაგვთანხმდა. დარწმუნებული ვარ, რომ „ბაიერნი“ ჰაინკესთან ერთად არაერთ ტიტულს მოიგებს,“ - ეს კი ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული