მოლოდინი გამართლდა, მაგრამ არა ასი პროცენტით. ვერ გეტყვით, დათბობის ბრალია, თუ სეზონის მიწურულისთვის დამახასიათებელი წნეხის სიმძიმის, ფაქტი კი ისაა, რომ ამ შაბათ-კვირას, ბუნდესლიგის ფეხბურთელები ძალიან გადაღლილები ჩანდნენ. დაღლა მხოლოდ დორტმუნდელებს არ დასტყობიათ, სხვა მატჩებში კი ტემპიც უჩვეულოდ დაბალი იყო და მონდომების ხარისხიც.
ამ ტურის შემდეგ ყველაზე ცუდ დღეში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და „ზანკტ
თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 28-ე ტურის გამოხმაურება Top&Flop-ის სახით.
Flop
გაზაფხულის ბრალია...
ცოტა გოლები, დაბალი ტემპი, ნაკლები აღფრთოვანება - თუკი მთელ ტურს თვალს გადავავლებთ, ბევრ აღსანიშნავ ასპექტს ნამდვილად ვერ ვიპოვით. სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელებს საკლუბო ყოველდღიურობაზე გადართვა აშკარად გაუჭირდათ და თვით დორტმუნდის „ბორუსიასაც“ პრობლემები შეექმნა - იურგენ კლოპის ბიჭები „ჰანოვერთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ვერც საგოლე მომენტებს ქმნიდნენ და ხეირიან კომბინაციებსაც ვერ ათამაშებდნენ.
საერთო ჯამში, ტურში მხოლოდ 16 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 1.78 გოლს უდრის, რაც ნაღდად არ არის ისეთი შედეგი, ბუნდესლიგას რომ შეშვენის.
Flop
მაინცი ევროპაში?
0:1, 0:1, 1:1, 1:3, 0:1, 1:1. ეს „მაინცის“ ბოლო ექვსი საშინაო თამაშის შედეგებია და როგორც ხედავთ, თომას ტუხელის გუნდი საკუთარ მოედანზე ფანებს ვეღარ აღაფრთოვანებს. მიუხედავად ამისა, რაინ-ჰესენელებმა მაინც შეინარჩუნეს ადგილი საუკეთესო ხუთეულში, რაც სტუმრად მიღწეული წარმატებების (გამარჯვებები კაიზერსლაუტერნში, ჰოფენჰაიმსა და ჰამბურგში) დამსახურებაა. ეს კი ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ მაინცელი ფანები სხვანაირად ფიქრობენ და ბოლო დროს, საშინაო მატჩების დროს საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს სულ უფრო და უფრო ხმამაღლა უსტვენენ ხოლმე. მწვრთნელ ტუხელს კი ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და ამბობს, სტვენას ნაღდად არ ვიმსახურებთო.
ეს კაციც ცამდე მართალია: სეზონის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ „მაინცი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებდა?
Flop
ფანები ჰიონესის წინააღმდეგ
ემოცია ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ემოციის გარეშე, ფეხბურთი უინტერესოა, მაგრამ იმას, რაც შაბათს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ხდებოდა, საფეხბურთო ვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცნობილია, რომ რეკორდმაისტერის ფანები ინტელიგენტურობით გამოირჩევიან, მაგრამ „გლადბახთან“ საშინაო მატჩის დროს, „სამხრეთ ტრიბუნის“ ფანობამ საპირისპირო დაამტკიცა. „ზუდტრიბუნეს“ ქომაგების გამოსვლები და ტრანსფარანტები ექსპერტებმაც პრიმიტიულად მონათლეს. ფანები „ბაიერნის“ პრეზიდენტ ული ჰიონესს უტევდნენ, „მიუნხენ 1860“ ღორების გუნდად მოიხსენიეს და ულის გასაცოდავებული მტრისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენასთან ერთად, „შალკედან“ მანუელ ნოიერის ყიდვაც კატეგორიულად აუკრძალეს.
ჩვენში დარჩეს და, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს.
Flop
უსიამოვნებები მილერნტორზე
მიმდინარე სეზონის 28-ე ტური „ზანკტ პაულის“ ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რადგან ამ ტურმა და ლუდის ტრიბუნიდან ნასროლმა კათხამ, რომელიც ლაინსმენს პირდაპირ კინკრიხოში მოხვდა, ჰამბურგის საკულტო გუნდის ისედაც მძიმე და უაღრესად პრობლემატური მდგომარეობა მინიმუმ ოთხჯერ გააუარესა. გუნდის სპორტულმა დირექტორმა ჰელმუტ შულტემ ამიტომაც თქვა, ეს „ზანკტ პაულისთვის“ ძალიან ცუდი დღე იყოო...
Top
ვან გაალი გამხიარულდა
დიდი ხანია, ჩვენს გერმანელ კოლეგებს ასეთ კარგ ხასიათზე მყოფი ლუის ვან გაალი არ უნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა „გლადბახთან“ ცუდად ითამაშეს და ძლივს მოიგეს (1:0), ჰოლანდიელი სპეციალისტი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ძალიან მხიარული იყო, ჟურნალისტებს ეხუმრებოდა და ერთ-ერთი კორესპონდენტი სახლშიც კი დაპატიჟა. რამდენადაც დაძაბული და უკმეხი იყო ვან გაალი მანამდე, სანამ მისი მომავალი გაირკვეოდა, იმდენად მხიარული და მეგობრულია ახლა, როცა უკვე ცნობილია, რომ ზაფხულში მიუნხენიდან უნდა წავიდეს.
სხვათა შორის, მის მეუღლე ტრუუს ჰოლანდიელ ჟურნალისტებთან წამოსცდენია, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ლუისი იტალიაში გადავა და ტურინის „იუვენტუსს“ ჩაუდგება სათავეშიო. ვნახოთ, ზაფხულიც მალე მოვა...
Top
ის ბალაკი ბრუნდება!
მიხაელ ბალაკი ნამდვილად ვერ დაეცემოდა იმაზე მეტად, როგორც იყო და გულშემატკივრებისთვის მისი დაცემის ქრონოლოგია ცნობილია, თუმცა მაინც გავიმეორებთ: ჯერ იყო და ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდა; მერე გერმანიის ნაკრებმა მუნდიალზე მის გარეშე ბრწყინვალედ იასპარეზა; ამ ფაქტმა მიხაელს ბუნდესგუნდის კაპიტნობა კინაღამ დააკარგვინა, მაგრამ დაკარგულად ეთლვება, რადგან დიდი ხანია, ნაკრებში არ უთამაშია; სექტემბერში მან დიდი მონდომებით დაიწყო ვარჯიში, მაგრამ მალე ისევ დაშავდა; გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმაში შესვლას დიდი ხანი მოანდომა და ამ ყველაფრის გამო, ხალხი ალაპარაკდა, ბალაკი გერმანიას აღარ სჭირდებაო. ერთი სიტყვით, ეს სეზონი მიხაელისთვის უკიდურესად უიღბლოა. ან, უფრო სწორად იყო...
34 წლის ნახევარმცველი ბოლო ტურებში ისე ათამაშდა, რომ ძველ ბალაკს გვაგონებს. „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობაში უკვე დამკვიდრებულია და საკმაოდ კარგ შეფასებებსაც იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მისი ბუნდესგუნდში დაბრუნება ბევრს მაინც უტოპიად ეჩვენება, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი ბოლო დროს საკმაოდ ცუდ ფორმაშია, ხოლო ბალაკი კი უფრო და უფრო უმატებს, უტოპია ნამდვილად არ იქნება ის, რომ იოახიმ ლიოვმა მიხაელი ნაკრებში გამოსაძახებელ კანდიდატად, როგოც მინიმუმ, განიხილოს.
Top
პროფესორ რალფის ეფექტი
როცა რალფ რანგნიკი „შალკეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ეს კი ორი კვირის წინ მოხდა, პირველი, რაც თქვა, ეს იყო: „ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებმა არ იციან, როგორ უნდა შეუტიონ, როგორ უნდა მოაქციონ მეტოქე ზეწოლის ქვეშ...“ ამ სიტყვებით მან „შალკეს“ ყოფილ მწვრთნელ ფელიქს მაგათს შეუტია, თუმცა მაშინ „დესპოტი ფელიქსის“ პასუხმაც არ დაახანა - ეგ ხომ პროფესორია, დარწმუნებული ვარ, რამის მოფიქრება არ გაუჭირდებაო...
არც გასჭირვებია! პარასკევს, „ზანკტ პაულისთან“ სულ სხვა, გაცილებით შემტევი, კრეატიული და აგრესიული „შალკე“ ვიხილეთ. გელზენკირხენელები 2:0-ს იგებდნენ და მერე რა, რომ თამაში შეწყდა - რანგნიკს ვერავინ დაუკარგავს იმას, რომ გუნდს ხელი დაატყო.
„ახლა სულ სხვანაირად ვითამაშეთ. მე ასეთი „შალკე“ უფრო მომწონს,“ - თქვა შეწყვეტილი თამაშის შემდეგ მანუელ ნოიერმა. თუ რანგნიკი იმდენს მოახერხებს, რომ ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, „შალკეს“ დღეს მილანის „ინტერთანაც“ ისეთივე შემართებით ათამაშებს, როგორითაც „ხუმარები“ პარასკევს „ზანკტ პაულის“ ეთამაშებოდნენ, შალკელებს თამამად შეუძლიათ, „სან სიროზე“ ისეთი შედეგის მიღწევის იმედი ჰქონდეთ, რომელიც საპასუხო მატჩისთვის ლევან ყენიას კლუბს ნახევარფინალში გასვლის შანსს დაუტოვებს.
Top
დორტმუნდს ეს გზა ჩემპიონობამდე მიიყვანს
ამ ტურის წინ, დორტმუნდის „ბორუსიაზე“ მსჯელობისას მინი-კრიზისზე, ამით გამოწვეულ ნერვიულობაზე, პირველ ეჭვებსა და მუხლების კანკალზე საუბრობდნენ. რაკი ლიდერს ზედიზედ ორი თამაში ვერ მოეგო, „ბორუსიას“ ფეხბურთელები „ჰანოვერთან“ მატჩის წინ თავდაჯერებულები არ ყოფილან. მეორე ტაიმში კლოპის გუნდმა გოლიც გაუშვა და იმ მომენტში კაციშვილმა არ იცოდა, ეყოფოდა თუ არა გუნდს ძალა თამაშის შეტრიალებისთვის.
აბდელაუს გოლიდან ზუსტად ორ წუთში, მარიო გიოტცემ არაჩვეულებრივი სოლორეიდი განახორციელა და ანგარიში გაათანაბრა. გავიდა კიდევ ხუთი წუთი და ლუკას ბარიოსმა „ბორუსია“ წინ გაიყვანა, ეს ხუთი წუთი კი, კლოპის ბიჭებმა უდიდესი აღმაფრენით ითამაშეს. ცოტა ხანში ბარიოსმა მესამე გოლიც გაუტანა „ჰანოვერს“ და აი, მაშინ კი აგუგუნდა „ვესტფალენშტადიონი“ - გერმანიის ჩემპიონი მხოლოდ BVB გახდებაო.
„დორტმუნდს“ ამჯერად გამარჯვების უდიდესმა სურვილმა მოაგებინა და ეჭვი უკვე აღარავის ეპარება იმაშიც, რომ ეს სურვილი გუნდს გერმანიის ჩემპიონის ტიტულამდეც მიიყვანს.
XXV ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
სვენ ულრაიხი (შტუტგარტი, 3) - სერდარ ტასკი (შტუტგარტი, 1), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ. 8), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ. 6) - ტორსტენ ფრინგსი (ვერდერი, 2) - ჯეფერსონ ფარფანი (შალკე, 2), მარიო გიოტცე (ბორუსია დ. 5), კევინ გროსკროიტცი (ბორუსია დ. 4) - მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი, 1), ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ. 3), რაული (შალკე, 6)
ტურის სიმბოლური ნაკრები ისევ დორტმუნდელებისაა: „კიკერმა“ საუკეთესო თერთმეტეულში „ბორუსიას“ ხუთი ფეხბურთელი მოახვედრა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ BVB საუკეთესო იყო. მატს ჰუმელსი უკვე მერვედ მოხვდა სიმბოლურში და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, მარსელ შმელცერმა (ასევე დორტმუნდი) და რაულმა (შალკე) კი, „კიკერისეული“ სიმბოლური მეექვსედ დააგემოვნეს.
ტურის გმირი
ლუკას ბარიოსი (ბორუსია დ)
ბარიოსს ამ სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს, მარიო გომესსა (ბაიერნი) და პაპის დემბა სისეს (ფრაიბურგი) ექვსი გოლით ჩამორჩება. არც ესაა ცუდი შედეგი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ბორუსიას“ გოლეადორმა ამ სეზონში ბურთი ცხრაჯერ (!) მოარტყა ძელსა თუ ხარიხას. ლუკასმა „ჰანოვერთან“ ორი უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო და მისმა დუბლმა „ბორუსია“ ჩემპიონობასთან მიაახლოვა.
საუკეთესო ფეხბურთელები
28 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.56
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.63
4. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.66
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.69
6. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.71
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.76
8. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.79
9. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 2.83
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.84
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 26 19 3 22
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 26 19 1 20
3. თეოფანის გეკასი აინტრახტი 28 16 3 19
4. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 27 13 6 19
5. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 23 12 7 19
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 20 4 15 19
7. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 27 12 6 18
8. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 27 9 9 18
9. თომას მიულერი ბაიერნი 28 9 9 18
10. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 27 5 13 18