ინტრიგების კასკადი

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ, გერმანიაში საკლუბო ფეხბურთი გაზრდილი ინტრიგით ბრუნდება. გუშინ, რალფ რანგნიკს „შალკეს“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა. დღეს, ყურადღების ცენტრში დორტმუნდია, სადაც ლიდერი „ბორუსია“, რომელსაც ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მესამე ადგილზე მყოფ „ჰანოვერს“ მასპინძლობს.

მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის კლასიკაში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ხვდება და მერე რა, რომ „გლადბახი“ ბოლო ადგილზეა - თუ გადარჩენა უნდა, ამ გუნდმა უდიდესი თავგანწირვით უნდა იბრძოლოს. რომ არა „სამწვრთნელო საგიჟეთი“, კვირას „ვოლფსბურგსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის დაგეგმილი მატჩი ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა იქნებოდა. ახლა კი, ამ თამაშს უდიდესი
ინტრიგა აქვს, რადგან ერთმანეთს თვით ფელიქს მაგათი და კრისტოფ დაუმი უპირისპირდებიან - თანაც, ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის.


მოიგებს დორტმუნდი?
„დორტმუნდმა“ ზედიზედ ორი თამაშის მოგება ვერ შეძლო (0:1 „ჰოფენჰაიმთან“, 1:1 „მაინცთან“), რის შემდეგაც, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ცოტათი დაიძაბა. ამ ტურის წინ, „ლევერკუზენი“ „ბორუსიას“ 7 ქულით ჩამორჩება და საკმარისია, იურგენ კლოპის ბიჭებმა „ჰანოვერთანაც“ წაიფორხილონ, ხოლო „ფარმაცევტებმა“ კი „კაიზერსლაუტერნს“ მოუგონ, რომ ვეღარავინ იტყვის, დორტმუნდელთა ჩემპიონობას „წყალი აღარ გაუვაო“. „ჰანოვერი“ კი (მით უმეტეს ამ სეზონში) ნამდვილად განეკუთვნება ისეთი კლუბების კატეგორიას, რომლებსაც „ბორუსიას“ გამწარება შეუძლიათ - მირკო სლომკას ძალიან კერკეტი გუნდი ჰყავს, რომელიც 27 ტურის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ცხადია, ქვემოსაქსონიელებს ამ პოზიციის შენარჩუნება სურთ.

ხუთშაბათს, გერმანიის კრიმინალისტიკურმა სამსახურმა „ვესტფალენშტადიონის“ შესასვლელებთან ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა და ამით, სავარაუდოდ, უდიდესი ტერორისტული აქტი აღკვეთა (გუშინელ ნომერში დაწვრილებით ვწერდით). მიუხედავად ამისა, თამაში არ გადადებულა - დორტმუნდის პოლიცია მობილიზებულია და ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული.

„დორტმუნდმა“ რომც წაიფორხილოს, „ლევერკუზენს“ სამი ქულა ნამდვილად არ აქვს გარანტირებული, რადგან „ფარმაცევტები“ გადარჩენისთვის მებრძოლ „კაიზერსლაუტერნს“ სტუმრობენ, „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“ მოგება კი, მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია.


კლასიკა მიუნხენში
ის ფაქტი, რომ „გლადბახი“ ბოლო ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება, „ბაიერნისა“ და მიონხენგლადბახური კლუბის კლასიკურ დუელს დამატებით ინტრიგას სძენს. დღეისათვის ქულების დაკარგვა არც მიუნხენურ გრანდს ეპატიება, რადგან რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და არც მიონხენგლადბახურ კლუბს, რომელიც ბოლო დროს აზრზე მოვიდა, ქულების დაგროვება დაიწყო და ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის იმედი.

ეჭვგარეშეა ის, რომ ლუსიენ ფავრის ბიჭები „ალიანს არენაზე“ უდიდესი თავგანწირვით იბრძოლებენ და თუ რამდენად საკმარისი იქნება ეს მიუნხენიდან თუნდაც ქულის წასაღებად, ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს. „გლადბახი“ სარელეგაციო მე-16 ადგილს 5 ქულით ჩამორჩება, რის გამოც ფავრის გუნდს მიუნხენში დიახაც 3 ქულა სჭირდება, რაც ერთი შეხედვით უტოპიად გვეჩვენება, მაგრამ მეორემხრივ, გამორიცხული არაფერია...

მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა „ვერდერისა“ და „შტუტგარტის“ დაპირისპირებაშიც. ბრემენელები მე-12 ადგილზე არიან, შვაბები კი მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ სამი ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მატჩის წაგება ორივესთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ბრემენელებს პირველი წრის მატჩის გახსენებაც კი არ სურთ - „შტუტგარტმა“ „ვერდერი“ საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა. „მუსიკოსებს“ შურისძიებისთვის ბრძოლა მთავარი გოლეადორის, კლაუდიო პისაროს გარეშე მოუწევთ - პერუელი თავდამსხმელი დისკვალიფიცირებულია. შვაბთა თავკაც ბრუნო ლაბადიას კი კაკაუ და ბოკა გამოუჯანმრთელდნენ.

მაინცის „ბრუხვეგშტადიონზე“ ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და „ფრაიბურგი“ დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები არც ჩემპიონობისთვის იბრძვიან და არც გადარჩენისთვის, სამაგიეროდ, საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად იბრძვიან - მაინცელებიც და ფრაიბურგელებიც ევროპის ლიგის საგზურზე ოცნებობენ. „მაინცი“ სწორედ მეხუთე ადგილზეა და „ფრაიბურგი“ თომას ტუხელის გუნდს შვიდი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფრაის“ დღეს მხოლოდ გამარჯვება აწყობს. თუ ბრაისგაუელები „ბრუხვეგშტადიონიდან“ სამ ქულას ვერ წაიღებენ, სეზონის დარჩენილი მატჩების მშვიდად, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ჩატარება მოუწევთ და მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი, რომელიც ზაფხულში „ლევერკუზენს“ ჩაიბარებს, ფრაიბურგის პუბლიკას ნერვაუტოკებლად დაემშვიდობება.


იონინგს პოსტის შენარჩუნება უნდა
შაბათის საღამოს მატჩი „ჰოფენჰაიმისა“ და „ჰამბურგის“ ჯახია. იმ დროს, როცა „ჰოფენჰაიმს“ პრაქტიკულად არაფრის შანსი აღარ აქვს და არც ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრება, ჰამბურგელები ჯერ კიდევ ოცნებობენ ევროპის ლიგის საგზურზე. თუკი HშV ამ მიზანს მიაღწევს, დიდი შანსია, რომ დროებით მწვრთნელი მიხაელ იონინგს ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმონ.


მაგათი და დაუმი ფოკუსში
ხვალ, პირველი დაპირისპირება კიოლნში შედგება, სადაც ასევე საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაზე მეოცნებე „ნიურნბერგი“ ჩადის. მართალია, „კიოლნი“ მე-11 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ ოთხი ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „თხები“ ჯერ კიდევ არ არიან სამშვიდობოს. თუმცა ლუკას პოდოლსკის და კომპანიას ზედიზედ ექვსი საშინაო მატჩი აქვთ მოგებული და რაკი ხვალაც საკუთარ მოედანზე თამაშობენ, „ნიურნბერგს“ დიდი სიფრთხილე მართებს. ერთი სიტყვით, მატჩის წინ „კიოლნი“ დაძაბულია, ნიურნბერგელები კი მშვიდად არიან.

მართალია, ფრანკები საუკეთესო ხუთეულზე ოცნებობენ, მაგრამ ვალდებულები სულაც არ არიან, რომ ევროპის ლიგის საგზური მოიპოვონ. სწორედ ასეთი მდგომარეობაა მათი სიმშვიდის გარანტია.

ტურის ბოლო მატჩში კი, რომელიც „ფოლკსვაგენ-არენაზე“ გაიმართება (ვოლფსბურგი-აინტრახტი), ყურადღების ცენტრში პირველიდან ბოლო წუთამდე მწვრთნელები იქნებიან. ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ორივე გუნდს ახალი დამრიგებელი ჰყავს - თანაც, რა დამრიგებლები: ფელიქს მაგათი, რომელიც ვოლფსბურგის პუბლიკის წინაშე წელიწადნახევარიანი პაუზის შემდეგ პირველად წარსდგება და კრისტოფ დაუმი. მაგათის განმეორებითი დებიუტი წინა ტურში შედგა (1:1 შტუტგარტში), დაუმისთვის სწორედ ხვალინდელი თამაშია სადებიუტო. ფაქტია, ამ შეხვედრაში წაგებულის მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.


დღეს
ბაიერნი-ბორუსია (მ) 18:30
ტრავმა: ვან ბუიტენი, ოლიჩი - ვისინგი, დე კამარგო

ვერდერი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: პისარო (ვერდერი)
ტრავმა: ბიონიში, ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, დ. იენსენი - ბიჩაქჩიჩი, ფუნკი

ბორუსია (დ)-ჰანოვერი 18:30
ტრავმა: კაგავა, კრინგე - ცილერი, ავევორი, ანდრეასენი

მაინცი-ფრაიბურგი 18:30
ტრავმა: ჰ. მიულერი, კარჰანი, სოტო, შალაი - პუპლინი, იეგერი, ვილიამსი, ბეხმანი, რაიზინგერი

კაიზერსლაუტერნი-ლევერკუზენი 18:30
ტრავმა: შიმუნეკი, ილიჩევიჩი - კასტრო, მ. ფრიდრიხი

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: ვან ნისტელროი (ჰამბურგი)
ტრავმა: იაისლე, ვაისი, ობასი - დრობნი, კასტელენი


ხვალ
კიოლნი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პინოლა, ჩანდლერი (ორივე ნიურნბერგი)
ტრავმა: იანულისი, შორხი, ფაასენი - ფრანტცი, ბუნიაკუ, შიბერი

ვოლფსბურგი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: პეკარიკი (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ჩიგერჩი - კრისი, ბაირამოვიჩი


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 27 19 5 3 54-16 62
2. ლევერკუზენი 27 16 7 4 56-34 55
3. ჰანოვერი 27 16 2 9 39-36 50
4. ბაიერნი 27 14 6 7 59-34 48
5. მაინცი 27 14 2 11 42-34 44
6. ნიურნბერგი 27 12 6 9 42-36 42
7. ჰამბურგი 27 12 4 11 43-44 40
8. ფრაიბურგი 27 11 4 12 34-38 37
9. ჰოფენჰაიმი 27 9 9 9 42-39 36
10. შალკე 27 9 6 12 31-33 33
11. კიოლნი 27 9 5 13 37-49 32
12. ვერდერი 27 8 8 11 37-53 32
13. კაიზერსლაუტ. 27 8 7 12 36-43 31
14. აინტრახტი 27 9 4 14 27-37 31
15. შტუტგარტი 27 8 5 14 46-49 29
16. ზანკტ პაული 27 8 4 15 29-47 28
17. ვოლფსბურგი 27 6 9 12 31-40 27
18. ბორუსია (მ) 27 6 5 16 38-61 23

ბომბარდირები: 19 - გომესი (ბაიერნი); 18 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 12 - პოდოლსკი (კიოლნი), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული