თუ რამეა, ფხიზლად ვართ!

AutoSharing Option
2002 წელს, ბუნდესლიგის 31-ე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს სათავეში „ლევერკუზენი“ ედგა, რომელიც მდევარ დორტმუნდის „ბორუსიას“ 5 ქულით უსწრებდა. დარჩენილ სამ ტურში პატარა სასწაული მოხდა: „ბორუსიამ“ „ლევერკუზენს“ გადაასწრო და გერმანიის ჩემპიონი გახდა.

„ვერცხლის სინისთვის“ დღესაც „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ იბრძვიან, პირველ და მეორეადგილოსანს შორის განსხვავება 31 ტურის შემდეგ ისევ ხუთი ქულაა, ოღონდ, ამჯერად როლები გაცვლილია: „დორტმუნდი“ პირველზეა, „ლევერკუზენი“ მეორეზე.

„ბაიერის“ სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს მარტო ამ ამბის გახსენება და იმის წარმოდგენა უყენებს თმებს ყალყზე, რომ „ლევერკუზენს“ შეუძლია, „დორტმუნდს“ იგივე გაუკეთოს, რაც „დორტმუნდმა“
2002-ში „ლევერკუზენს“ გაუკეთა. და თუ შექმნილ ვითარებას ჩავუღრმავდებით, კიდევ არაერთ საინტერესო დამთხვევას აღმოვაჩენთ.

მაგალითად, „ლევერკუზენის“ დარჩენილი სამი მეტოქიდან ორი ზუსტად ისაა, ვინც 2002-ში „დორტმუნდის“ ბოლო სამ მეტოქეთა შორის იყო: „კიოლნი“ და „ჰამბურგი“. და პირიქით: „დორტმუნდი“ დარჩენილ სამ ტურში „ნიურბერგსა“ და „ვერდერს“ უნდა შეხვდეს - სწორედ იმ გუნდებს, რომლებიც 2002 წელს „ლევერკუზენს“ ბოლო სამ ტურში დაუპირისპირდნენ.

„დაუჯერებელია! ამდენი დამთხვევა მართლაც წარმოუდგენელია, - აცხადებს ფიოლერი და იქვე დასძენს, - კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ფეხბურთში ყოველგვარი წინასწარი კალკულაციები უადგილოა. დორტმუნდელები თავს უკვე ჩემპიონებად მიიჩნევენ, მიონხენგლადბახელები კი, შაბათამდე ფიქრობდნენ, რომ უკვე მეორე ბუნდესლიგაში არიან, ფაქტი კი ისაა, რომ „დორტმუნდი“ ისევეა ჩემპიონი, როგორც „გლადბახია“ გავარდნილი!“

...და რას ნიშნავს ეს ყველაფერი „ლევერკუზენისთვის“? ფიოლერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და „ბაიერის“ ფეხბურთელებს მაგრად აგულიანებს. „დარჩენილ სამ ტურში ჩვენ მხოლოდ საკუთარ მატჩებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, სამივე თამაში უნდა მოვიგოთ და თუ „დორტმუნდი“ წაიფორხილებს, მზად უნდა ვიყოთ! - აცხადებს „რუხი მგელი“, მაგრამ „ლევერკუზენის“ ფეხბურთელებს აფრთხილებს კიდეც, - მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, რადგან თავისუფლად შეიძლება, მაგალითად, „კიოლნთან“ შეხვედრაში, ჩვენც დაგვემართოს ის, რაც „დორტმუნდს“ მიონხენგლადბახში დაემართა. თუკი ვამბობ, რომ „ბორუსია“ ჯერ კიდევ არ არის გერმანიის ჩემპიონი, იმასაც ვგულისხმობ, რომ „ლევერკუზენს“ ჯერ კიდევ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის საგზური.“

იმისათვის, რომ „ფარმაცევტებმა“ ჩემპიონთა ლიგაში თამაში გაინაღონ, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, „ჰოფენჰაიმთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ, დარჩენილ სამ თამაშში მხოლოდ ორი ქულის მოპოვება სჭირდებათ. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ფიოლერი ფეხბურთელებს მოუწოდებს, ჩვენი მიზანი მხოლოდ ცხრა ქულის დაგროვება უნდა იყოს, რადგან არასდროს არ იცი, ბედი რა სიურპრიზს გიმზადებსო. „რუხი მგელი“ სიურპრიზში, რა თქმა უნდა, „დორტმუნდის“ წაფორხილებას გულისხმობს.

თუკი სასწაული არ მოხდება, ფიოლერს მეორე ადგილიც მაგრად გაახარებს: „2000 და 2002 წლებში მეორე ადგილის დაკავება უდიდესი იმედგაცრუება იყო, შარშან კი მეოთხე ადგილის დაკავებიტ გაგვიცრუვდა იმედები, რადგან მესამე პოზიციაზე ვოცნებობდით. შესაბამისად, ამ სეზონში მეორე ადგილის დაკავება და ვიცე-ჩემპიონობა ძალიან კარგი მიღწევა იქნება.“

თანაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გარანტია „ლევერკუზენს“ უეფასგან მინიმუმ 20-მილიონიან შემოსავალს გაუნაღდებს, რაც ფიოლერს და მის თანამოაზრეებს იმის საშუალებას მისცემს, რომ ზაფხულში გუნდი გააძლიერონ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში გერმანიიდან უკვე ოთხი გუნდი გავა და საკმარისია, „ლევერკუზენმა“ გაისადაც მოიპოვოს ლიგის საგზური, რომ გუნდის შემოსავლები უკვე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს კი იმის წინაპირობა იქნება, რომ „ლევერკუზენი“ ისევ ისეთი გუნდი გახდეს, როგორიც 1997-დან 2004 წლამდე იყო, როცა „ფარმაცევტები“ რეგულარულად ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული