კრაფტმა ჰიონესს შეუტია

AutoSharing Option
მაშ ასე: ლუის ვან გაალი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, რეკორდმაისტერს სეზონის დარჩენილ 5 შეხვედრაში მისი ასისტენტი ანდრის იონკერი მიხედავს, ზაფხულიდან კი გუნდს სათავეში იუპ ჰაინკესი ჩაუდგება. მანამდე ჯერ კიდევ დიდი დრო და „ბაიერნისთვის“ ხუთი უმნიშვნელოვანესი თამაშია. 29 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ მეოთხე ადგილზეა და 48 წლის ჰოლანდიელი იონკერის ამოცანა ცხადზე უცხადესია: მან გუნდი მესამე ადგილზე უნდა გაიყვანოს, რათა „ბაიერნი“ საგაისოდ ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დარჩეს.
„როცა გადაწყდა, რომ ვან გაალი წავიდოდა და დროებითი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, ჯერ ლუისს ვკითხე, ხომ
არ გეწყინება, რომ დავთანხმდე-მეთქი და მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ ვუთხარი „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს, რომ თანახმა ვიყავი, გუნდი ჩამებარებინა, - ასე დაიწყო რეკორდმაისტერის დროებითმა თავკაცმა პრესკონფერენცია, მერე კი მიზნებზე ისაუბრა - ცხადია, ჩვენი ამოცანა მესამე ადგილის დაკავება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. დარჩენილი მატჩებიდან „ჰანოვერზე“ მეტი ქულა უნდა ავიღოთ.“
იონკერის აზრით, მისმა მენტორმა ვან გაალმა „ბაიერნში“ ძალიან კარგად იმუშავა და მისთვის გამოცანაა, რატომ მოუხდა დროზე ადრე წასვლა. ლუისისგან განსხვავებით, იონკერი მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებთან ხშირად ილაპარაკებს და მათ რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებს. ცხადია, რომ მას ასეთი პირობები თვითონ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ წამოუყენეს.

რეკორდმაისტერს კვირას ურთულესი თამაში ელის მეორეადგილოსან „ლევერკუზენთან“, რომლის მოგებაც „ბაიერნისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა იონკერი პირველ ნომრად ახალგაზრდა თომას კრაფტს - გამორიცხული არაა, რომ ჰიონესმა და რუმენიგემ მას კარში ჰანს-იორგ ბუტის დაბრუნება უბრძანონ.

რაკი კრაფტი ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ბაიერნში“ ახალი სკანდალია მოსალოდნელი. როგორც იცით, ვან გაალის გათავისუფლების შემდეგ, ჰიონესმა თქვა, ჩვენთან მონასტერი მას მერე აირია, რაც ლუისმა კარში კრაფტი ჩააყენაო. თომასი ბოლო დროს ბევრ შეცდომას უშვებს და „ნიურნბერგთანაც“ (1:1) საბედისწეროდ შეცდა, რაზეც ჰიონესმა თქვა, ამის ყურება დიდხანს არ შეიძლებაო. ახალგაზრდა მეკარემ ულის პასუხი „ფრანკფურტ ალგემაინე ცაითუნგისთვის“ მიცემული ინტერვიუდან გასცა.

„პრეზიდენტი გუნდის მეკარეზე ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს. ვაღიარებ, რომ „ნიურნბერგმა“ გოლი ჩემი შეცდომის მერე გაგვიტანა, მაგრამ იმ შეხვედრის ვერმოგებაში მხოლოდ ჩემი დადანაშაულება დიდი შეცდომაა,“ - ამბობს კრაფტი.
სწორედ ამიტომ ვარაუდობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები, რომ „ლევერკუზენთან“ „ბაიერნის“ კარს ისევ ბუტი დაიცავს...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული