ჰიონესი: მარტო ფულის კეთებაზე ნუ ფიქრობთ!

AutoSharing Option

დიდი ხანია, „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს სკანდალური განცხადება არ გაუკეთებია და აი, ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის წინ, „ენაჭარტალა ულიმ“ გერმანიის საფეხბურთო კავშირი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მისი აზრით, ავსტრალიის ნაკრების დარ გუნდთან ტესტ-მატჩის ჩატარება გერმანიის ნაკრებს სპორტული თვალსაზრისით არაფერს აძლევს. ჰიონესმა ფრანკფურტის „აინტრახტის“ ხელმძღვანელებიც გამოლანძღა – რა თქმა უნდა, ულისთვის საძულველი კრისტოფ დაუმის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გამო.

ულის აზრით, ავსტრალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე დათანხმების მთავარი მოტივი, გერმანული მხარისთვის ფულის შოვნაა და მეტი არაფერი. „გერმანიის საფეხბურთო კავშირი ასეთ ტესტ-მატჩებს მხოლოდ იმიტომ თანხმდება,
რომ ფული გააკეთოს, რადგან ბუნდესნაკრებს ავსტრალიის დარ გუნდთან ტესტ-მატჩის ჩატარება სპორტული თვალსაზრისით არაფერს მოუტანს. სამაგიეროდ, DFB მიიღებს ხუთ მილიონ ევროს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, - განაცხადა ჰიონესმა და იქვე დასძინა, - ბუნდესლიგა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და წესით, საფეხბურთო კავშირს ავსტრალიასთან ტესტ-მატჩზე უარი უნდა ეთქვა. რას მოგვიტანს ეს შეხვედრა? არაფერს, გარდა ფულისა! გერმანიის ჩემპიონატი სწორ გზაზე დგას და თუ ასე გაგრძელდა, ბუნდესლიგა მალე ევროპის საუკეთესო ლიგა გახდება. გერმანიის ჩემპიონატის ნებისმიერი შეხვედრა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე გერმანიის ნაკრების ამხანაგური მატჩი ავსტრალიასთან. მეტსაც გეტყვით: იოახიმ ლიოვმა ამ შეხვედრაში ფაქტობრივად მეორე გუნდი უნდა ათამაშოს და ჩემი აზრით, „ბაიერნის“ პირველი და მეორე გუნდების დაპირისპირება გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე გერმანიის მეორე ნაკრების თამაში ავსტრალიასთან.“
გერმანიის საფეხბურთო კავშირის გაკრიტიკების ფონზე, ულიმ უშუალოდ გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეაქო. „გერმანიის ნაკრები მუდმივად პროგრესს განიცდის და ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტები ჩვენ და ესპანეთი ვიქნებით,“ - აღნიშნა მან.

ჰიონესი ბუნდესლიგაში მწვრთნელების უდიდეს როტაციასაც შეეხო და ფრანკფურტის „აინტრახტის“ მენეჯერი ჰერიბერტ ბრუხჰაგენი შემოელანძღა: „როგორც ჩანს, ბუნდესლიგის კლუბების მენეჯერებს ჯადო გაუკეთეს. სხვანაირად ვერ ვხსნი იმ საგიჟეთს, რაც ბოლო სამი-ოთხი კვირის განმავლობაში დატრიალდა. ყველაზე დიდი ჯადო კი „აინტრახტის“ მენეჯერ ბრუხჰაგენისთვის გაუკეთებიათ, რომელმაც მოგებული თამაშის შემდეგ, მიხაელ სკიბე გაათავისუფლა და მის ნაცვლად კრისტოფ დაუმი დანიშნა.“
როგორც იცით, ჰიონესი და დაუმი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული