გუშინ, „ბილდმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ გულშემატკივრებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიდი შანსია, რომ BVB-ს ლიდერი, 22 წლის თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. „ბილდი“ წერს, რომ მისი შეძენა თვით ჟოზე მოურინიომ მოისურვა და რომ „ბორუსიას“ უკვე დაუკავშირდნენ „რეალის“ ხელმძღვანელები.
ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ შაჰინის კონტრაქტში, რომელსაც ვადა 2013 წლამდე აქვს, ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნურის ამ ზაფხულს „რეალში“ გადასვლა სულ რაღაც 6 მილიონ ევროდ შეუძლია. მოგეხსენებათ, შაჰინი რეალურად გაცილებით ძვირი
გაირკვა, რომ შაჰინის „რეალში“ ტრანსფერს მისი აგენტი რეძა ფაძელი „ძერწავს“, რომელიც, ამავდროულად, მადრიდული გრანდის წარმოშობით თურქი გამთამაშებლის, მესუთ იოზილის მრჩეველიცაა. მადრიდელები შაჰინს ხელფასის გაორმაგებას პირდებიან – ნურის ჯამაგირი „დორტმუნდში“ წლიურად 2 მილიონი ევროა, „რეალში“ კი 4 მილიონს აიღებს.
ცხადია, ჩვენი გერმანელი კოლეგები შაჰინს დაუკავშირდნენ და კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ფეხბურთელმა სპეკულაციები უარყო და განაცხადა, რომ ახლა მხოლოდ „ბორუსიაზე“ და გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაზეა კონცენტრირებული. თუმცა მისი ეს განცხადება სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, შაჰინი „რეალით“ უკვე ოფიციალურადაც დაინტერესდეს. ნიშანდობლივია, რომ დორტმუნდელებმა „ნიურნბერგის“ ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანს დაადგეს თვალი – ეს უკანასკნელი ხომ სწორედ შაჰინის პოზიციაზე თამაშობს. „ბორუსიას“ ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ გიუნდოგანის ყიდვა უნდათ, იმას კი არ აღიარებენ, რომ ეს უკანასკნელი შაჰინის შემცვლელად სჭირდებათ. უფრო სწორად, ჯერ არ აღიარებენ...
ტიონიესი ნოიერის შენარჩუნებას ეცდება
„შალკეს“ ბოსი კლემენს ტიონიესი პირობას დებს, რომ მანუელ ნოიერის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „მანუელი „შალკეს“ მთავარი ფეხბურთელი, გუნდის სული და გულია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ის გელზენკირხენში დარჩეს. ცოტა ხნის წინ მასთან გულახდილი საუბარი მქონდა და ვუთხარი, „შალკეში“ შენი მისია ჯერ არ დასრულებულა-მეთქი,“ - უთხრა ტიონიესმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნოიერი „შალკეს“ კაპიტანია. მისი გადაბირება მიუნხენის „ბაიერნს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ.
სტანი ცრემლებით მიდის
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ზანკტ პაულის“ მთავარი მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. პრესკონფერენციაზე, რომელზეც ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურდა, სტანისლავსკიმ ემოციები ვერ მოთოკა და იტირა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჰოლგერი „ზანკტ პაულის“ 18 წლის მანძილზე ემსახურა: თავიდან ფეხბურთელის, მერე ვიცე-პრეზიდენტის, სპორტული დირექტორის და ბოლოს მწვრთნელის რანგში. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ სტანისლავსკი მომდევნო სეზონში „ჰოფენჰაიმს“ უთავკაცებს. მიმდინარე სეზონის დარჩენილ 5 ტურში კი, მისი მისია „ზანკტ პაულის“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან გადარჩენაა.