რობენი, რიბერი, მიულერი, კლოზე და გომესი ერთად ძირითადში?

AutoSharing Option
„ის ძალიან კარგი მწვრთნელია. განსაკუთრებით კარგად ფეხბურთელების მოტივირება ეხერხება და აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ხედვა,“ - ეს სიტყვები „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ ყაზახეთთან 4:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესზე თქვა - მწვრთნელზე, რომელიც „ბაიერნს“ 1 ივლისს ჩაიბარებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, 2 წელი უთავკაცებს. რა გასაკვირია, რომ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კლოზეს ეს სიტყვები ჰაინკესის გამოწვევად მიიღეს...

საქმე იმაშია, რომ მიროს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება და მისი საკითხი დღემდე გაურკვეველია. ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშის გარანტიას ითხოვს და
მხოლოდ ასეთი გარანტიის მიღების შემთხვევაშია თანახმა, რომ მიუნხენურ გრანდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს. მაგრამ ვინ უნდა მისცეს მიროს ასეთი გარანტია? რა თქმა უნდა, მომავალმა მწვრთნელმა ჰაინკესმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ივლისამდე „ლევერკუზენის“ მწვრთნელია, კლოზეს საკითხი კი აუცილებლად ივლისამდე უნდა გადაწყდეს. თუ ჰაინკესი და ზოგადად „ბაიერნი“ მომავალს კლოზეს გარეშე გეგმავს, მაშინ მირო ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.

ტელეკომპანია ძDF-ის ექსპერტმა ოლივერ კანმა ჰაინკესს კლოზეს საკითხის გადაწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ იუპს მიროს შენარჩუნება სურს, ახლავე უნდა უთხრას. მერე რა, რომ ჯერ კიდევ „ლევერკუზენში“ მუშაობს. ტელეფონი ხომ არსებობს? აიღოს და დაურეკოს. არა მგონია, რომ ამის გამო ლევერკუზენში დასაჯონ,“ - თქვა ოლიმ.

საინტერესოა, რამდენად აქვს ჰაინკესს იმის უფლება, რომ „ლევერკუზენის“ მწვრთნელის რანგში მყოფმა, „ბაიერნზე“ ზრუნვა დაიწყოს? არადა, რეკორდმაისტერში მხოლოდ კლოზეს საკითხი როდია გადასაწყვეტი – მასთან ერთად, კონტრაქტები თომას კრაფტს, ჰანს-იორგ ბუტს, ანდრეას ოტლს და ჰამით ალთინთოფსაც უმთავრდებათ...
„მე ამ ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ. სანამ იუპი „ლევერკუზენის“ მწვრთნელია, მხოლოდ ამ გუნდისთვის უნდა იმუშავოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერესთა კონფლიქტთანაც გვექნება საქმე,“ - ეს „ლევერკუზენის“ მენეჯერ ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის სიტყვებია.

ჰაინკესს ნათქვამი აქვს, 1 ივლისამდე „ბაიერნზე“ არ ვილაპარაკებო, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო გადაწყვეტილებები სწორედ მან უნდა მიიღოს. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამბობს, კლოზემ მითხრა, რომ მიუნხენში დარჩენა სურს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ათამაშებენო. „დონ იუპი“ თავის გუნდებს ხშირად ორი თავდამსხმელით ათამაშებს ხოლმე და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს კლოზეს შანსი, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ჰაინკესმა ძირითადში უნდა ათამაშოს რობენი, რიბერი, მიულერი, კლოზე და გომესი, მიროს შანსები მაინც მცირდება, რადგან არავინ ფიქრობს, რომ რეკორდმაისტერი ერთბაშად ხუთი ისეთი ფეხბურთელით იასპარეზებს, რომლებიც მხოლოდ შეტევაზე ზრუნავენ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული