შავი და ყვითელი თავდაჯერება

AutoSharing Option
შაბათს, „ჰამბურგისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვედრის 90-ე წუთზე, მოედანზე მყოფთაგან, ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გაგცემდათ პასუხს კითხვაზე „რატომ უგებდა ჰამბურგი დორტმუნდს“. „ბორუსია“ პირველიდან ბოლო წუთამდე უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ჩრდილოელები რუუდ ვან ნისტელროის დამსახურებული პენალტით იგებდნენ, მაგრამ თუ ვინმეს ჰოლანდიელის გოლამდე თუ გოლის შემდეგ უნდა გაეტანა, პირველ რიგში ეს „ბორუსიაზე“ ითქმის.

„შავ-ყვითლების“ 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი ამბობს, მეოთხე მსაჯმა დამატებული წუთები რომ გვიჩვენა, მაშინვე „კიოლნთან“, „ჰანოვერთან“ და „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრები გამახსენდაო - იმიტომ, რომ ხსენებულ მატჩებში დორტმუნდელებმა სწორედ მსაჯის მიერ დამატებულ
წუთებზე შეძლეს უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა.

კაციშვილმა არ იცოდა, რატომ იგებდა „ჰამბურგი“, მაგრამ რაც მთავარია, „ბორუსიამ“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ბენდერი ამბობს, ვიცოდი, რომ გავიტანდით, შეუძლებელი იყო, ვერ გაგვეტანაო:

„ოდესღაც ხომ უნდა შევარდნილიყო ეს დაწყევლილი ბურთი?“ ასეც მოხდა: იაკუბ ბლაშჩიკოვსკის უძლიერესმა დარტყმამ, ჰაბურგელთა მეკარე ფრანკ როსტს რეაქციაზე ფიქრზეც კი უარი ათქმევინა...

ბლაშჩიკოვსკი ის კაცია, ვისზეც BVB-ს თავკაცმა იურგენ კლოპმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს თქვა, „კუბა“ ტყუილად ნერვიულობს იმის გამო, რომ ზოგჯერ არ ვათამაშებ, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მაგრად მჭირდება, „ბორუსია“ მის გარეშე ვერ წარმომიდგენიაო.

„საფინალო სასტვენამდე არცერთ გუნდს არ აქვს იმაზე ფიქრის უფლება, რომ მოგვიგო, - ეს „ბორუსიას“ დაცვის ბურჯის, მატს ჰუმელსის განცხადებაა.

ბლაშჩიკოვსკის გოლის შემდეგ კი, დორტმუნდელებმა ისიც დაამტკიცეს, რომ როცა წამებია დარჩენილი და ერთი გოლის გატანით, წესით, მაგრად უნდა ამოისუნთქო, „ბორუსიას“ მეტოქეებს არც ამ ერთი ამოსუნთქვის ილუზია უნდა ჰქონდეთ ხოლმე, რადგან „კუბას“ გოლის დროს ნური შაჰინმა ბურთი მაშინვე გამოიტანა კარიდან და მოედნის ცენტრისკენ წაიღო და „შავ-ყვითლები“ დარჩენილ წამებში კიდევ ერთხელ მიაწყდნენ „ჰამბურგის“ კარს, რათა იმ თამაშიდან სამი ქულა გამოეძერწათ.

„სწორედ აქედან ჩანს ამ გუნდის სიდიადე, - ამბობს მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე, - ბიჭებმა გადამრიეს, მართლა ძალიან მაგარი გუნდი გვყავს!“

„ლევერკუზენი“ ხუთი ქულის დისტანციაზე მოგვიახლოვდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ დაგვეწევა. წელს ჩვენ ყველაზე მეტად ვიმსახურებთ ჩემპიონობას და მჯერა, ვერავინ გავტეხს. დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ,“ - ეს შაჰინის სიტყვებია.


ფრაიბურგთან ბარიოსის გარეშე
სეზონის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი - „დორტმუნდს“ უდიდეს ოცნებას სწორედ ხუთი თამაში აშორებს. კლოპი და მისი ბიჭები „ვერცხლის სინისკენ“ მომდევნო ნაბიჯის გადადგმას კვირას, „ფრაიბურგთან“ საშინაო შეხვედრაში ეცდებიან და წარმატების მიღწევა მთავარი გოლეადორის, ლუკას ბარიოსის გარეშე მოუწევთ.

ამ სეზონში 13 გოლის ავტორმა ფორვარდმა „ჰამბურგთან“ ტრავმა მიიღო და 77-ე წუთზე ის მოჰამედ ზიდანმა შეცვალა. „ფრაიბურგთან“, ბარიოსის ნაცვლად, წინა ხაზზე სავარაუდოდ სწორედ ზიდანს ან რობერტ ლევანდოვსკის ვიხილავთ. „ბორუსიას“ მთავარი ექიმი მარკუს ბრაუნი კი იმედოვნებს, რომ ბარიოსი „გლადბახთან“ მატჩისთვის (31-ე ტური) მაინც მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული