შვაინი ძალიან საეჭვოა

AutoSharing Option
დიდი შანსია, რომ „ბაიერნს“ კვირას, „ლევერკუზენთან“ უმნიშვნელოვანეს მატჩში ბასტიან შვაინშტაიგერი დააკლდეს. რეკორდმაისტერის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინდელ ვარჯიშზე, არიენ რობენთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და ექიმებს ეჭვი ეპარებათ, კვირამდე გამოჯანმრთელება მოასწროს, მაგრამ პირობას დებენ, რომ შვაინის ფეხზე დასაყენებლად ყველაფერს გააკეთებენ.

შვაინშტაიგერის არყოფნა „ბაიერნისთვის“ სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან დროებითი მწვრთნელი ანდრის იონკერი „ლევერკუზენთან“ ისედაც ორ წამყვან ფეხბურთელს ვერ გამოიყენებს: არიენ რობენი და ჰოლგერ ბადშტუბერი დისკვალიფიცირებულები არიან.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები უკვე დარწმუნებით წერენ, რომ ახალგაზრდა მეკარე
თომას კრაფტი ზაფხულში „ბაიერნს“ დატოვებს. ცნობა გუშინ „ზუდდოიჩე ცაითუნგმა“ საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ხსენებული გამოცემა იმასაც წერს, რომ კრაფტი სავარაუდოდ ბერლინის „ჰერტაში“ გადავა და ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი გახდება - როგორც იცით, კობის გუნდი მეორე ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და ელიტაში ბრუნდება. კრაფტის გარდა, „ჰერტას“ ხელმძღვანელები „ბაიერნის“ საყრდენ ნახევარმცველ ანდრეას ოტლსაც ეპატიჟებიან.

ამავდროულად, მიუნხენელები ახალი ფეხბურთელების ყიდვაზე ზრუნვას აგრძელებენ და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, თვალი
ანდრე აიევს უკვე ძალიან სერიოზულად დაადგეს. „მიუნხენერ თაგესცაითუნგის“ ცნობით, რეკორდმაისტერის მესვეურებმა უკვე წამოიწყეს მოლაპარაკებები მარსელის „ოლიმპიკთან“ - 21 წლის აიევი სწორედ ფრანგული გრანდის ღირსებას იცავს. გაირკვა ისიც, რომ „ოლიმპიკი“ აიევს 12 მილიონ ევროდ აფასებს. „თაგესცაითუნგის“ ცნობით, ბავარიულ გრანდს მისი შეძენა ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა ურჩია, რომელიც საფრანგეთში „ბაიერნის“ სკაუტად მუშაობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული