„უკვე ნერვები დამაწყდა! არ მინდა, რომ დამიკავშირდნენ, ტელეფონს არ ვპასუხობ და უკვე აუტანელია ყოველდღე იმის მოსმენა ან წაკითხვა, რომ „ბაიერნს“ ვუნდივარ. ნერვები მეშლება იმის გამოც, რომ ყოველ დღე მიწევს გამეორება: „ბენფიკაში“ ვრჩები!“ - უთხრა კოენტრაუმ პორტუგალიურ სპორტულ გაზეთ „ა ბოლას“, რითაც 23 წლის მარცხენა გარემარბმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას,
„მხოლოდ „ბენფიკაზე“ ვარ კონცენტრირებული, ამ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, - აგრძელებს პორტუგალიელი და იქვე დასძენს, - წასვლა არ შემიძლია, „ბენფიკას“ ასეთ რამეს ვერ გავუკეთებ. ამ გუნდის გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელების მადლიერი ვარ.“
როგორც ხედავთ, კოენტრაუ ხაზგასმით ამბობს, რომ „ბენფიკადან“ წასვლა არ სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელები იძულებულები არიან, ამ ტრანსფერზე ხელი ჩაიქნიონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერი კონცენტრაციას სათადარიგო ვარიანტისკენ, „აიაქსის“ მარჯვენა მცველ გრეგორი ვან დერ ვილისკენ მიმართავს. მართალია, ჰოლანდიელი კოენტრაუსგან განსხვავებით, მარჯვენა მცველია, მაგრამ მიუნხენელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მარჯვენა მცველს იყიდიან, თუ მარცხენას, რადგან ფილიპ ლამს დაცვაში ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.
კოენტრაუსა და ვან დერ ვილის შემდეგ, მიმომხილველებმა „ბაიერნში“ გადასვლა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უწინასწარმეტყველეს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი „სანდერლენდის“ განელ თავდამსხმელს, ასამოა გიანს უმიზნებს, თურქეთში კი არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ბავარიელებს შოთა არველაძის „ქაისერისპორის“ ცენტრალური მცველის, სერდარ კესიმალის გადაბირებაც უნდათ. ეს უკანასკნელი გერმანიაში, კერძოდ, ვუპერტალშია დაბადებული.