რაული: 2012 წლამდე აქ ვარ!

AutoSharing Option

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც რაული „რეალიდან“ „შალკეში“ გადასვლას დათანხმდა, ფელიქს მაგათი იყო და მიუხედავად იმისა, რომ „დესპოტი ფელიქსი“ „შალკეს“ მთავარი მწვრთნელისა და მენეჯერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაული ლევან ყენიას კლუბიდან წასვლას არ აპირებს. გონსალეს ბლანკო ამბობს, მე კონტრაქტი მაგათთან კი არა, „შალკესთან“ გავაფორმეო.
„გელზენკირხენიდან წასვლას არ ვაპირებ. „შალკესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე მაქვს გაფორმებული და ზუსტად ვიცი, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე აქ ვითამაშებ,“ - განაცხადა რაულმა „შპორტ ბილდისთვის“ მიცმეულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, მაგათის „შალკედან“ წასვლის შემდეგ, გავრცელდა სპეკულაციები, რომ ზაფხულში გელზენკირხენულ კლუბს
რაულიც დატოვებდა.
„ცხადია, ჩემი დარჩენა იმაზეცაა დამოკიდებული, სურს თუ არა კლუბს ჩემი შენარჩუნება, მაგრამ ჩემთვის არავის უთქვამს, აღარ გვჭირდებიო და ვფიქრობ, ამას არც არავინ მეტყვის,“ - აგრძელებს რაული. ესპანელი თავდამსხმელის გაყიდვის თემა იმიტომ წამოიჭრა, რომ რაული „შალკეს“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და იმის გამო, რომ გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაში ვერ იასპარეზებს და შესაბამისად, უეფასგან მილიონებს ვეღარ მიიღებს, კლუბის ბოსები ახალ მწვრთნელ რალფ რანგნიკს, სავარაუდოდ, სახელფასო ფონდის შემცირებას მოსთხოვენ.
თუმცა რაული აღიარებს, რომ ფელიქს მაგათთან ძალიან კარგი, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. „შალკეში“ სწორედ მან გადმომიყვანა. ფელიქსმა დამარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა და მერე, რვა თვის განმავლობაში მენდობოდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ფელიქსს ამასწინათ ტელეფონით ვესაუბრე და ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე,“ - ამბობს რაული.
ესპანელის მიზანი, პირველ რიგში, გერმანიის თასის მოგებაა. შეგახსენებთ, რომ „შალკე“ თასის ფინალშია, რომელიც 21 მაისს გაიმართება. გარდა ამისა, გელზენკირხენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა, სადაც მილანის „ინტერს“ ხვდება და აუტსაიდერად მიიჩნევა.
„შანსები 20/80-ზეა და ცხადია, აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და თუ ძალიან მოვინდომებთ, გამორიცხული არაა, რომ გაგვიმართლოს კიდეც,“ - აცხადებს რაული.

რას აპირებს რანგნიკი?

დარწმუნებულები ვართ, რანგნიკს რაულის გაშვებაზე არც უფიქრია, მაგრამ ის ფაქტია, რომ „პროფესორი რალფი“ ზაფხულში არაერთ ზედმეტ ფეხბურთელს მოიშორებს. დაიწყო თუ არა მუშაობა, პირველი, რაც თქვა, ის იყო, რომ გუნდში ძალიან ბევრი უსარგებლო ფეხბურთელია. „რურ ნახრიხთენის“ ინფორმაციით, რანგნიკი „შალკედან“ ძალიან ბევრი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ჩვენს გერმანელ კოლეგებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ზაფხულში გელზენკირხენულ კლუბს აუცილებლად დატოვებენ დანილო აველარი, ალი ქარიმი, ანგელოს ხარისტეასი და ხუნმინ ჰაო. მათ „შალკესთან“ კონტრაქტები უმთავრდებათ და ფაქტია, რომ რანგნიკი და მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არცერთთან არ აპირებენ.

პრობლემატურია და კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩიპრიან დეაცის, ნიკოლა პლესტანის, ვასილეოს პლიციკასის, ჰანს შარპეისა და ალექსანდერ ბაუმიოჰანის მდგომარეობებიც - ამ ფეხბურთელებს „შალკესთან“ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ. ჯერჯერობით გაურკვეველია, რას უპირებს რანგნიკი ნახევარმცველ ალბერტ შტრაიტს, რომელიც მაგათმა პირველი გუნდიდან მოკვეთა და რომელსაც „პროფესორი რალფის“ დანიშვნის შემდეგ, პირველ გუნდში დაბრუნების იმედი გაუჩნდა. დიდი შანსია, რომ ზაფხულში „შალკედან“ კრისტიან პანდერი და მეკარე მათიას შობერიც წავიდნენ. პანდერი ძალიან კარგი მარცხენა მცველია, მაგრამ უმეტესად ტრავმირებულია და გელზენკირხენულ კლუბს მისი მუქთად შენახვა აღარ უნდა. რაც შეხება შობერს, ეს უკანასკნელი ამბობს, სათადარიგოთა სკამის ხეხვას ვერ შევეგუებიო. ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას კი მას ვერავინ მისცემს - მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა გუნდში მანუელ ნოიერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული