მიუნხენში პეტერსენი მოუნდათ

AutoSharing Option
ზამთარში მისი შეძენა „შალკეს“ უნდოდა, ზაფხულში „ჰოფენჰაიმს“, მაგრამ ორივე გუნდი ხახამშრალი დარჩა, ახლა კი 22 წლის თავდამსხმელ ნილს პეტერსენს თვალი მიუნხენის „ბაიერნმაც“ დაადგა. „კოტბუსის“ ფორვარდმა გერმანიის სუპერგრანდი პირველ რიგში იმით დააინტერესა, რომ მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია: 1.88 მეტრი სიმაღლის თავდამსხმელს ამ სეზონში 24 გოლი აქვს გატანილი.

„კიკერის“ ცნობით, „ბაიერნის“ სკაუტები პეტერსენს დიდი ხანია აკვირდებიან, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იციან და რაც ყველაზე მთავარია, „კოტბუსის“ გოლეადორი ძალიან მოსწონთ. მიუხედავად ასეთი სიმაღლისა, ნილს პეტერსენი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია, ძალიან კარგად
თამაშობს თავით, აქვს შესაშური საგოლე ალღო და ორივე ფეხით ერთნაირად კარგად ურტყამს. შესაბამისად, ძალიან რეალურია, რომ პეტერსენი მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერში ვიხილოთ.

მართალია, მან „კოტბუსთან“ კონტრაქტი ახლახან გააგრძელა და ახალ ხელშეკრლებას ვადა 2014 წლამდე აქვს, მაგრამ თუ „ბაიერნი“ სერიოზულად დაინტერესდა, წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება - მით უმეტეს, „კოტბუსი“. „კიკერის“ ინფორმაციით, ნილსმა ახალ კონტრაქტში ჩადო სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „კოტბუსის“ დატოვება 2.8 მილიონ ევროდ შეუძლია. „ბაიერნისთვის“ ამ თანხის გადახდა პრობლემას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს.

ზოგადად, მიუნხენელების უპირველესი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა და „კიკერი“ იმასაც წერს, რომ „ბაიერნის“ შეფებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები „მანჩესტერ სიტისთან“ - რეკორდმაისტერს გერმანიის ნაკრების 22 წლის უკანახაზელის, ჟერომ ბოატენგის გადაბირება უნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული