მომავლის ბორუსიას კონტურები

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიას“ გერმანიის ჩემპიონობას უკვე ვეღარავინ წაართმევს. მართალია, პირველობა ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებიათ, მაგრამ „შავ-ყვითლებს“ „ვერცხლის სინამდე“ ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ამასთან, ამთავითვე ნათელია, რომ BVB-ს ქომაგებს ძალიან ცხელი ზაფხული ელით. რაკი „დორტმუნდი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და ერთადროულად სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, ფაქტია, რომ ხელმძღვანელებმა შემადგენლობა უნდა გააძლიერონ. მოდით, ერთად გავაანალიზოთ, რა საკადრო ცვლილებები შეიძლება მოხდეს გერმანიის მომავალ ჩემპიონში და რომელი ფეხბურთელები არიან „ბორუსიაში“ გადასვლის თუ გუნდიდან წასვლის კანდიდატები.

„ფრაიბურგთან“ მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ, „დორტმუნდის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა ნური
შაჰინის ტრავმას (თურქი ნახევარმცველი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს) კატასტროფა უწოდა. ვესტფალიური გრანდისთვის მთავარი ლიდერის დაშავება მართლაც კატასტროფაა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ეს ახლა, სეზონის მიწურულს მოხდა - მაშინ, როცა უკვე ცხადია, რომ შაჰინის არყოფნა „ბორუსიას“ ბევრს ვერაფერს დააკლებს. კლოპი ყველაზე უკეთ უწყის, რომ 22 წლის ნახევარმცველის სერიოზული ტრავმა მისი გუნდისთვის სერიოზული კატასტროფა არ არის, რადგან „ბორუსია“ უახლოეს მდევარ „ლევერკუზენს“ 8 ქულით უსწრებს, ფინიშამდე კი მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი და საკმარისია, მომავალ უქმეებზე BVB-მ „ლევერკუზენზე“ ორით მეტი ქულა აიღოს, რომ იურგენს და მის შეგირდებს გერმანიის ჩემპიონობა განაღდებული ექნებათ.

შაჰინს გიუნდოგანი შეცვლის

არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ შაჰინი „ბორუსიას“ ფორმით არა მარტო ამ სეზონში, არამედ საერთოდ აღარ ითამაშებს. სპეკულაციების თანახმად, თურქი ნახევარმცველი ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა, თანაც, სულ რაღაც 6 მილიონ ევროდ. მართალია, შაჰინი გაცილებით ძვირი, დაახლოებით 20-25 მილიონი ღირს, მაგრამ მის კონტრაქტში ჩადებული ყოფილა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნურის 2011 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან წასვლა 6 მილიონად შეუძლია და როგორც ჩანს, „რეალს“ სწორედ ამ პუნქტის გამოყენება და შაჰინის „სამეფო გუნდის“ დიდებული ანტურაჟით მოხიბვლა სურს.
თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, „ბორუსიას“ სასწრაფოდ დასჭირდება შაჰინის შემცვლელი - მეორე, კრეატიული საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც მომავალ სეზონში სვენ ბენდერის გვერდით უნდა ითამაშოს. კლოპს ჰყავს გამოცდილი სებასტიან კელი, რომელიც გუნდის კაპიტანიცაა და უნდოდა, დარჩენილ ოთხ მატცში ბენდერის გვერდით სწორედ კელი გამოეცადა, მაგრამ ეს უკანასკნელი ხომ ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და აი, ახალი გამოჯანმრთელებული იყო, მაგრამ მაინც დაშავდა და ეს სეზონი კელისთვისაც დამთავრებულია. ზოგადად კი ფაქტია, რომ კლოპი კელის იმედად, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგაში, ნამდვილად ვერ იქნება.

მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის

ორი აზრი არ არსებობს: „ბორუსია“ დღესდღეობით საუკეთესო გერმანული კლუბია, რასაც „შავ-ყვითლები“ მთელი სეზონის განმავლობაში უნაკლოდ ამტკიცებდნენ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ „დორტმუნდის“ შემადგენლობა ევროსარბიელისთვის ნაღდად არაა საკმარისად ძლიერი და მით უმეტეს ვერ გასწვდება ერთდროულად სამ ფრონტზე (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) ბრძოლას. თუ „დორტმუნდის“ შემადგენლობას გადავხედავთ, იოლად შევამჩნევთ, რომ კლოპის განკარგულებაში მხოლოდ 15 საერთაშორისო კლასის ფეხბურთელია, რაც მომავალი სეზონისთვის ძალიან ცოტაა. ფაქტია, რომ დორტმუნდელები ტრავმების ან დისკვალიფიკაციების კომპენსირებას ვერ მოახერხებენ, ამ სეზონში კი, ამ მხრივ მაქსიმალურად უმართლებდათ.
სატრანსფერო პოლიტიკასა და მომავალი სეზონისთვის მზადებაში ფრთხილად ყოფნის თვალსაზრისით, „ბორუსიასთვის“ საუკეთესო მაგალითი ბრემენის „ვერდერი“ უნდა იყოს. „მუსიკოსები“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდნენ და რაკი წინა ზაფხულში ტრანსფერებში ფულის დახარჯვაზე უარი თქვეს (თან მესუთ იოზილიც დაკარგეს), მთელი სეზონი ჩაუვარდათ. „ვერდერი“ დიდხანს იყო გასავარდნი ზონის სიახლოვეს და პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება 100 პროცენტით გარანტირებული არც 30-ე ტურის შემდეგ აქვს.

დორტმუნდელებს ახალი ფეხბურთელები თითქმის ყველა პოზიციაზე სჭირდებათ

თუ შემადგენლობას და ფეხბურთელების შესაძლებლობებს კარგად გავაანალიზებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დორტმუნდელებს რეგრესი არ სურთ, დავასკვნით, რომ BVB-ს მინიმუმ ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება და თანაც, ყველა პოზიციაზე. პირველი ამოცანა კი მაინც ნური შაჰინის შემცვლელის ყიდვაა, რომელსაც დორტმუნდელება უკვე მიაგნეს: ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ბორუსია“ „ნიურნბერგიდან“ უაღრესად პერსპექტიულ ცენტრალურ ნახევარმცველს, ილქაი გიუნდოგანს ექვს მილიონად შეიძენს. ეს უკანასკნელი უფრო შემქმნელია, ვიდრე ჩამშლელი და დიდი შანსია, რომ შაჰინი იდეალურად შეცვალოს.
დაცვაში, „ბორუსიას“ მთავარი საზრუნავი ბრაზილიელი მარცხენა მცველის, 33 წლის დედეს შემცვლელის პოვნაა. გამოცდილი მარცხენაფლანგელი BVB-ს 13-წლიანი ერთგულების შემდეგ ტოვებს. შედეგად, კლოპს გუნდში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი რჩება: 23 წლის მარსელ შმელცერი, რომელიც მართალია, ძალიან კარგად თამაშობს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია და უკვე გერმანიის ნაკრებშიც იწვევენ, მაგრამ საკმარისია დაშავდეს ან დისკვალიფიკაცია მიიღოს, რომ „ბორუსიას“ დაცვის მარცხენა ფრთაზე სერიოზული პრობლემა შეექმნება. კლოპისთვის იდეალური იქნებოდა ისეთი მარცხენა მცველის პოვნა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას არ ითაკილებდა, საჭიროების შემთხვევაში მაღალ დონეზე ითამაშებდა და თანაც, ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულებაც შეეძლებოდა, რადგან დორტმუნდელებს ამ დროისთვის მხოლოდ სამი ისეთი ცენტრალური მცველი ჰყავთ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებს შეეფერებიან: მატს ჰუმელსი, ნევენ სუბოტიჩი და ფელიპე სანტანა. ეს კი ნამდვილად არ არის საკმარისი, რაც ამ სეზონში მიუნხენის „ბაიერნის“ მაგალითზეც დამტკიცდა...

პერისიჩი გზაშია! როისიც...

დორტმუნდელებს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის წინა, შემტევ ხაზში ულხინთ, მაგრამ არც ამ პოზიციაზე არიან 100 პროცენტით კარგად დაკომპლექტებულები. დავიწყოთ იმით, რომ კლოპი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობს. მართალია, მარიო გიოტცე, შინჯი კაგავა და კევინ გროსკროიტცი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ ითამაშებენ და ჩავარდნებიც ექნებათ. მათ გარდა, კლოპს შემტევი ნახევარმცველების სამეულისთვის იაკუბ ბლაშჩიკოვსკი, მოჰამედ ზიდანი და ტამაშ ჰაინალიც ჰყავს, რომელიც იანვრიდან „შტუტგარტშია“ განათხოვრებული, მაგრამ ზაფხულში ისევ „ბორუსიაში“ დაბრუნდება. ბლაშჩიკოვსკი ძალიან საჭირო და საიმედო ფეხბურთელია, რომელიც კლოპს არასდროს არცხვენს ხოლმე, აი, ზიდანი და მით უმეტეს ჰაინალი კი, ჩემპიონთა ლიგის კლასის მოთამაშეები ნაღდად არ არიან. საკადრო გაჭირვების დროს, იურგენი გამთამაშებლის პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკისაც ათამაშებს ხოლმე, მაგრამ ეს უკანასკნელი პირველ რიგში თავდამსხმელია და მომდევნო სეზონში, იურგენს ის ფორვარდის რანგში უფრო სჭირდება.
ამიტომაცაა, რომ დორტმუნდელებმა მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უნიჭიერეს გარემარბს, 21 წლის მარკო როისს დაუმიზნეს. „გლადბახი“ ალბათ გავარდება, როისს კი მეორე ბუნდესლიგისთვის არავინ გაიმეტებს და ფაქტია, რომ დორტმუნდში გადასვლა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში თვითონ ფეხბურთელსაც ძალიან უნდა უნდოდეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდელები მზად არიან, „გლადბახს“ ამ ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაუხადონ და არც „გლადბახია“ უარზე. უბრალოდ, სანამ არ გაირკვევა, რომ მეორე ბუნდესლიგაში ვარდება, ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება. თანაც, როისი დაბადებით დორტმუნდელია და ბავშვობაში სწორედ BVB-ს ღირსებას იცავდა. დორტმუნდელები უკვე შეუთანხმდნენ „ბრიუგეს“ 22 წლის ნახევარმცველ ივან პერისიჩს, რომელსაც შუა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და რომელიც 6 მილიონი ევრო ღირს.

მართლა კლოზე, თუ ვინმე სხვა?

თავდასხმაში კლოპს მხოლოდ ორი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი ჰყავს: ლუკას ბარიოსი და ზემოთ ხსენებული ლევანდოვსკი და მართალია, უმეტესად ერთი თავდამსხმელით თამაშობს ხოლმე, მაგრამ მაინც: მესამეც სჭირდება. იყო საუბრები მიროსლავ კლოზეზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დაკონკრეტებულა. არადა, 32 წლის კლოზე გამოცდილი, თანაც ჯერ კიდევ გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, რომელიც „დორტმუნდს“ ძალიან გამოადგებოდა.
რაც ყველაზე მთავარია, ახალი ფეხბურთელები „ბორუსიას“ არა მარტო ფინანსურად, არამედ მენტალურადაც უნდა მიესადაგებოდნენ და ოპტიმალურად უნდა ჩაჯდნენ იმ კრეატიულ, ფუნქციურ და ერთ მუშტად შეკრულ კოლექტივში, რომელსაც იურგენ კლოპის ფორმაციის BVB ჰქვია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული