ფარფანი ალბათ დარჩება

AutoSharing Option

როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მილანის „ინტერთან“ ბრწყინვალე გამარჯვებამ (5:2 ჯუზეპე მეაცაზე), „შალკეს“ ნახევარმცველ ჯეფერსონ ფარფანს გელზენკირხენული კლუბიდან წასვლა გადააფიქრებინა. შაბათს, „ვოლფსბურგთან“ მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ, პერუელი გარემარბი გელზენკირხენულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ალაპარაკდა.
ფარფანი „შალკეში“ 2008 წლის ზაფხულს აქეთ თამაშობს და დღესდღეობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. „ხუმარებმა“ ის თავის დროზე, „ეინდჰოვენიდან“ 3 მილიონ ევროდ შეიძინეს. ბოლო დროს ფარფანს „შალკეს“ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რაზეც ფეხბურთელი ღიად საუბრობდა. ახლა კი, ლევან ყენიას კლუბის შეფი კლემენს ტიონიესი ამბობს, ფარფანმა ნიშანი მომცა, რომ გუნდში
დარჩენა უნდაო.
ზამთარში ფარფანმა თქვა, რომ „შალკედან“ წასვლა უნდოდა. მას „ვოლფსბურგში“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ გერმანიის ექს-ჩემპიონში გადასვლაზე უარი თქვა – იმ იმედით, რომ ზაფხულში უფრო კარგ გუნდს გამოჰკრავდა ხელს. ახლა კი, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. ბოლო დროს, ფარფანი ძალიან კარგად გამოიყურება და ფაქტია, რომ ახალმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მასთან საერთო ენა გამონახა. სწორედ ამიტომ, დიდი შანსია, რომ პერუელმა გელზენკირხენულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ისე, ხმები დადის, ფარფანი „იუვენტუსს“ უნდაო...

მონტოლივო ფლორენციას ერთგულია
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიაში ყველა ფიქრობდა, რომ რიკარდო მონტოლივოსა და ფლორენციის „ფიორენტინას“ გზები გაიყოფოდა, ახლა კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იტალიელი საყრდენი ნახევარმცველი „ფიორენტინასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. მართალია, ფლორენციელები ამ სეზონში ვეღარაფერს მიაღწევენ და უკვე „წყალი არ გაუვა“ იმას, რომ ევროპის ლიგის საგზურსაც კი ვერ მოიპოვებენ, მაგრამ მომდევნო სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვთ. უპირველესი მიზანი კი სწორედ მონტოლივოს შენარჩუნებაა.
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, მონტოლივოსა და კლუბის შეფებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და იტალიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი მალე ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ გაეტანო დ’აგოსტინო, რომელმაც „ფიორენტინაში“ იმედები ვერ გაამართლა, „უდინეზეში“ დაბრუნდება.

რიბინიო განსოს მილანში ეპატიჟება

დიდი შანსია, რომ „მილანმა“ მომავალი სეზონისთვის ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი განსო გადაიბიროს. ამ ფეხბურთელის ბედს „როსონერისთან“ მას მერე აკავშირებენ, რაც რობინიომ ჩვენს იტალიელ კოლეგებს უთხრა, ვიცი, რომ „მილანის“ ხელმძღვანელები განსოსთვის ბრძოლაში ჩაებნენო. მართალია, მილანელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუშინ, „ფიორენტინასთან“ მატჩამდე ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგები ირწმუნებიან, განსოსთვის „მილანი“ და „ინტერი“ იბრძვიანო. როგორც ჩანს, 21 წლის განსოზე მეორე მილანური გრანდიც აცხადებს პრეტენზიას.
„მართალია, ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. ვფიქრობ, განსო „მილანში“ გადმოსვლით სწორ ნაბიჯს გადადგამს. დარწმუნებული ვარ, რომ „როსონერიში“ აფეთქდება. ჩემი აზრით, „მილანი“ მისთვის იდეალური გუნდია,“ - ეს რობინიოს სიტყვებია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული