ისევ ის ლევერ... პარდონ, ვიცე-კუზენი!

AutoSharing Option
შაბათს, გერმანული „სქაის“ კომენტატორს აკრძალული სიტყვა წამოსცდა. მან თქვა, ოტმარ ჰიტცფელდი ნაცისტების მწვრთნელიაო. გერმანულად ეს ასე გამოითქმის: Nazi-trainer და მიხვდებით, რომ პირდაპირი თარგმანით ეს სწორედ ნაცისტების მწვრთნელს ნიშნავს.

არადა, მარსელ რაიფმა სულ სხვა რამ იგულისხმა. საქმე იმაშია, რომ შვეიცარიის ნაკრებს, რომელსაც სწორედ ჰიტცფელდი წვრთნის, შემოკლებით Nati-ს ეძახიან, მაგრამ „ნაცი“ კი არ გამოითქმის, როგორც სრულ სიტყვაშია (ნაციონალმანშაფტ), არამედ შვეიცარიელები „ნათის“ ამბობენ ხოლმე, ზემოთ ხსენებულმა კომენტატორმა კი პირდაპირ „ნაცი“ თქვა. ამაზე გერმანიაში ბევრი იცინეს და ცოტა გაბრაზდნენ კიდეც - ხომ იცით, რამდენად
მკაცრადაა აკრძალული იქ ნებისმიერი რამის ხსენება, რაც ადოლფ ჰიტლერს და იმდროინდელ გერმანიას უკავშირდება.

რაც შეეხება მთავარს, ანუ სპორტულ მხარეს: როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი მოვლენები კვირას განვითარდა: ჯერ „ბაიერნმა“ თავისი საყვარელი მეტოქე „ლევერკუზენი“ გაანადგურა, რაშიც, როგორც ჩანს, ლუის ვან გაალს უდიდესი დამსახურება მიუძღვის - მიუხედავად იმისა, რომ კვირაზე მეტია, რეკორდმაისტერის თავკაცი აღარ არის; მერე კი, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

სხვა მხრივ, ფელიქს მაგათისა და კრისტოფ დაუმის სახით, ორი სახელოვანი მწვრთნელი გადარჩენისთვის იბრძვის, კიოლნში კი რელიგიაზე ალაპარაკდნენ. თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 30-ე ტურის გამოხმაურება Tops & Flops-ის სახით.


Flop
ნაცრისფერი ჰამბურგი: არც იქით, არც აქეთ
მორჩა, რუუდ ვან ნისტელროი „ჰამბურგის“ ფორმას აღარასოდეს მოირგებს. ვეტერანმა ჰოლანდიელმა გოლეადორმა ამ უქმეებზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და რაკი გაირკვა, რომ დარჩენილ ტურებში ვეღარ იასპარეზებდა, თამამად თქვა, ზაფხულში ჰამბურგიდან მივდივარო. მართალია, რუუდის წასვლით HSV-ს სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, მაგრამ ვერც ევროტურნირებზე ითამაშებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს, რადგან „ჰამბურგი“ მეხუთე ადგილზე მყოფ „მაინცს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

გაგახსენებთ, რომ „ჰამბურგი“ შარშან მეშვიდე ადგილზე გავიდა და ახლაც იქაა. ჩრდილოელები დროებით მწვრთნელ მიხაელ იონინგს თურმე კონტრაქტს
უგრძელებენ - ნიჭიერი კაცია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვერავის ვერაფერს დააკლებს. „ჰანოვერთან“ ნაჩვენები ფეხბურთიც უინტერესო იყო. მოკლედ, „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში თავის სიტყვას ვეღარ ამბობს. თან ვან ნისტელროიც მიდის...


Flop
მაგათი: სულელები არიან!
როცა გუნდს გავარდნის საფრთხე ემუქრება, მწვრთნელმა ფეხბურთელები უნდა დაიცვას - ეს დაუწერელი კანონია, რადგან კრიტიკა და ლანძღვა ამ დროს არაფერს მოგიტანს, ფეხბურთელები უფრო აიჭრებიან, შეიძლება მწვრთნელზე გაბრაზდნენ და უარესებს ჩაიდენენ. „ვოლფსბურგის“ დამრიგებელი ფელიქს მაგათი კი ასე არ ფიქრობს. კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს მისი გუნდი თამაშის მოგებას, „დესპოტმა ფელიქსმა“ ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ სულელი ფეხბურთელები მყავს! უმეტესობა მარტო თავის თავზე ფიქრობს. მაგალითად, დიეგოს მონდომება აკლდა და თავდაუჯერებელიც იყო.“

მაგათმა დიეგო 73-ე წუთზე გაიყვანა და თუ უნდა, რომ გაიგოს, რა ემუქრება მას ფელიქსის ზემოხსენებული სიტყვების შემდეგ, შეუძლია, შალკელებს, ჯეფერსონ ფარფანსა და ჯერმეინ ჯონსს ჰკითხოს. აკი ვამბობდით, ვოლფსბურგში მაგათი ინიშნება და დიეგოს პრობლემები შეექმნება-თქო.


Flop
ჩერჩილი ხარ, დაუმ?
„ჰოფენჰაიმთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „აინტრახტის“ მწვრთნელ კრისტოფ დაუმს ბევრი არაფერი უთქვამს, მაგრამ რაც თქვა, საღადაოდ ისიც საკმარისი აღმოჩნდა. მან უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფრაზა გააჟღერა: „Nევერ, ნევერ ევერ გივე უპ!“ ნამდვილად კარგად ჟღერს, მაგრამ „აინტრახტს“ ჩერჩილის მეორე ცნობილი ფრაზა უფრო მოუხდებოდა: „თუ წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს, აღფრთოვანება არ უნდა დაკარგო, თორემ წარმატებას ვერ მიაღწევ!“ ან ეს ფრაზა: „თუ ჯოჯოხეთში მიდიხარ, უბრალოდ გზა განაგრძე!“

მომდევნო ფრაზა შეუძლია, სახლში, მისაღებ ოთახში გაიკრას: „მტრები გყავს? ე.ი. ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიე!“ რატომ უნდა გაიკრას? ული ჰიონესს ჰკითხეთ...


Flop
„ვიცეკუზენი“ დაბრუნდა!
ტურის წინ, „ლევერკუზენი“ მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო: მეტოქე „ბაიერნს“ ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, დანარჩენები კი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდნენ; ლუის ვან გაალის გათავისუფლების შემდეგ კი, გუნდს ანდრის იონკერი წვრთნიდა. ამასთან, „ლევერკუზენი“ ლიდერ „დორტმუნდთან“ ხუთქულიან დისტანციაზე იყო მიახლოვებული და თანაც, „ფარმაცევტებს“ მეორე წრის საუკეთესო გუნდის სახელი ჰქონდათ - სტაბილურის, თავდაჯერებულის და მიხაელ ბალაკიც ისეთ ფორმაში იყო შესული, გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თამაშის წინ თქვა, შეიძლება, ბუნდესგუნდში დავაბრუნოო. მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იუპ ჰაინკესის გუნდს „ბაიერნთან“ კარგად უნდა ეთამაშა - ისე, როგორც ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე გუნდს შეეფერება.

„დონ იუპი“ ალბათ ვერასდროს ახსნის, რატომ ითამაშეს მისმა შეგირდებმა პირველივე წუთებიდან ასე საზიზღრად, ნერვიულად და აბსოლუტურად უიდეოდ. ჰაინკესმა თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ გამოავლინა მისმა გუნდმა შესაძლებლობების თუნდაც 30 პროცენტი. განსაკუთრებით სამარცხვინო მიუნხენელთა პირველი ორი გოლი გახლდათ: რიბერის კუთხურის შემდეგ, შვაინშტაიგერმა ბურთს მიმართულება თავით შეუცვალა და „ლევერკუზენის“ კაპიტან როლფესისკენ გაგზავნა, რომელმაც „დიდსულოვნად“ გაიტანა ავტოგოლი; მეორე გოლის დროს კი, არტურო ვიდალმა, მეკარის საჯარიმოში, კუთხურის ხაზიდან ქუსლით (!) უპასა თომას მიულერს, რომელმაც გომესს გაატანინა.
„ლევერკუზენს“ ტყუილად კი არ ეძახიან ვიცე-კუზენს...


Top
გმირი ნიკო
„მაინცისა“ მიონხენგლადბახის მატჩის დროს, სტუმრებს კუთხური უნდა ჩაეწოდებინათ, როცა „გლადბახის“ მცველ დანტეს თვალები გაუფარდოვდა და ყბა ჩამოუვარდა - ისღა მოახერხა, რომ მსაჯისთვის ენიშნებინა, ასე თამაში ხომ არ შეიძლება, ეს კაცი მოედნიდან გაიყვანეთო. დანტე არბიტრს ნიკო ბუნგერტისკენ ანიშნებდა, ამ უკანასკნელს კი შუბლზე ისეთი „კოპი აჯდა“, იფიქრებდით, ცოტაც და სქელი რქა გამოუვაო.

მიუხედავად ამისა, ბუნგერტმა თამაში განაგრძო და ძალიან მაგრადაც იბრძოდა. თან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა: ბუნგერტი მარჯვენა მცველია და ცენტრში მხოლოდ იმიტომ თამაშობდა, რომ მაინცელებს ამ შეხვედრისთვის ცენტრალური უკანახაზელები აღარ ჰყავდათ. ნიკომ ამ ამოცანას თავი კოპითაც ძალიან კარგად გაართვა.


Top
ნიურნბერგი ევროპისკენ
„ნიურნბერგის“ მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი ამბობს, მომდევნო ტურში „მაინცთან“ ძალიან მაგარი თამაში გველის, ორივე გუნდი ახალგაზრდა და დამშეულიაო. ეს შეხვედრა მართლაც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან „მაინციცა“ და „ნიურნბერგიც“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ამ უქმეებზე კი, „ნიურნბერგმა“ გადარჩენისთვის მებრძოლ „კაიზერსლაუტერნს“ სტუმრად 2:0 მოუგო და თანაც, ფრანკებმა „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“ ისე ითამაშეს, თითქოს „ნიურნბერგი“ გრანდი იყოს. მომავალ უიქ-ენდზე კი, მეხუთე ადგილისთვის გადამწყვეტი მატჩი გველის - „ნიურნბერგისა“ და „მაინცის“ მონაწილეობით. სეზონის წინ ამას ვინმე იფიქრებდა?


Top
ჰომერ სიმპსონის ღიპი
„სიმპსონების“ ერთ-ერთ სერიაში, ჰომერი ექიმთან მივა და სთხოვს სიმსუქნე გამიზომეო. ექიმი ღიპზე ხელს მიარტყამს და წამზომს ჩართავს, რათა გაზომოს დრო, რამდენ ხანს არ დამშვიდდება მისი მუცელი, ჰომერის ღიპი კი არა და არ ჩერდება. დაახლოებით ასეთივე სანახაობა იყო კვირას დორტმუნდის „ბორუსიას“ სტადიონის სამხრეთ ტრიბუნაზეც - ხელიხელგადახვეული ფანები დიდხანს ხტუნაობდნენ.

მატჩის შემდეგ, კევინ გროსკროიტცმა თქვა, გერმანიაში ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჩვენ გვყავსო, მატს ჰუმელსმა კი დასძინა: „ასეთი რამ იშვიათად მინახავს. ეს განუმეორებელი სანახაობაა! ჩვენ მათ მადლობას „ვერცხლის სინით“ გადავუხდით!“

თუ მომდევნო ტურში „ბორუსია“ მიონხენგლადბახელ სეხნიას დაამარცხებს, ხოლო „ლევერკუზენი“ „ჰოფენჰაიმთან“ ვერ მოიგებს, დორტმუნდელები გერმანიის ჩემპიონობას სამი ტურით ადრე გაინაღდებენ.


Top
დაუჯერებელი ბაიერნი
ფეხბურთი და მონდომება, რომელიც „ბაიერნმა“ ლუის ვან გაალის გაგდების მერე პირველივე მატჩში აჩვენა, იდეალური იყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერმა ამ სეზონში ასე კარგად პირველად ითამაშა. დროებითმა მწვრთნელმა ანდრის იონკერმა თქვა, ბიჭებმა ამ თამაშში გული და სული ჩააქსოვესო.

„ნუთუ ეს მართლა „ბაიერნი“ იყო? - რიტორიკული კითხვა დასვა მატჩის შემდეგ ფრანც ბეკენბაუერმა და იქვე დასძინა, - თუ ასეა, მაშინ გულითადი მოკითხვა ლუის ვან გაალს.“

საინტერესოა, რა დაუშავა ვან გაალმა ასეთი მიუნხენური გრანდის ფეხბურთელებს?


XXX ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-2-3-2)
ტომ შტარკე (ჰოფენჰაიმი, 2) - აცუტო უჩიდა (შალკე, 2), მატს ჰუმელსი (ბორუსია დ, 9), პეტრი პასანენი (ვერდერი, 2) - კრისტიან ტრეში (შტუტგარტი, 1), მათიას ლემანი (ზანკტ პაული, 1) - ანდრე შიურლე (მაინცი, 3), მარიო გიოტცე (ბორუსია დ, 6), კრისტიან აიგლერი (ნიურნბერგი, 2) - მარიო გომესი (ბაიერნი, 5), ედუ (შალკე, 1)

ესეც ასე, „კიკერის“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრათა რაოდენობის მიხედვით, დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი უკვე ერთპიროვნული ლიდერია - ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სიმბოლურში მეცხრეს (!) მოხვდა. გაგიკვირდებათ და ტურის სიმბოლურში „ზანკტ პაულისა“ და „შტუტგარტის“ ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ...


ტურის გმირი
მარიო გომესი (ბაიერნი)
...მარიო გომესი კი მხოლოდ მეორედ გახდა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. ამჯერად იმიტომ, რომ „ლევერკუზენთან“ სუფთა ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ბაიერნის“ ფორმით სუფთა ჰეთ-თრიკი მან პირველად გააკეთა, ზოგადად კი, ბუნდესლიგაში, ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მეშვიდედ მოახერხა.


საუკეთესო ფეხბურთელები
30 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.57
2. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.64
3. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.64
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.65
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.67
6. მანუელ ნოიერი შალკე 2.72
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.72
8. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.79
9. ფილიპ ვოლშაიდი ნიურნბერგი 2.87
10. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.88


გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 28 22 3 25
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 28 20 1 21
3. თომას მიულერი ბაიერნი 30 10 11 21
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 29 6 14 20
5. ფრანკ რიბერი ბაიერნი 22 5 15 20
6. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 25 13 7 20
7. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 28 13 6 19
8. თეოფანის გეკასი აინტრახტი 30 16 3 19
9. მილოვოე ნოვაკოვიჩი კიოლნი 24 14 4 18
10. მლადენ პეტრიჩი ჰამბურგი 21 11 7 18

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული