შაჰინისთვის ყველაფერი დამთავრდა!

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიამ“ კვირას, „ფრაიბურგის“ დამარცხებით (3:0), გერმანიის ჩემპიონობისკენ სავარაუდოდ ბოლო, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და ერთადერთი ამბავი, რამაც დორტმუნდელ ქომაგებს ხასიათი წაუხდინა, გუნდის ლიდერის, ნური შაჰინის ტრავმაა.

22 წლის თურქი ნახევარმცველი პირველივე ტაიმში დაშავდა, გუშინ კი მას დიაგნოზიც დაუსვეს: შაჰინისთვის ეს სეზონი დამთავრებულია. დორტმუნდელები ჩემპიონობას, სავარაუდოდ, მის გარეშეც მარტივად გაიფორმებენ და გულშემატკივრები დიდად არც ინაღვლებდნენ, რომ არა კიდევ ერთი ამბავი: გასულ უქმეებზე, გერმანიაში გავრცელდა დაუდასტურებელი, მაგრამ ძალიან რეალური ცნობები იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ნური „ბორუსიას“ დატოვებს და მადრიდის „რეალის“
ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება ტრავმას: „ბორუსიას“ ექიმების ცნობით, თურქი ნახევარმცველი ლაზარეთში მინიმუმ ექვს კვირას გაატარებს. შესაბამისად, BVB-ს მთავარი ექიბი მარკუს ბრაუნი ამბობს, ამ სეზონში ვერცერთ შეხვედრაში ვეღარ იასპარეზებსო.

ნური შაჰინი იდეალურ ფორმაშია და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიცაა. მის ანგარიშზე ექვსი გოლი, რვა საგოლე პასი და „კიკერის“ საშუალო შეფასება 2.64 ბალია, რითაც შაჰინი ამ დროისათვის, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, ასევე ტრავმირებულ თანაგუნდელ შინჯი კაგავასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.


შაჰინი რეალში? დორტმუნდში მხოლოდ გიუნდოგანს ადასტურებენ!
რაც შეეხება ნურის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივას - როგორც იცით, „ბილდმა“ გამოარკვია, რომ შაჰინს კონტრაქტში (ვადა 2013 წლამდე) უდევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ ზაფხულს „ბორუსიას“ დატოვება 6 მიოლიონ ევროდ შეუძლია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შაჰინის წასვლა გადაწყვეტილია და ეს „დორტმუნდის“ ხელმძღვანელებმაც იციან.

BVB-ს ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კვირას „ბილდს“ ინტერვიუ მისცა, სადაც შაჰინის წასვლა არ დაადასტურა, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ თუ ნურის „რეალის“ დარი გუნდი დაპატიჟებს, დორტმუნდელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, რაც აღიარებითი ჩვენების პირველი ნიშანია.

„ბარსელონას“ ან „რეალის“ სერიოზულად დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ ალბათ შანსი არ გვექნება. გვინდოდა, რომ შაჰინთან ახალი კონტრაქტი ახლავე გაგვეფორმებინა, მაგრამ ეს დღემდე ვერ შევძელით,“ - აცხადებს ვატცკე და როგორც ჩანს, მან შაჰინს არაერთხელ შესთავაზა ახალი ხელშეკრულების გაფორმება და უარი მიიღო.

სამაგიეროდ, ვატცკე სიამოვნებით ადასტურებს იმას, რომ „დორტმუნდს“ „ნიურნბერგიდან“ 20 წლის ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენა უნდა. ეს უკანასკნელი კი სწორედ შაჰინის პოზიციაზე (კრეატიული ცენტრალური ნახევარმცველი) თამაშობს. გიუნდოგანს „ნიურნბერგთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრანკები მის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვენ.

კვირას, „ბორუსიას“ ფანებმა „ვესტფალენშტადიონის“ ტრიბუნაზე საკმაოდ საინტერესო ტრანსფარანტი კი გადმოფინეს (წარწერით: „ნურისთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში“), მაგრამ ლიდერის შენარჩუნების იმედი ფაქტობრივად ტყუილად აქვთ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული