დორტმუნდის "ბორუსია" ზღაპარში!

AutoSharing Option
„ნიურნბერგთან“ მატჩი ოთხი წუთის დამთავრებული იყო, კიოლნიდან ცნობა მოვიდა, რომ „ლევერკუზენი“ დამარცხდა, „ვესტფალენშტადიონზე“ კი მაგიური სიტყვები Deutsche Meister აკიაფდა, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონი გახდა.

ორწუთიანი შეშლილი ზეიმის შემდეგ, პირველი, რაც ჩემპიონებმა გააკეთეს, იყო ის, რომ მწვრთნელი იურგენ კლოპი აიტაცეს და გამაყრუებელი ოვაციების ფონზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ზეცისკენ ისროდნენ. ლოგიკურია და სიმბოლურიც, რადგან „დორტმუნდის“ თითოეული ფეხბურთელი მიხვდა: მათი სასწაული, საოცნებო ჩემპიონობა, პირველ რიგში, სწორედ გენიალური მწვრთნელის, კლოპის დამსახურებაა.

მაშ ასე: „ბორუსიამ“ ჩემპიონობა სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით
ადრე გაინაღდა, კლოპი კი ამ სეზონის უმთავრესი გმირია. იურგენმა ძალიან ახალგაზრდული და წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული BVB ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად აზიარა ჩემპიონობას.

კლოპის დაფასების შემდეგ, „ვესტფალენშტადიონზე“ ყველაზე მთავარის, გერმანიის ჩემპიონობისთვის ტრადიციული ლუდის შხაპის დრო დადგა. ფეხბურთელები ერთმანეთს უდიდესი კათხებით დასდევდნენ, გულშემატკივრებმა კი მოედანზე „ვერცხლის სინის“ ასლები გადმოყარეს (ორიგინალს „ბორუსია“ მხოლოდ 34-ე ტურის შემდეგ მიიღებს), ბრაზილიელი მცველი ფელიპე სანტანა კი უცებ კატაკომბებში გაუჩინარდა - მას ზეიმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა შესასრულებელი. სანტანამ საპარსი გამოიტანა და ლუდში ნაბანავებ, თავიდან ფეხებამდე სველ კევინ გროსკროიტცს თავისთან უხმო. კევინს ჯერ კიდევ ოქტომბერში ჰქონდა ნათქვამი, თმას მანამდე არ შევიჭრი, სანამ ჩემპიონობას არ გავინაღდებთო და სანტანამ გროსკროიტცი ჩემპიონურად გაპარსა!

„დაუჯერებელია ყველაფერი, რაც ჩემმა ბიჭებმა ამ სეზონში გააკეთეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ მონდომებას და შრომას, რაც ამ ყველაფერში ჩავაქსოვეთ. ერთადერთი და განუმეორებელი ფეხბურთელები მყავს - ნეტა იცოდეთ, როგორ მუშაობენ, როგორ მისმენენ, როგორ მიჯერებენ... სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ უფრო ეიფორიულად ვიზეიმებდი, მაგრამ ასე არ არის და იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ეს ასი პროცენტით დავიმსახურეთ! იმიტომ, რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა, სხვანაირად ყოფილიყო. ისე ვიშრომეთ, ისე ვიწვალეთ, რომ ჩვენი ჩემპიონობა გარდაუვალი იყო. ამიტომაც ვარ შედარებით მოკრძალებული“, - უბედნიერესი იყო „ბორუსიას“ ჩემპიონობის უმთავრესი შემოქმედი კლოპი.

ეს ჩემპიონობა პირადად კლოპისთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ეს არის მისი პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში. და მერე როგორი - დორტმუნდელებმა ხომ მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს! თანაც, „ბორუსია“ დაუჯერებლად ახალგაზრდული გუნდია - გაგახსენებთ, რომ „ბაიერნთან“ მატჩში, რომელიც BVB-მ 3:1 მოიგო, შემადგენლობის საშუალო ასაკი სულ რაღაც 22.75 წელი გახლდათ. ესეც რომ არ იყოს, დორტმუნდელებმა მთელი სეზონის განმავლობაში შემტევი, ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშეს და ფაქტობრივად მთელი გერმანია მათ ქომაგობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია, ბუნდესლიგა ასეთი დამსახურებით არავის მოუგია.

25-ე ტურის შემდეგ, „დორტმუნდი“ „ლევერკუზენს“ 12 ქულით უსწრებდა და ეს უპირატესობა 31-ე ტურის ჩათვლით ხუთ ქულამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, „ბორუსიაში“ არავინ ანერვიულებულა და არც კონცენტრაცია დაუკარგავს ვინმეს. ამას კონკურენტებიც აფასებენ. მაგალითად, „ლევერკუზენის“ მეკარე რენე ადლერმა თქვა, „ბორუსია“ ღირსეული ჩემპიონია, ამ გუნდის წინაშე ყველამ ქედი უნდა მოვიხაროთო.

გზა, რომელიც „ბორუსიამ“ ჩემპიონობისკენ გაიარა, ნამდვილი საფეხბურთო ზღაპარია. BVB გერმანიის ჩემპიონი ბოლოს 2002 წელს იყო და მაშინ გუნდს ძალიან ძვირადღირებული ფეხბურთელები ჰყავდა: ტომაშ როსიცკი, მარსიო ამოროზო, იან კოლერი და სხვები. 2004-2005 წლებში კი გუნდი კინაღამ გაკოტრდა. „ბორუსია“ კატასტროფას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ოპტიმისტმა აქციონერებმა თავიანთ წილზე უარი თქვეს და ფული კლუბში ჩააბრუნეს. მაშინ „ბორუსიას“ ვალი 122 მილიონ ევროს შეადგენდა, დღეს კი მხოლოდ 56 მილიონია.

„დღეს ჩემი საფეხბურთო ცხოვრების ყველაზე ემოციური დღეა. ვინც იცის, თუ როგორ ვძრწოდით 2005 წელს, აუცილებლად ხვდება, როგორი დაუჯერებელია ჩვენი ჩემპიონობა იმ კრიზისიდან სულ რაღაც 6 წლის შემდეგ და რაოდენ ბედნიერები ვართ დრეს“, - ეს კლუბის პრეზიდენტ რაინჰარდ რაუბალის სიტყვებია.

„ეს ჩემპიონობა კლუბის ისტორიაში ყველაზე გასაოცარი, ზღაპრული მიღწევაა. „დორტმუნდს“ არაერთი უდიდესი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც 1997 წელს, მაგრამ ეს ყველაზე დაუჯერებელი, ზღაპრული ტიტულია“, - ესეც მენეჯერ მიხაელ ცორკის განცხადება.

რაც ყველაზე, სულ ყველაზე და ყველაფერზე მთავარია, გერმანიის 2011 წლის ჩემპიონს უდიდესი მომავალი აქვს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, 23 წლის თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი გახლავთ. ესპანური პრესის ინფორმაციით, დორტმუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ნური მიდის, სხვები კი რჩებიან და დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგაშიც ბრუნდება - თანაც, გერმანიის ჩემპიონის რანგში!


ჰანოვერი მაინც აიჭრა, გლადბახი ცოცხალია!
BVB-ს ჩემპიონობის გარდა, 32-ე ტურის სხვა მოვლენებიდან, პირველ რიგში აღსანიშნავია „ჰანოვერის“ მარცხი „გლადბახთან“, თანაც საკუთარ მოედანზე. მიუნხენის „ბაიერნმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, „შალკეს“ იოლად მოუგო და ისევ მესამე ადგილზე აღზევდა, რასაც ბავარიელები სწორედ „გლადბახს“ უნდა უმადლოდენ, რომელიც თავის მხრივ გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის. აი, „ზანკტ პაულის“ კი სავარაუდოდ ვეღარაფერი უშველის. „მაინცმა“ კი თითქმის გაინაღდა ევროპის ლიგაში თამაში...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული