სად სტანისლავსკი და სად კორლეონე?!

AutoSharing Option
„ლევერკუზენთან“ წაგებული მატჩის (1:2) შემდეგ, „ჰოფენჰაიმის“ მწვრთნელმა მარკო პეცაიუოლიმ თქვა, სიგურდსონს ბურთი ძელისთვის რომ არ მოერტყა, დორტმუნდის „ბორუსიას“ მშვენიერ საჩუქარს გავუკეთებდითო.

გილფის გოლი რომ გაეტანა, ანგარიში „ჰოფეს“ სასარგებლოდ 2:0 გახდებოდა და კაცმა არ იცის, შეძლებდნენ თუ არა „ფარმაცევტები“ თამაშის თავიანთ სასარგებლოდ შეტრიალებას. თუმცა დორტმუნდელებმა მიონხენგლადბახში მაინც ვერ მოიგეს, ასე რომ, მათი გაჩემპიონება მაინც გადაიდებოდა.

„ზანკტ პაულისა“ და „შალკეს“ მატჩებში ყველაზე საინტერესო ფანების პლაკატები იყო. კიცელთა ქომაგებმა ასაბარგებლად გამზადებული მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი „ნათლიმამად“ შერაცხეს, რითაც დიდი პატივი დასდეს, „შალკეს“ ქომაგებმა კი,
მართალია, მანუელ ნოიერს არ უსტვინეს, მაგრამ კბილი მაინც გაჰკრეს ტრანსფარანტით, რომელზეც ეწერა: „მანუ, Man U-ს გაპატიებთ, მიუნხენს - არა!“

იყო კიდევ ერთი საინტერესო პლაკატი წარწერით: „შენ შეგეძლო, „შალკეს“ ლეგენდა გამხდარიყავი!“ წარწერის ქვეშ ჩამოთვლილი იყო დიდი შალკელების გვარები: კუცორა, ლიბუდა, სანდი... იყო ნოიერის გვარიც, ოღონდ, ხაზგადასმული - ნიშნად იმისა, რომ მანუელს შანსი აღარ აქვს.

თქვენ წინაშეა ბუნდესლიგის 31-ე ტურის გამოხმაურება Tops&Flops-ის სახით.


Flop
ასე კვდებიან მაფიოზები...

შეიტყვეს რა, რომ 13-წლიანი ერთგულების შემდეგ, ჰოლგერ სტანისლავსკი „ზანკტ პაულის“ დატოვებს, გულშემატკივრებმა ღვაწლმოსილ „სტანის“ ბევრი სამადლობელი ტრანსფარანტი გადმოუფინეს, რომელთა შორის, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, იყო, სადაც ჰოლგერი „ნათლიმამას“ როლშია. მისი გუნდი კი უკვე სულს ღაფავს, თუმცა „ზანკტ პაულის“ ქომაგები არ ტირიან - ისინი საყვარელ კლუბს ბოლომდე ვაჟკაცურად ქომაგობენ და მანამდე არ ფიქრობენ გავარდნაზე, სანამ გუნდს გადარჩენის თეორიული შანსიც არ გაუქრება. არადა, „ზანკტ პაული“ მე-18 ადგილზეა, მე-16 ადგილს სამი ქულით ჩამორჩება, მე-15 ადგილს კი 5-ით. სტანისლავსკის შეგირდებს ბოლო ცხრა თამაშში მხოლოდ ერთი ქულა აქვთ მოპოვებული. მოკლედ, „პაული“ მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანება.


Flop
ბაიერნის საშინელი განცდა

თუ ასე გაგრძელდა, „ჰანოვერი“ „ბაიერნის“ კოშმარი გახდება - „წითლებმა“ და „მიუნხენელებმა“ ზედიზედ მეოთხედ გაცვალეს ადგილები. რეკორდმაისტერში ჩემპიონობაზე დიდი ხანია აღარ ფიქრობენ, სანერვიულო კი ისაა, რომ „ბაიერნი“ ისევ გამოვიდა ჩემპიონთა ლიგის ზონიდან და კვლავ ევროპის ლიგაში თამაშის საფრთხე ემუქრება. თანაც, გაისად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხომ მიუნხენში უნდა გაიმართოს.

„დას ისთ შაის-ზითუაციონ!“ - თქვა „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერმა. მიუნხენში ვერ იტანენ ისეთ სიტუაციას, როცა „ბაიერნს“ სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით არაფერი აქვს ხოლმე გარანტირებული - ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და სწორედ ამიტომ.

დარჩენილ სამ ტურში მიუნხენური გრანდი ჯერ „შალკეს“ მასპინძლობს, მერე „ზანკტ პაულის“ სტუმრობს და ბოლოს „შტუტგარტს“ მიიღებს, მაგრამ თუ „ჰანოვერს“ ფეხი არ დაუცდა (მეტოქეები: „გლადბახი“, „შტუტგარტი“, ნიურნბერგი), მიუნხენელებს შეუძლიათ, დარჩენილ შეხვედრებში უბრალოდ გაერთონ.


Flop
დაუმს უსმენენ

„აინტრახტის“ თავკაც კრისტოფ დაუმის მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეგირდები ზედმეტად დიდი ყურადღებით უსმენენ. „ბაიერნთან“ მატჩის წინ, დაუმს მცველ სებასტიან როდესთვის უთქვამს: „აბა, რამდენი გოლი გაქვს გატანილი ამ სეზონში? არცერთი! ჰოდა, აქტივს დღეს გახსნი!“ ყოველ შემთხვევაში, თვითონ კრისტოფმა თქვა, ასე ვუთხარიო და მართლაც, როდემ „ბაიერნს“ გოლი გაუტანა!

თავდამსხმელ თეოფანის გეკასისთვის კი უთქვამს, თუ რეალურ საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებ, არა უშავს, ნუ იდარდებო - ხომ იცით, ბერძენი ხშირად აფუჭებს ხოლმე ასპროცენტიან შანსებს. ჰოდა, გეკასმა 82-ე წუთზე ფანტასტიკური მომენტი ვერ გამოიყენა (სამი მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა) და არც უნერვიულია. არადა, თეოფანისს ის გოლი რომ გაეტანა, „აინტრახტი“ „ბაიერნს“ დაამარცხებდა.


Flop
დორტმუნდი: პირველად ფლოპებში!

თუ არ ვცდებით, დორტმუნდის „ბორუსია“ ამ სეზონში პირველად მოხვდა Fლოპ-ებში. მართალია, მიონხენგლადბახში განცდილი მარცხი (0:1) BVB-სთვის პირველი არ იყო, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა ასე საზიზღრად ნაღდად პირველად ითამაშა და სხვათა შორის, ლიდერს პირველად გაუტანეს გოლი კონტრშეტევით. თუმცა, ვფიქრობთ, BVB-ს ჩემპიონობას საფრთხე მაინც არ ემუქრება - ფინიშამდე სამი ტურით ადრე, „დორტმუნდი“ „ლევერკუზენს“ ხუთი ქულით უსწრებს.


Top
აშკანი დაბრუნდა!

სიმართლე გითხრათ, აშკან დეჟაგა უკვე ბერლინში გვეგონა... ამ სეზონში მას „ვოლფსბურგის“ რიგებში ვერ ვხედავდით, არც სტივ მაკლარენი ენდობოდა და არც მისი დროებითი შემცვლელი. პრინციპში, დეჟაგას ნდობით არც ფელიქს მაგათს მოუკლავს თავი, რის გამოც არაერთხელ ითქვა, რომ აშკანი ზაფხულში „ჰერტაში“ გადავიდოდა. კვირანახევრის წინ, მაგათმა დეჟაგა ძალაუნებურად ათამაშა (ზანკტ პაულისთან, 2:2), რადგან იმ შეხვედრაში სისერო დისკვალიფიცირებული იყო და აშკანმა ისევ ვერ ივარგა. სწორედ ამიტომ, კვირას, „კიოლნთან“ შეხვედრაში, „დესპოტი ფელიქსი“ ძველებურად სისეროს ენდო, მაგრამ ბრაზილიელმა ისე ცუდად დაიწყო, რომ მოედნიდან ძალიან მალე, 34-ე წუთზე გაიყვანა. და ვინ შეუშვა? ისევ დეჟაგა!

„მგლები“ მარიო მანჯუკიჩის დუბლით 2:0-ს იგებდნენ, როცა „თხებმა“ ერთი ბურთის გაქვითეს და „ვოლფსბურგის“ გამარჯვება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ მაშინ ვაჟკაცა დეჟაგამ - მის ანგარიშზე ორი გოლია! აშკანის ბოლო დუბლი 2008 წლის 5 აპრილით თარიღდებოდა და მაშინ, „ვოლფსბურგს“ იმ გოლებით უეფას თასის საგზურის მოპოვებაში წაეხმარა, რის გამოც შეფებმა მისი გაყიდვა გადაიფიქრეს. ახლა კი, „ვოლფსბურგს“ დახმარება გადარჩენისთვის ბრძოლაში აღმოუჩინა და ვინ იცის, იქნებ მაგათმა მისი გასხვისება ისევ გადაიფიქროს.


Top
ლევერკუზენი ჩემპიონთა ლიგისკენ

2005 წლის 9 მარტს „ლევერკუზენმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპულთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 წააგო. „ფარმაცევტებს“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მას მერე აღარ უთამაშიათ. გასულ უქმეებზე, „ბაიერმა“ „ჰოფენჰაიმს“ 2:1 მოუგო მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან მესამეადგილოსან „ჰანოვერს“ შვიდი ქულით უსწრებს. მეორე ადგილი იუპ ჰაინკესის გუნდს პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოახვედრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შემოდგომაზე, „ფარმაცევტები“ „მანჩესტერთან“, „ბარსელონასთან“, „მილანთან“ ან რომელიმე სხვა სუპერგრანდთან ითამაშებენ. ოღონდ ჰაინკესის გარეშე, რომელიც ზაფხულში „ბაიერნს“ ჩაუდგება სათავეში. მაგრამ ფანებს ეს ოდნავადაც არ ანაღვლებთ...


Top
კაკაუ გმირია

გულშემატკივრებს წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად დიდი ტკივილები აწუხებს კაკაუს. წესით, ოპერაცია უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ ბრაზილიელი საოპერაციო მაგიდაზე დაწოლას არ ჩქარობს, რადგან „შტუტგარტს“ ძალიან სჭირდება. შვაბების თავდამსხმელს ბუნდესლიგაში ბოლო გოლი 13 ნოემბერს ჰქონდა გატანილი და ლოგიკურად, მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას ის გასულ უქმეებზეც სათადარიგოთა სკამზე უნდა დაესვა, მაგრამ ათამაშა, სკამზე კი უფრო შედეგიანი ფორვარდები, პაველ პოგრებნიაკი და სვენ შიპლოკი დატოვა. კაკაუმ, რომელიც ამბობს, რომ ტკივილი უშუალოდ თამაშის დროსაც აწუხებს ხოლმე, „ჰამბურგთან“ შეხვედრაში (3:0) დუბლი შეასრულა და „შტუტგარტს“ გადარჩენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.


Top
რაც დუტმა იცოდა

„ჰანოვერთან“ მატჩის წინ, „ფრაიბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა თქვა, ჩვენ საკუთარ მოედანზე ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომ თამამად ვიტყვი, ასეთ სიტუაციაში „ჰანოვერი“ ყველაზე სახიფათო მეტოქეაო. და მატჩი „ფრაიბურგმა“ 1:3 წააგო.

საქმე იმაშია, რომ ბრაისგაუელები საშინაო მატჩებში დომინირებას ცდილობენ და დროს უმეტესად შეტევებში ატარებენ ხოლმე, ჰანოვერელებს კი, ყველაზე მეტად სწორედ ასეთი მეტოქეები უყვართ, რადგან მირკო სლომკას გუნდის სტრატეგია მოწინააღმდეგის შეცდომებზე გამოჭერაზეა აგებული. მაგალითისთვის, „წითლების“ მეორე გოლის მოყვანაც კმარა: იულიან შუსტერმა ბურთს მიმართულება ჰანოვერელი მანუელ შმიდებახისკენ შეუცვალა და ბურთს გაჰყვა, იან შლაუდრაფი კი, რომელსაც მეურვეობდა, „უპატრონოდ“ მიატოვა. შესაბამისად, ამ უკანასკნელს დერეფანი გაეხსნა, რაც შმიდებახმაც შენიშნა და მაშინვე უპასა, შლაუდრაფს კი ისღა დარჩენოდა, რომ გოლი გაეტანა.

თამამად ვიტყვით: ამ სეზონში, მეტოქის შეცდომებით, ყველაზე უკეთ და ყველაზე ხშირად „ჰანოვერი“ სარგებლობს. ფრაიბურგელებმა კი, გასულ ხუთშაბათს სლომკას ბიჭებს საქმე გაუადვილეს, რადგან ნახევარმცველები ანტონ პუცილა, დანიელ კალიჯური და მაქსიმილიან ნიკუ დროის უმეტეს ნაწილს შეტევებში ატარებდნენ.


XXXI ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი, 3-1-3-3)
მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია მ. 1) - არტურო ვიდალი (ლევერკუზენი, 6), სებასტიან როდე (აინტრახტი, 1), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ. 8) - ალტინ ლალა (ჰანოვერი, 1) - იან როზენტალი (ფრაიბურგი, 1), დიეგო (ვოლფსბურგი, 2), აშკან დეჟაგა (ვოლფსბურგი, 1) - კაკაუ (შტუტგარტი, 1), მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი, 2), კლაუდიო პისარო (ვერდერი, 1)

31 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ექვსი დებიუტანტია. ყველაზე ხშირ სტუმართაგან კი, „კიკერმა“ სიმბოლურში ამჯერადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი მოახვედრა. ასევე, საუკეთესოთა შორის უკვე მეექვსედ მოხვდა ლევერკუზენელი არტურო ვიდალი. რაც შეეხება დებიუტანტებს: ალტინ ლალა, იან როზენტალი, კაკაუ - ძალიან ძველი ბუნდესლიგა არ გაგახსენდათ?


ტურის გმირი
მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი)

შაბათის ნომერში, ევროპის Fლოპ ტრანსფერებზე ვწერდით და ყველაზე წარუმატებელ ახალწვეულთა შორის, ვოლფსბურგელი მარიო მანჯუკიჩიც მოვიხსენიეთ. 24 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა რეაქცია არ დააგვიანა და კვირას, „კიოლნთან“ 4:1-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ამრიგად, მისი დამსახურებაცაა, „მგლებმა“ გადარჩენისკენ დიდი ნაბიჯი რომ გადადგეს. შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბურგს“ მასში შვიდი მილიონი ევრო აქვს გადახდილი...


საუკეთესო ფეხბურთელები
31 ტურის შემდეგ, „კიკერის“ შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. შინკი კაგავა ბორუსია (დ) 2.62
2. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.62
3. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 2.63
4. ნური შაჰინი ბორუსია (დ) 2.64
5. სვენ ბენდერი ბორუსია (დ) 2.70
6. მანუელ ნოიერი შალკე 2.73
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.75
8. ტომ შტარკე ჰოფენჰაიმი 2.82
9. ოლივერ ბაუმანი ფრაიბურგი 2.83
10. ფილიპ ვოლშაიდი ნიურნბერგი 2.84


გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. მარიო გომესი ბაიერნი 29 23 3 26
2. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 29 20 1 21
3. თომას მიულერი ბაიერნი 31 10 11 21
4. თეოფანის გეკასი აინტრახტი 31 16 4 20
5. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 30 6 14 20
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 23 5 15 20
7. არტურო ვიდალი ლევერკუზენი 30 10 10 20
8. დიდიე ია კონანი ჰანოვერი 25 13 7 20
9. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 29 13 6 19
10. მილოვოე ნოვაკოვიჩი კიოლნი 25 14 4 18
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Manu
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული