Made In Germany

AutoSharing Option
ლუის ვან გაალის გათავისუფლების შემდეგ, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჰოლანდიელი სპეციალისტი კრიტიკით მიწასთან გაასწორა. რეკორდმაისტერის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე ისეთი სახითა და სიტყვებით წარსდგა, რომ ყველას გაახსენდა, როგორია სინამდვილეში ული ჰიონესი. ვინც ფიქრობდა, რომ ის თვითკრიტიკულიც იქნებოდა, სასტიკად შეცდა: ჰიონესს საკუთარ შეცდომებზე ყურადღება არც კი გაუმახვილებია. გაირკვა ისიც, რომ თომას კრაფტს „ბაიერნში“ მომავალი აღარ აქვს – ჰიონესმა მასზე ისე ილაპარაკა, რომ წარმოუდგენელია, ბავარიული გრანდი მომდევნო სეზონსაც კრაფტთან ერთად გეგმავდეს.

ამასობაში, დორტმუნდის „ბორუსია“ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას. მართალია, BVB-მ ორი ქულა დაკარგა,
„ლევერკუზენი“ კი ხუთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა, მაგრამ გერმანიაში მაინც არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იურგენ კლოპის ბიჭები „ვერცხლის სინს“ დაისაკუთრებენ. სხვამხრივ, 29-ე ტურში ფორმაში არ იყო „ვერდერის“ დამრიგებელი თომას შააფი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „ფრაიბურგის“ თავკაც რობინ დუტზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს და „ლევერკუზენს“ ჩაიბარებს, ბრაისგაუულ კლუბთან ერთად წარმატებულ სვლას აგრძელებს.

თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 29-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.


Flop

შააფი აიჭრა

თომას შააფი არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი მწვრთნელია, გასულ პარასკევს კი, საფეხბურთო გერმანიამ „ვერდერის“ თავკაცი სულ სხვა მხრიდან გაიცნო. თამამად ვიტყვით, რომ აფეთქებული შააფი პირველად ვნახეთ. „აინტრახტთან“ მატჩის (1:1) შემდეგ, თომასმა ფრანკფურტული კლუბის მცველი მაიკ ფრანცი ლანძღა. „ფრანცი მსოფლიოში ყველაზე არასპორტული და აგრესიული ფეხბურთელია. მამაშვილურად ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს, რასაც ეს მოთამაშე მოედანზე აკეთებს, ფეხბურთისგან ძალიან შორსაა,“ - განაცხადა შააფმა.

არა გვგონია, რომ მაიკ ფრანცმა შააფის დარიგება შეისმინოს, მის შესახებ ამაზე უარესებიც არაერთხელ უთქვამთ, მაგრამ ფრანცი მაინც იმ ფრანცაც დარჩა, რომელსაც ბუნდესლიგის ფეხბურთელები ყველაზე მეტად ვერ იტანენ. შააფზე კი ის უნდა ვთქვათ, რომ აჯობებდა, პირველ გუნდში თავის გუნდსა და თავის ფეხბურთელებს დაკვირვებოდა. „ვერდერის“ თავდამსხმელი დენის ავდიჩი მაიკ ფრანცზე უკეთესად ნამდვილად არ იქცეოდა...


Flop

არაჰუმანური კანონი

როცა გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი ინიშნება და თანაც, ფეხბურთელს უძევებენ, ეს ამ გუნდისთვის უმაღლესი სასჯელია, რადგან გოლის გაშვებაც ფაქტობრივად გარანტირებული აქვს და თანაც, დარჩენილი დრო კაცნაკლულობაში უნდა გაატაროს...

გერმანიაში, ამ უქმეებზე ასეთი ჯოჯოხეთი ორ გუნდს დაემართა: ფრაიბურგსა და ჰანოვერში მსაჯებმა ფეხბურთელებიც გააძევეს და პენალტებიც დანიშნეს. ცხადია, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ, რადგან კანონი ავალდებულებთ, მაგრამ გამოცდილმა გერმანელმა არბიტრმა ტორსტენ კინჰიოფერმა, რომელიც „ჰანოვერისა“ და „მაინცის“ მატჩს (2:0) მსაჯობდა, ეს წესი გააკრიტიკა. მისი აზრით, საფეხბურთო კავშირმა მსაჯებს ასეთ სიტუაციებში თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მისცეს – მაგალითად, არბიტრი არ უნდა იყოს ვალდებული, რომ პენალტის დანიშვნასთან ერთად, ისედაც მაგრად დასჯილ გუნდს ფეხბურთელიც გაუძევოს. „ორმაგი სასჯელით მატჩებზე ძალიან დიდ გავლენას ვახდენთ. ვფიქრობ, ამ კანონს ფიფამაც უნდა გადახედოს,“ - აღნიშნა კინჰიოფერმა.


Flop

განწირული კრაფტი

ადამიანურად რომ ვიმსჯელოთ, „ბაიერნის“ ახალგაზრდა მეკარე თომას კრაფტი ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს ძალიან უნდა შეეცოდოს. „ნიურნბერგთან“ „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელმა ცუდად ითამაშა (1:1), მაგრამ რაკი კრისტიან აიგლერის გოლი კრაფტის სინდისზე იყო, ორი ქულის დაკარგვა, პირველ რიგში, სწორედ მას დაბრალდა.

იმის გამო, რომ რეკორდმაისტერის ბოსებმა კრაფტის ერთგული ვან გაალი გააგდეს, თანაც, ახალგაზრდა მეკარემ ბოლო დროს შეცდომებს უმატა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ „ბაიერნშიც“ თომასსაც იგივე ემუქრება, რაც თავის დროზე ოლივერ კანის შემცვლელად აღიარებულ მიხაელ რენზინგს დაემართა. ამ მოსაზრებას ჰიონესის სიტყვები ამძაფრებს, რომელმაც ვან გაალის გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, „ბაიერნში“ მონასტერი მას მერე აირია, რაც ლუისმა ჰანს-იორგ ბუტი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და ყველასათვის მოულოდნელად, ნდობა კრაფტს გამოუცხადაო.

ამ ეტაპზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად ფანების უდიდესი სურვილისა, კრაფტს „ბაიერნში“ მომავალი აღარ აქვს. ჰიონესმა ისე ილაპარაკა, რომ...


Flop

კარგი რა, ული...

ზოგადად, ვან გაალის გაგდების შემდეგ, ჰიონესს ბევრი რამ ჰქონდა ასახსნელი, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა კი მხოლოდ სხვები ლანძღა. მან თქვა, რომ „ბაიერნში“ ფეხბურთის თამაში არცერთ ფეხბურთელს აღარ სიამოვნებდა; რომ რეკორდმაისტერში ვითარება მას მერე აიჭრა, რაც ვან გაალმა ბუტი სათადარიგოთა სკამზე დასვა, კარში კი კრაფტი ჩააყენა; რომ ზღაპარია ის, თითქოს მოთამაშეები ვან გაალს ბოლომდე მხარში ედგნენ...

არადა, ბავარიელებს სახეებზე სიამოვნება მინიმუმ ერთი თვეა აღარ ეტყობათ; ვან გაალსა და ფეხბურთელებს შორის კი შავმა კატამ ჯერ კიდევ იანვარში, მარკ ვან ბომელის გაყიდვის დროს გაირბინა და ჰოლანდიელ სპეციალისტს შეგირდებთან ურთიერთობა სწორედ მას მერე ჰქონდა დაძაბული. მაშინ რატომ გაუშვეს ვან გაალი ახლა და არა თუნდაც ერთი თვის წინ?

თუ ჰიონესი მართალს ამბობს, როცა იძახის, ფეხბურთელები ვან გაალს მხარში ნამდვილად არ ედგნენო, გამოდის, რომ ფილიპ ლამი, თომას მიულერი ან ბასტიან შვაინშტაიეგრი მატყუარები არიან, რადგან ამბობდნენ, ვან გაალს მთელი გუნდი მხარში უდგასო. ჩვენი აზრით, ული ჰიონესს მეტი გულახდილობა არ აწყენდა...


Top
შალკეს ღირსეული ფანები ჰყავს

სანამ ფელიქს მაგათს „შალკედან“ გაათავისუფლებდნენ, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრებში ნაწილი „დესპოტი ფელიქსის“ დატოვების მომხრე იყო, ნაწილი კი მის გაგდებას ითხოვდა. იმ ნაწილისგან, ვინც მაგათს ეწინააღმდეგებოდა, შაბათს ყველა სტვენას და ფელიქსის ლანძღვა-გინებას ელოდა, რადგან მაგათი გელზენკირხენში „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის, ანუ, მტრის რანგში დაბრუნდა. „შალკეს“ გულშემატკივრებმა კი დაამტკიცეს, რომ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ფანები არიან. მათ მაგათს მცირე ყურადღებაც კი არ მიაქციეს – ფელიქსის სახელი ერთხელაც არ უხსენებიათ, პირველიდან ბოლო წუთამდე მხოლოდ „შალკეს“ ქომაგობდნენ. სხვათა შორის, ეს თვითონ მაგათმა აღნიშნა და გელზენკირხენული პუბლიკა შეაქო.


Top

დუტის ფენომენი

როცა ირკვევა, რომ მწვრთნელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, ათიდან ცხრა შემთხვევაში, გუნდი დარჩენილ მატჩებში შედეგებს აუარესებს ხოლმე, რადგან მწვრთნელი მომავალ გუნდზე იწყებს ფიქრს. „ფრაიბურგი“ ამ მხრივ გამონაკლისია. გადაწყვეტილია, რომ გუნდის თავკაცი რობინ დუტი ზაფხულიდან „ლევერკუზენს“ ჩაუდგება სათავეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასი პროცენტით „ფრაიბურგზეა“ კონცენტრირებული, რაც გუნდს „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრაშიც დაეტყო, რომელიც დუტის შეგირდებმა 3:2 მოიგეს. თვითონ განსაჯეთ: „ფრაი“ 1:2-ს აგებდა, კაცნაკლული იყო და მაინც შეძლო თამაშის შემოტრიალება.


Top

ბრავო, არიენ!

არიენ რობენს საუკეთესო შანსი ჰქონდა, რომ ამ ტურის გამოხმაურებაში TOP-ებში კი არა, FLOP-ებში მოხვედრილიყო, რადგან „ნიურნბერგთან“ მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯ კნუტ კირხერს ცოცხალ-მკვდარი აგინა, მაგრამ ჰოლანდიელმა ცოდვა მალევე მოინანია. რობენმა პირველივე ინტერვიუში ჯერ თვითონ მსაჯს მოუბოდიშა, მერე თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, გუნდის ხელმძღვანელებს და ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. გარდა ამისა, თავისი საქციელი დაგმო.

წითელი ბარათი და ემოციები ფეხბურთის ნაწილია. მოედანზე მოთამაშეები ამაზე უარესადაც მოქცეულან, მაგრამ ბოდიში არავისთვის მოუხდიათ. რობენი კი აპლოდისმენტებს იმსახურებს. ამასობაში, განაჩენიც გამოტანილია: ჰოლანდიელი დრიბლიორი „ბაიერნს“ ორ შეხვედრაში დააკლდება...


Top
დორტმუნდი: მოგების ტოლფასი ფრე

ლოგიკურად, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჰამბურგში უფრო ორი ქულა დაკარგა, ვიდრე ერთი აიღო, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდი უდიდეს ქებას იმსახურებს იმისათვის, რასაც გაშვებული გოლის მერე, მთელი თამაშის განმავლობაში აკეთებდა. დორტმუნდელები უკანმოუხედავად უტევდნენ, მომენტს მომენტზე ქმნიდნენ და საბოლოოდ, ანგარიშის გათანაბრება ასი პროცენტით დაიმსახურეს. კლოპმა შეძლო და „ბორუსიას“ ფეხბურთელებს უდიდესი თავდაჯერება ჩაუნერგა – მისი შეგირდები ყველა მატჩში ბოლო წამამდე თავგამოდებით იბრძვიან. „ჰამბურგთან“ შეხვედრაში ასეთი მენტალიტეტის სიმბოლო 18 წლის ნახევარმცველი მარიო გიოტცე გახლდათ. თვითონ კლოპი კი, უფრო სწორად მისი ძალიან ემოციური ზეიმი საფინალო სასტვენის შემდეგ, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უხაროდეს გამარჯვებულს, რომელმაც წარმატება ასი პროცენტით დაიმსახურა.


XXIX ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-4-3)
ტიმ ვიზე (ვერდერი, 3) – ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე, 4), ჰაიკო ბუტშერი (ფრაიბურგი, 1), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ, 7) – მარკო როისი (ბორუსია მ, 4), იულიან შუსტერი (ფრაიბურგი, 1), სერჟიო პინტუ (ჰანოვერი, 4), კრისტიან ტიფერტი (კაიზერსლაუტერნი, 4) – მაიკ ჰანკე (ბორუსია მ, 2), სრდიან ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი, 4), პაპის დემბა სისე (ფრაიბურგი, 4)

29-ე ტურის მთავარი გმირები „კაიზერსლაუტერნი“ (4:2 შტუტგარტში), მიონხენგლადბახის „ბორუსია“ (5:1 კიოლნთან) და „ფრაიბურგი“ (3:2 ჰოფენჰაიმთან) იყვნენ. შესაბამისად, სიმბოლურ ნაკრებში ამ გუნდებიდან ორ-ორი ფეხბურთელი მოხვდა. აღსანიშნავია დორტმუნდის „ბორუსიას“ მარცხენა მცველი მარსელ შმელცერიც, რომელსაც სიმბოლურში მეშვიდედ ვხედავთ.


ტურის გმირი
მარკო როისი (ბორუსია მ)

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გლადბახის“ 21 წლის გარემარბ მარკო როისს ამ გუნდში დიდხანს არავინ გააჩერებს – მით უმეტეს, თუ „ბორუსია“ პირველი ბუნდესლიგიდან გავარდება. როისმა „კიოლნთან“ დუბლი შეასრულა და „გლადბახისთვის“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება პირველ რიგში მისი დამსახურებაა. როისის ანგარიშზე ამ სეზონში რვა გოლი და ცხრა საგოლე პასია, რაც ნახევარმცველისთვის, თანაც, აუტსაიდერი გუნდის ნახევარმცველისთვის, ბრწყინვალე შედეგია.


საუკეთესო ფეხბურთელები
29 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.59
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
3. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.64
4. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.66
5. მანუელ ნოიერი შალკე 2.71
6. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.72
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.73
8. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.78
9. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 2.82
10. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 2.90


გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 27 19 3 22
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 27 20 1 21
3. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 24 13 7 20
4. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 28 13 6 19
5. თეოფანის გეკასი აინტრახტი 29 16 3 19
6. თომას მიულერი ბაიერნი 29 10 9 19
7. ფრანკ რიბერი ბაიერნი 21 4 15 19
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 28 5 13 18
9. მლადენ პეტრიჩი ჰამბურგი 20 11 7 18
10. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 28 12 6 18

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული