რა დაემართა "ბაიერ(ნ)ს"?

AutoSharing Option
როგორც ჩანს, „ბაიერნის“ მთავარი და მეტიც, ერთადერთი პრობლემა, მართლა ლუის ვან გაალი იყო. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის გათავისუფლებიდან ზუსტად ერთ კვირაში, მიუნხენურმა კლუბმა ჯერ კიდევ ჩემპიონობის შანსის მქონე „ლევერკუზენი“ მიწასთან გაასწორა?

5:1-ს თავი რომ დავანებოთ, რეკორდმაისტერმა გუშინ ისე ითამაშა, როგორც საჭიროა, გოლებიც გაიტანა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და რაც ყველაზე მთავარია, ისევ მესამე ადგილზე აინაცვლა - პოზიციაზე, საიდანაც ჩემპიონთა ლიგაში გავა. „ლევერკუზენი“ კი, ამ მარცხით ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფაქტობრივად საბოლოოდ გამოეთიშა და
ამიერიდან, „ფარმაცევტების“ უმთავრესი მიზანი „ბაიერნთან“ ექვსქულიანი უპირატესობის შენარჩუნება იქნება - მეორე და მესამე ადგილს შორის, საპატიო ვიცე-ჩემპიონობის გარდა, ის განსხვავებაა, რომ მეორე ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება, მესამეადგილოსანს კი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ტვინის ჭყლეტა.

„ლევერკუზენის“ განადგურება გუნდის კაპიტნის, სიმონ როლფესის ავტოგოლით დაიწყო, რომელიც უკვე მეშვიდე წუთზე გავიდა (შვაინშტაიგერმა გაატანინა) და ჯერ კიდევ შესვენებამდე, მარიო გომესმა შეხვედრის ბედი უნაკლო ჰეთ-თრიკით გადაწყვიტა - გომესმა ამ სეზონში უკვე მეოთხედ შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება. საინტერესოა ისიც, რომ 30 წელია, „ლევერკუზენს“ პირველი ტაიმი 4:0 არ წაუგია. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამიტომაც იყო გაოგნებული და შესვენებისას ამბობდა: „ის, რაც მოედანზე ხდება, ჩემთვის აუხსნელია. პირველი ორი გოლი ლევერკუზენელებმა ფაქტობრივად ძალით გაუშვეს, მატჩის ბედი კი უკვე გადაწყვეტილია“, - ფაქტია, რომ ტურის ცენტრალური შეხვედრისგან, არა მარტო ლიოვი, არამედ მთელი საფეხბურთო გერმანია გაცილებით მეტს ელოდა.

მეორე ნახევარში მიუნხენელები შედარებით დამშვიდნენ, რამაც „ლევერკუზენს“, კერძოდ კი შვეიცარიელ თავდამსხმელ ერენ დერდიოკს პრესტიჟის გოლის გატანის საშუალება მისცა, მერე კი, ფრანკ რიბერიმ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ფაქტი: „ლევერკუზენმა“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო და ამ მარცხით, იუპ ჰაინკესის გუნდისთვის, 5-მატჩიანი მოგებათა და 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. რატომ გასაზიზღრდნენ „ფარმაცევტები“ შესუსტებულ „ბაიერნთან“ ასე ძალიან (რობენი და ბადშტუბერი დისკვალიფიკაციების გამო ვერ თამაშობდნენ, კროოსს ტრავმა ჰქონდა, რიბერიმ და შვაინიმ კი გამაყუჩებლებით იასპარეზეს), ამ კითხვას პასუხი ალბათ არ გაეცემა, ჩვენ კი ნამდვილად არ გვაქვს იმის უფლება, ვიფიქროთ, რომ „ბაიერნისკენ“ გეზაღებულმა ჰაინკესმა რაღაც-რაღაცები განგებ დათმო...

გუშინვე, „ბორუსიამ“ „ფრაიბურგი“ 3:0 დაამარცხა და „ლევერკუზენს“ რვა ქულით გაასწრო. მანამდე კი იყო პარასკევის მატჩი, რომელშიც „მაინცმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 1:0 დაამარცხა და საუკეთესო ხუთეულში პოზიცია გაიმყარა, ხოლო „გლადბახი“ კი ისევ აუტსაიდერი და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების ყველაზე რეალური კანდიდატია. დარჩენილ ოთხ ტურში „გლადბახს“ მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეუძლია, სარელეგაციო, მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“ კი სამი ქულით ჩამორჩება.

შაბათს, ყველაზე დიდ ინტერესს „შალკესა“ და „ვერდერის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ შედეგმა არც „შალკე“ დაამწუხრა და არც „ვერდერი“. შეიძლება ითქვას, რომ ფრე „ვერდერს“ უფრო აწყობდა, რადგან „შალკეს“ ბუნდესლიგაში ფაქტობრივად აღარაფერი აინტერესებს. ლევან ყენიას გუნდი არ ვარდება, საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად ბრძოლა კი, გელზენკირხენელებს სამართლიანად ეზარებათ, რადგან გერმანიის თასის ფინალში არიან, საიდანაც, „დუისბურგის“ დამარცხების შემთხვევაში, ისედაც მოიპოვებენ ევროპის ლიგის საგზურს. ყველაზე საინტერესო რამ შეხვედრის შემდეგ მოხდა, როცა „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერმა თქვა, ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ვინც საჭიროა, უკვე ყველაფერი იცისო.

როგორც ხედავთ, ნოიერმა არაფერი დააკონკრეტა. ჩვენი გერმანელი კოლეგები სამართლიანად ფიქრობენ, მანუელი „შალკეში“ რომ რჩებოდეს, ამას ამაყად იტყოდაო. ეჭვი იმის შესახებ, რომ ნოიერმა გადაწყვეტილება მიუნხენის „ბაიერნის“ სასარგებლოდ მიიღო, გელზენკირხენული კლუბის მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის კომენტარმაც გააღრმავა, რომელმაც აღნიშნა, ჩვენ ჯერ არავინ შეგვხმიანებია, მანუელს კი „შალკესთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებსო. როგორც ხედავთ, ჯერი ახლა „ბაიერნზეა“ - მიუნხენელებმა „შალკეს“ ხელმძღვანელებს საინტერესო წინადადებით უნდა მიმართონ (საუბარია 20 მილიონ ევროზე), ნოიერმა კი, თავის შეფებს უკვე უთხრა, რომ გული რეკორდმაისტერისკენ მიუწევს. „ბილდის“ ინფორმაციით, გელზენკირხენელები ნოიერს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ...

მას მერე, რაც „შალკეს“ რალფ რანგნიკი წვრთნის, გელზენკირხენულმა გუნდმა ხუთიდან პირველი თამაში ვერ მოიგო, მაგრამ გულშემატკივრებს ამის გამო დიდად არ უდარდიათ - საფინალო სასტვენის შემდეგ მღეროდნენ, ბუნდესლიგაც ფეხებზე გვკიდია და „ვერცხლის სინიც“, ორ ისეთ თასს მოვიგებთ, დორტმუნდში მაინც შურით გასკდებიანო. ცხადია, „შალკეს“ ფანები ჩემპიონთა (ნახევარფინალში არიან) და გერმანიის თასებს (ფინალში არიან) გულისხმობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ რანგნიკმა „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა: ბაუმიოჰანი, ედუ, ხურადო, მატიპი და შარპეი სკამზე დასვა, ძირითადში კი ფარფანი, ხარისტეასი, დრაქსლერი, ანანი და აველარი ათამაშა. დიახ, სწორედ ის 21 წლის აველარი, „შალკეს“ ყოფილ მწვრთნელ ფელიქს მაგათს უკრაინულ „ლვოვში“ რომ ჰყავდა განათხოვრებული.

„ვერდერი“ კი, სარელეგაციო მე-16 ადგილს ექვსი ქულით უსწრებს, რაც ბრემენული კლუბის გადარჩენისთვის, წესით, საკმარისი უნდა აღმოჩნდეს. „მუსიკოსები“ მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. პრინციპში, სამართლიანადაც, რადგან მსაჯმა კნუტ კირხერმა მე-11 წუთზე პეტრი პასანენს გოლი არ ჩაუთვალა - მან შეტევაში ჯარიმა დააფიქსირა, არადა, ნოიერის წინააღმდეგ წესები არ დარღვეულა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ტორსტენ ფრინგსმა კიდევ ერთხელ დაიჩივლა, წელს არბიტრები ძალიან გვჩაგრავენო.

„ბაიერნმა“ მესამე ადგილზე იმის გამო გადაინაცვლა, რომ „ჰანოვერმა“ ჰამბურგიდან მხოლოდ ერთი ქულა წაიღო (0:0). მაგათის „ვოლფსბურგმა“ კი ისევ ვერ მოიგო. თანაც, „მგლები“ უშუალო კონკურენტ „ზანკტ პაულის“ ხვდებოდნენ და მოგებას ვინ ჩივის, ბოლო წუთებამდე აგებდნენ და მხოლოდ 89-ე წუთზე გატანილი გოლით გადარჩნენ - რომ წაეგოთ, სარელეგაციო ადგილსაც დაკარგავდნენ და მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდებოდნენ. „შტუტგარტმა“ კიოლნში 3:1 მოიგოდა და ბრუნო ლაბადიას შეგირდებმა დროებით შვებით ამოისუნთქეს. კრისტოფ დაუმის „აინტრახტი“ „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა და იმდენი ქულა აქვს, რამდენიც „შტუტგარტს“.


მომდევნო ტური
21 აპრილი. ფრაიბურგი-ჰანოვერი
23 აპრილი. შალკე-კაიზერსლაუტერნი, ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ჰამბურგი, აინტრახტი-ბაიერნი, ზანკტ პაული-ვერდერი, ბორუსია (მ)-ბორუსია (დ).
24 აპრილი. ვოლფსბურგი-კიოლნი, ნიურნბერგი-მაინცი.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული