ფრანკფურტში ფეხბურთი კვდება!

AutoSharing Option
ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეული იყო და ბოლოსწინა ტურმა კიდევ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, თუმცა ბოლო ტურისთვის ინტრიგა მაინც დაგვრჩა. დორტმუნდის „ბორუსიას“ ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა და როგორც ჩანს, იურგენ კლოპის ბიჭებმა მთელი კვირის განმავლობაში ზედმეტად ბევრი იზეიმეს, ფეხბურთი კი მათთვის აშკარად მეორეხარისხოვანი გახდა, რითაც „ვერდერმა“ ისარგებლა და ჩემპიონები 2:0 დაამარცხა. ამით ბრემენულმა კლუბმა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა ელიტაში დარჩენის საკითხი. სიტყვამ მოიტანა და აქვე უნდა ვთქვათ სხვა გადარჩენილების შესახებაც: მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხზე აღარც „კაიზერსლაუტერნს“ (2:1 ვოლფსბურგში), „შტუტგარტს“ (2:1 ჰანოვერთან) და „კიოლნს“
(2:0 ფრანკფურტში) ემუქრებათ. სამაგიეროდ, 33-ე ტურის შემდეგ უკვე ოფიციალურად მეორებუნდესლიგელია „ზანკტ პაული“ - ჰამბურგელებმა დაქვეითება ძალიან სამარცხვინო წაგებით (1:8 ბაიერნთან) გაიფორმეს. შესაბამისად, ბოლო ტურში გადარჩენისთვის მხოლოდ სამი გუნდიღა იბრძოლებს - „ვოლფსბურგი“, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და „აინტრახტი“.

რაც შეეხება ცხრილის ზედა ნაწილს: „დორტმუნდის“ ჩემპიონობასთან ერთად, უკვე ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაში BVB-ს გარდა „ლევერკუზენი“ და „ბაიერნი“ ითამაშებენ („ჰანოვერი“ კიდევ დამარცხდა და მიუნხენურ გრანდს უკვე ვეღარ დაეწევა). სამაგიეროდ, შენარჩუნდა ინტრიგა ვიცე-ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. „ბაიერნმა“ იმდენი ქნა, რომ ბოლო ტურში მეორე ადგილზე გადასვლაც კი შეუძლია, რადგან „ლევერკუზენს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება და თუ „ფარმაცევტები“ ფრაიბურგში დამარცხდებიან, ხოლო რეკორდმაისტერი „შტუტგარტს“ მოუგებს, მიუნხენურ გრანდს ბურთების შეფარდება იმდენად უკეთესი აქვს, რომ ვიცე-ჩემპიონი გახდება და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს. ამ ტურმა საბოლოოდ გაარკვია მეოთხე და მეხუთეადგილოსნების ვინაობაც: ევროპის ლიგაში „ჰანოვერი“ და „მაინცი“ ითამაშებენ, ოღონდ ადგილები საბოლოოდ განაწილებული არ აქვთ - „მაინცს“ შეუძლია „ჰანოვერის“ გასწრება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საგზურს გერმანიიდან ან „შალკე“ მოიპოვებს, ანაც მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი „დუისბურგი“ - გეხსომებათ, ეს გუნდები ერთმანეთს თასის ფინალში ხვდებიან.

ორი აზრი არ არსებობს, ტურის ყველაზე საინტერესო მოვლენა „ბაიერნის“ 8:1 გახლდათ. მართალია, „ზანკტ პაული“ აბსოლუტურად ამართლებს ბოლოადგილოსნის სახელს, მაგრამ ეს მაინც ნამეტანი იყო და ხომ იცით, როგორი გუნდია „ბაიერნი“ - თუ თამაში წაუვიდა და გოლებიც გააქვს, მეტოქეს ბოლო წუთამდე არ დაინდობს და რაც შეიძლება მეტ გოლს გაუტანს. მიუნხენელები მეორე ტაიმში ძალიან ხშირად ყვიროდნენ, კიდევ ერთი გვინდა, კიდევ ერთიო და საბოლოოდ, მეორე ბუნდესლიგაში ჩასროლილი „პაული“ რვა გოლით ჩაქოლეს. კაპიტანმა ფილიპ ლამმა კი მატჩის შემდეგ „ლევერკუზენისკენ“ გაიშვირა ხელი - ამით არ ვკმაყოფილდებით, მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონობა გვინდა, რადგან ნამდვილად არ გვაქვს იმის სურვილი, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშოთო.

გახარებული იყო მარიო გომესიც, რომელმაც ამ რვიდან სამი გოლი გაიტანა და აქტივი 27 გოლამდე გაზარდა, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მარიოს საუკეთესო ბომბარდირის წოდება უკვე გარანტირებული აქვს. გომესი ფრაიბურგელ პაპის დემბა სისეს 5 გოლით უსწრებს და ალბათ უთქმელადაც ხვდებით, რომ სისე მას ვეღარ დაეწევა. რაც შეეხება უბედურ „ზანკტ პაულის“ - კიცელები არა მარტო მეხუთედ გავარდნენ ელიტიდან, არამედ არსებობის ისტორიაში საშონაო მატჩი ყველაზე დიდი ანგარიშით წააგეს. მიუხედავად ასეთი კატასტროფული მარცხისა და ელიტიდან გავარდნისა, „პაულის“ ფანებმა უდიდესი ოვაციებით გააცილეს მწვრთნელი ჰოლგერ სტანისლავსკი, რომელიც გუნდს 18-წლიანი ერთგულების შემდეგ დატოვებს და მომავალი სეზონიდან „ჰოფენჰაიმს“ ჩაუდგება სათავეში...

ფრანკფურტში, როგორც მოსალოდნელი იყო, „კიოლნთან“ წაგების (0:2) შემდეგ, რითაც კრისტოფ დაუმის გუნდი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა და საუკეთესო შანსი აქვს, „ზანკტ პაულის“ „საიქიოში“ მიჰყვეს, ძალადობამ და ქაოსმა იმძლავრა. „აინტრახტის“ განრისხებულმა გულშემატკივრებმა მატჩის შემდეგ სტადიონი ბრძოლის ველად გადააქციეს: 200-მდე ხულიგანმა ტრიბუნებიდან მოედნისკენ ისკუპა და კიდევ კარგი, რომ დაცვის სამსახური დროულად ამოქმედდა, თორემ ნამდვილი ბრძოლის ველი მერე გენახათ. ასე კი, მოედნის ცენტრამდე მხოლოდ 50-მდე ხულიგანმა მიაღწია, ნაწილი ფეხბურთელებს გაეკიდა და გასახდელში შესვლასაც კი ცდილობდნენ. 300-მდე პოლიციელმა ივაჟკაცა და ხულიგნებმა კატაკომბებში ვერ შეაღწიეს. საერთო ჯამში, პოლიციამ 40-ზე მეტი ხულიგანი დააკავა. „აინტრახტის“ ფეხბურთელები კი ტიროდნენ - იოანის ამანატიდისმა, ჰალილ ალთინთოფმა და კაპიტანმა პატრიკ ოხსმა თავიდან ფანებთან დალაპარაკება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, სებასტიან იუნგი კი მოსთქვამდა, ალბათ ვეღარ გადავრჩებითო. არადა, ფრანკფურტელებს ჯერ კიდევ აქვთ გადარჩენის თეორიული შანსი - ოღონდ ამისთვის, ბოლო ტურში დორტმუნდში მოგება იქნება საჭირო და პარალელურად, „გლადბახმა“ და „ვოლფსბურგმა“ უნდა წაიფორხილონ.

...მაგრამ „გლადბახი“ ამ ბოლო დროს ისე თამაშობს, რომ თამამად ვიტყვით, ამ გუნდის გავარდნა დიდი საცოდაობა იქნება. მიონხენგლადბახელები თითქმის მთელი სეზონის მანძილზე აუტსაიდერები იყვნენ და მათი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებაც თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ისე მოუმატეს (ზედიზედ სამი გამარჯვება), ლუსიენ ფავრის გუნდი მეორე ბუნდესლიგისთვის აღარავის ემეტება. „ბორუსიამ“ „ფრაიბურგი“ 2:0 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ მე-16 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბოლო ტურშიც მოიგებს, მინიმუმ ფლეი ოფში (მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან) ითამაშებს. ასე რომ, „გლადბახმა“ სენსაციური გადარჩენისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

მესამე გუნდი, რომელსაც ასევე ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეთების საფრთხე, ფელიქს მაგათის „ვოლფსბურგია“. არადა, „მგლებს“ ამ ტურშივე შეეძლოთ გადარჩენის განაღდება, მაგრამ საკუთარ „ფოლკსვაგენ-არენაზე“ „კაიზერსლაუტერნთან“ დამარცხდნენ (1:2) და ახლა ნერვიულობა ბოლო ტურშიც მოუწევთ. თავიდან ვოლფსბურგელები იგებდნენ (მარიო მანჯუკიჩის გოლით) და „ლაუტერნიდან“ ანგარიში მაინცდამაინც სრდიან ლაკიჩმა გაათანაბრა - ფეხბურთელმა, რომელიც ზაფხულში სწორედ „ვოლფსბურგში“ გადავა. ლაკიჩს დიდად არ უზეიმია - არც იყო საჭირო და თანაც, „ვოლფსბურგი“ რომ გავარდეს, სრდიანს გაისად მეორე ბუნდესლიგაში მოუწევს თამაში. შეგახსენებთ, რომ ფელიქს მაგათი მეორე ბუნდესლიგაში არასდროს გავარდნილა. მართალია, „მგლებს“ გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე „გლადბახს“ და მით უმეტეს „აინტრახტს“, მაგრამ ფელიქსი მაინც ნერვიულობს და შეგირდებს აკრიტიკებს - ფეხბურთელები გუნდზე საერთოდ არ ფიქრობენ, ძალიან ეგოისტები არიანო. იოლი წარმოსადგენია, რა ამბებს დაატრიალებს მაგათი ზაფხულში - ფაქტია, ძალიან ბევრ ფეხბურთელს მოიშორებს თავიდან. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ერთ-ერთი უპირველესი, ვინც „ვოლფსბურგიდან“ წავა, დიეგო იქნება.


მომდევნო ტური

14 მაისი. ბაიერნი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი, ჰანოვერი-ნიურნბერგი, ბორუსია (დ)-აინტრახტი, ჰამბურგი-ბორუსია (მ), მაინცი-ზანკტ პაული, კიოლნი-შალკე, ფრაიბურგი-ლევერკუზენი, კაიზერსლაუტერნი-ვერდერი.


შალკე-მაინცი 1:3
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა (84. დრაქსლერი), ჰიოვედესი, მეტცელდერი (46. ჰუნტელაარი), ესკუდერო - პაპადოპულოსი, მატიპი - ფარფანი, ხურადო - რაული, ედუ (68. ხარისტეასი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი - ივანშიტცი (60. ალაგუი), სოტო - ჰოლტბი - ფ. ჰელერი (59. რისსე), შიურლე (74. კალიჯური).
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (47), 1:1 შიურლე (52), 1:2 ჰოლტბი (82), 1:3 ნოვესკი (85)
გაფრთხილება: ფარფანი, პაპადოპულოსი - პოლანსკი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 15(4)-9(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 60 309

ვერდერი-ბორუსია (დ) 2:0
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პასანენი, სილვესტრი - ფრინგსი - ვესლი (87. სტევანოვიჩი), ბარგფრედე - მარინი (77. ტრინკსი) - ვაგნერი (59. დ. შმიდტი), პისარო.
ბორუსია დ. (4-3-2-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გროსკროიტცი (56. ბლაშჩიკოვსკი), ს. ბენდერი, და სილვა - ლევანდოვსკი (76. შტიპერმანი), მ. გიოტცე (76. ზიდანი) - ბარიოსი.
გოლები: 1:0 სილვესტრი (6), 2:0 პისარო (64)
გაფრთხილება: ვაგნერი, ბარგფრედე
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(4)-12(2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 40 600

ლევერკუზენი-ჰამბურგი 1:1
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია (33. დერდიოკი), კადლეცი - ვიდალი, როლფესი (57. ბალაკი) - ბარნეტა (57. სემი), რენატო, კასტრო - კისლინგი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ფ. როსტი - დიკმაიერი (78. ბენჯამინი), კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - ტეშე, იაროლიმი (71. ბენ-ჰატირა) - რინკონი, სონი (60. პიტროიპა), ელია - გერერო.
გოლები: 0:1 ვესტერმანი (2), 1:1 კისლინგი (54)
გაფრთხილება: ვიდალი - იაროლიმი, გერერო, ვესტერმანი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13(3)-11(5); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 30 210

შტუტგარტი-ჰანოვერი 2:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - ტრეში, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (74. გენტნერი), ოკაზაკი (90. დელპიერი) - კაკაუ (86. პოგრებნიაკი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო (84. შტოპელკამპი), ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი (65. ლალა), პინტუ - შტინდლი, რაუში - ია კონანი, აბდელაუ (29. შლაუდრაფი).
გოლები: 1:0 ჰაინალი (58), 2:0 ოკაზაკი (61), 2:1 შტინდლი (66)
გაფრთხილება: ბულარუზი, ჰარნიკი - შტინდლი
კუთხური: 2-0; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13(4)-11(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 39 000

ვოლფსბურგი-კაიზერსლაუტერნი 1:2
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - რიტერი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჟოსუე - დეჟაგა (50. კოო), ჰასებე (65. სისერო) - დიეგო - მანჯუკიჩი, ჰელმესი (81. მადლუნგი).
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - კირხი, ამედიკი, როდნი, იესენი - ტიფერტი, პეცოსი - ვალხი (79. დე ვიტი), მორავეკი (46. ნემეცი), ჰლუშეკი (56. ამრი) - ლაკიჩი.
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (6), 1:1 ლაკიჩი (25), 1:2 ამედიკი (44)
გაფრთხილება: დე ვიტი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 21(3)-3(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 000

აინტრახტი-კიოლნი 0:2
აინტრახტი (4-2-2-2): ფერმანი - ს. იუნგი, რუსი, დუდა, კიოლერი - ოხსი, შვეგლერი - მ. ჰელერი, კაიო (90. ჰალილ ალთინთოფი) - გეკასი, ფენინი (75. ამანატიდისი).
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ბრეჩკო (71. ანდრეზინიო), ჟერომელი, მოჰამადი, აიხნერი - პეტიტი (78. მაკენა), პეცონი - ჩიჰი, ჟაჟალო - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი (86. სანუ).
გოლები: 0:1 ჩიჰი (24), 0:2 პოდოლსკი (93-პენ)
გაფრთხილება: ოხსი, ფენინი, კაიო - ჩიჰი, ნოვაკოვიჩი, პეტიტი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 11(0)-10(7); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 51 500

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 2:0
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე (85. ბრუვერსი), დემსი - ნორდვეიტი, ნოიშტედტერი - როისი (91. მატმური), არანგო - ჰანკე (88. მარქსი), იდრისუ.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბუტშერი - შუსტერი - პუცილა (81. რაიზინგერი), როზენტალი (85. იეგერი), მაკიადი, ნიკუ (68. ვილიამსი) - სისე.
გოლები: 1:0 ჰანკე (80), 2:0 როისი (82)
გაფრთხილება: დემსი, იდრისუ - მუიჯა
გაძევება: ტოპრაკი (66. ფრაიბურგი)
კუთხური: 3-9; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(5)-6(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 49 072

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 1:2
ნიურნბერგი (4-1-2-1-2): რ. შეფერი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - გიუნდოგანი (77. მაკი), კოენი (63. მინტალი) - ექიჩი (63. ჰეგელერი) - შიბერი, აიგლერი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, ალაბა - რობერტო ფირმინიო, სიგურდსონი, ბაბელი (82. იბიშევიჩი) - მლაპა (88. სალიჰოვიჩი).
გოლები: 1:0 ვოლშაიდი (16), 1:1 რობერტო ფირმინიო (40), 1:2 სიგურდსონი (86)
გაფრთხილება: კომპერი, ალაბა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11(5)-15(4); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 48 548

ზანკტ პაული-ბაიერნი 1:8
ზანკტ პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი (46. ბრუნსი), მორენა, ეგერი, ლეხნერი - მ. ლემანი (68. კალა), დაუბე - მ. კრუსე, ტაკი (46. ებერსი), ბარტელსი - ასამოა.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ლუის გუსტავო (43. ბადშტუბერი), კონტენტო - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი (69. კროოსი) - რობენი, თ. მიულერი (69. კლოზე), რიბერი - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (10), 0:2 ვან ბუიტენი (32), 0:3 გომესი (52), 0:4 რობენი (54), 0:5 რიბერი (74), 1:5 ეგერი (78), 1:6 რობენი (84), 1:7 გომესი (86), 1:8 რიბერი (88)
გაფრთხილება: ბარტელსი, ლეხნერი, ბრუნსი - თ. მიულერი, რიბერი
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12(5)-17(10); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 24 487

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 33 22 6 5 64:21 72
2. ლევერკუზენი 33 19 8 6 63:44 65
3. ბაიერნი 33 18 8 7 79:39 62
4. ჰანოვერი 33 18 3 12 46:44 57
5. მაინცი 33 17 4 12 50:38 55
6. ნიურნბერგი 33 13 8 12 46:42 47
7. ჰამბურგი 33 12 8 13 45:51 44
8. ფრაიბურგი 33 13 5 15 41:49 44
9. ჰოფენჰაიმი 33 11 10 12 49:47 43
10. კაიზერსლაუტერნი 33 12 7 14 45:49 43
11. შტუტგარტი 33 12 6 15 59:57 42
12. ვერდერი 33 10 11 12 45:58 41
13. კიოლნი 33 12 5 16 45:61 41
14. შალკე 33 11 7 15 37:42 40
15. ვოლფსბურგი 33 8 11 14 40:47 35
16. ბორუსია (მ) 33 10 5 18 47:64 35
17. აინტრახტი 33 9 7 17 30:46 34
18. ზანკტ პაული 33 8 5 20 34:66 29

ბომბარდირები: 27 - გომესი (ბაიერნი); 22 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი); 15 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული